სალამურას თავგადასავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სალამურას თავგადასავალი“ — არჩილ სულაკაურის საბავშვო მოთხრობა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქონდარეთის მეფის ქონდარ XV-ის ძე ქონდარუხი სიზმარში იხილავს ციცინათელების მზეთუნახავს. გაღვიძებული, იგი ითხოვს გოგონას სასახლეში მოყვანას. მეფის ბრძანებით მეფის მეორე ვეზირის შიკრიკები ეძებენ გოგონას.

სალამურა, ჭიამაიების მწყემსი, გაიცნობს ბაიას, ციცინათელების მწყემსს. ბაიას არასოდეს უნახავს მზის ამოსვლა, ამიტომ სალამურა მას ჰპირდება, რომ უჩვენებს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ბაიას იტაცებენ ქონდარელები. სალამურა გადაწყვიტავს, ბაიას მოძებნოს და თან, ჭიამაიების გარდა, ბაიას ციცინათელებსაც წაიყოლებს.

გზად იგი მოხვდება ბაგირზე მოსიარულე ჯამბაზების ქალაქში, სადაც ბებერი და კოჭლი ჯამბაზი ალე ჰოპი გადაწყვიტავს, ბიჭუნას ოთხმაგი სალტო ასწავლოს. თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ სალამურა იძულებულია, დარჩეს ქალაქში და შეისწავლოს ჯამბაზის ხელოვნება. დიდი ტრიუმფის შემდეგ იგი ცდილობს მეგობრის, სირბილას დახმარებით გაპარვას, მაგრამ ალე ჰოპი მას იჭერს. მათ სტუმრად მიიწვევს მიდი მოადე, ბებერი მოკრივე, ალე ჰოპის ძველი მეგობარი. იგი გააგდებს ალე ჰოპს და სალამურას კრივში ავარჯიშებს. ერთ-ერთ საღამოს მთვრალი და დაღლილი მიდი მოადე იძინებს და სალამურა სახლიდან გარბის.

პოეტების ქვეყანაში ჩასული, იგი გაიცნობს ფრინტას, ქონდარეთის პირველი ვეზირის, ქონდართუხუცესის ასულს, რომელიც მამას შეყვარებულთან, პოეტ ჰილარიო ბუერასთან ერთად გაიქცა და ცხვირის ოპერაციაც გაიკეთა. აქედან იგი შეიტყობს იმის შესახებ, რომ ბაია ქონდარეთში ჰყავთ.

ბაია ამასობაში წარდგება სამეფო კარზე, სადაც უფლისწულ ქონდარუხს მასთან თამაში სურს. მას შემდეგ, რაც ასკინკილისას შემთხვევით ქონდართუხუცესის მეჭეჭებიან ცხვირს დაავლებს ხელს, ბაიას საპყრობილის ჭერში, საიდუმლო საკანში გამოკეტავენ. სალამურა მიაგნებს ქონდარეთს და პირდაპირ ქონდართუხუცესს ეწვევა. იგი სთხოვს ბაიასთან შეხვედრას, მაგრამ ვეზირი ქარბორბალას, პირად მცველს უხმობს. ამასობაში ქონდარელები უსამართლოდ დაპატიმრებულ ფეხბურთელ კვანტი დაუდეს გათავისუფლების მოთხოვნით გამოდიან. ქარბორბალა მათ ყველას სცემს, მაგრამ სალამურა, რომელმაც კრივის ხელოვნება კარგად შეისწავლა, თავად უმკლავდება პირველი ვეზირის მცველს. ბიჭუნა გარბის, მაგრამ იმეგობრებს სხვა ქონდარელებს, მათ შორის მჭედელ დაჰკა-დაჰკას.

ქონდარუხი გაოგნებულია უცნობი ბიჭუნას გამოჩენით, რომელმაც ქარბორბალაც კი დაამარცხა, ამიტომ ითხოვს ამ ბრძოლის გამეორებას. ქალაქში აკრავენ განცხადებებს და სალამურას ჰპირდებიან დასაჩუქრებას. ამასობაში სალამურა, დაჰკა-დაჰკა და ცომი ზელია, ჰილარიო ბუერას მამა, გადაწყვიტავენ, მოაწყონ დიდი სანახაობა. სალამურა „მაღრიბელი ჯამბაზის“ სახით გამოდის, იმ იმედით, რომ როგორმე შეიტყობს ბაიას ამბავს. ცომი ზელიას დამზადებული ულვაში სალტოს დროს მას სძვრება და მას შემდეგ, რაც მისი ვინაობა ნათელი ხდება, კვლავ ქარბორბალას უპირისპირებენ. ამჯერად ქარბოლა ისეა ნაცემი, რომ საკუთარ თავს ვეღარ მართავს და იწყებს ქონდართუხუცესზე დამცინავი ლექსების მოყოლას, რის შემდეგაც იჭერენ და ციხეში მიჰყავთ. სალამურასთან გამოდის თავად უფლისწული ქონდარუხი, რომელსაც მწყემსი წკიპურტს უთავაზებს და თავს კვლავ გაქცევით შველის.

ღამით სალამურა ციცინათელებს უშვებს, რომლებიც ბაიას საკანს და თავად ბაიას პოულობენ. ისინი ბრუნდებიან და სალამურას მის ადგილსამყოფელს ამცნობენ. ქონდარეთში ამასობაში დაძაბულობა მატულობს - ადგილობრივები გაღიზიანებულები არიან მეფისა და მისი ვეზირის ტირანული მართვით და აჯანყებას ამზადებენ. სალამურა საკვამურიდან ციხეში ჩადის და პოულობს ქარბორბალას, რომელსაც ქონდარელების გადმოიბირებს. როდესაც ციხის მცველი რაზა გასაღებებით ჩამოივლის, ქარბორბალა მას იჭერს და ხელიდან არ უშვებს. სალამურა იღებს გასაღებებს და პოულობს ბაიას. ამასობაში გარეთ აჯანყება მძვინვარებს და ხალხი იმარჯვებს. სალამურა ბაიას საბოლოოდ უჩვენებს მზის ამოსვლას. ისინი შინ ბრუნდებიან. წლების შემდეგ, უკვე გაზრდილები, ცდილობენ ქონდარეთის და მეგობრების პოვნას, მაგრამ ეს შეუძლებელია - ვინაიდან, როგორც ავტორი წერს, „ქონდარეთს რომ მიაგნო და ნახო, ისეთივე პატარა უნდა იყო, როგორიც ქონდრისკაცები არიან“.

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]