შინაარსზე გადასვლა

ესე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესე (ფრანგ. essai; ინგლ. essay, ცდა, ნარკვევი; ლათ. exigo, ვწონი; ქართულში პარალელური ფორმებია „ესსე“, „ესეი“, რომელთა დამკვიდრება კონსტანტინე გამსახურდიას სახელს უკავშირდება) — ლიტერატურის, ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი. ლიტერატურის, ფილოსოფიის, ესთეტიკის, მორალური, სოციალური და ნებისმიერი სხვა სფეროს პრობლემათა სუბიექტური, თავისუფალი, არათანამიმდევრული განსჯა-განხილვა. არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესე: ბელეტრისტული, ფილოსოფიური, ისტორიული, ბიოგრაფიული, ფსიქოლოგიური, სამეცნიერო და სხვ.

ჟანრული თავისებურებაა კომპოზიციური თავისუფლება, მკვეთრად გამოხატული ავტორისეული ინდივიდუალობა, სუბიექტივიზმი, საუბრის ფორმა, ზოგჯერ პოლემიკური ხასიათის თხრობა. ესე, როგორც ჟანრის აღმნიშვნელი ტერმინი, დაამკვიდრა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა მიშელ დე მონტენმა (Essais – „ცდები“, 1580). მასთან ერთად ესეს მამამთავრად ითვლება ფრენსის ბეკონი, რომელიც, თავის მხრივ, წინამორბედებად ანტიკურობის ავტორებს — პლუტარქესა და სენეკას მიიჩნევდა. XVIII საუკუნიდან ესე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია. თანამედროვე ესეისტური სტილის დამფუძნებლები არიან ფრიდრიხ შლეგელი, ჰაინრიხ ჰაინე, არტურ შოპენჰაუერი. ესე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ ეგზისტენციალისტებში.

საქართველოში ესე, როგორც ლიტერატურული ჟანრი, XX საუკუნის პირველ ორ ათწლეულში ჩამოყალიბდა. ეს პერიოდი ესეს განსაკუთრებული აღმავლობის ხანაა. ამ დროს შეიქმნა კონსტანტინე გამსახურდიას, გერონტი ქიქოძის, გრიგოლ რობაქიძის, პავლე ინგოროყვას, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, პაოლო იაშვილის, სანდრო ცირეკიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე არსენიშვილის, შალვა აფხაიძის, სანდრო შანშიაშვილის და სხვათა მეტად ესეები.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან 50-იანი წლების პირველ ნახევრამდე ესემ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. 60-იანი წლებიდან ქართულ ლიტერატურაში ჟანრი კვლავ აღორძინდა კონსტანტინე გამსახურდიას, აკაკი გაწერელიას, გურამ ასათიანის, ნოდარ ჩხეიძის, ოტია პაჭკორიას, ნოდარ დუმბაძის ესეებით. შემდგომ პერიოდში აღსანიშნავია აკაკი ბაქრაძის, თენგიზ ბუაჩიძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ემზარ კვიტაიშვილის, გივი მაღულარიას, ტარიელ ჭანტურიას, თამაზ ჭილაძისა და სხვათა ესეები.

  • 26 ესსე. ქართული ლიტერატურული ესსე. XX ს. 20-იანი წლები, მ. ხელაიას გამოც., თბ., 1986.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ესე&oldid=4691489“-დან