იუეჩჟები
იუეჩჟი (ჩინურად 月氏, 月支), იატიი (ბერძნულად) ან იადუ (ინდურად)– აღმოსავლეთირანული ენის ჩრდილოურ ქვეჯგუფზე მოლაპარაკე აღმოსავლეთ ირანელი ხალხი ცენტრალურ აზიაში. მათ კულტურული სიახლოვის გამო ზოგჯერ მოიხსენებენ აღმოსავლეთის სარმატებად.
თავდაპირველად ისინი ფლობდნენ მდინარე ტარიმის აუზის საძოვრებს, იქ, სადაც დღეს მდებარეობს სინცზიან–იუგურის ავტონომიური რეგიონი, ჰანსუ და შესაძლოა, ცილიანი ჩინეთში. ჩვ.წ. II საუკუნეში მათი ნაწილი (ქუშანები, ეფთალიტები და სხვ.) მიგრირებული იქნა ფარარუდსა და ბაქტრიაში, შემდეგ ჩრდილოეთ ინდოეთში, სადაც მათ შექმნეს ქუშანის სამეფო.
იუეჩჟები — ევროპეიდული ხალხი, რომელსაც მიეკუთვნება აღმოჩენილი ტარიმის მუმიები, რომელთა ასაკი შეადგენს 4000 წელს.
არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვაში "იუეჩჟი" თავდაპირველად პირველი იეროგლიფი იყო არა 月 (იუე), არამედ 肉 (ჟოუ), მაშინ სახელწოდება «ჟოუჩჟი» იძენს შემდეგ მნიშვნელობას: «ტომი, რომელიც იკვებება ხორცით».
პირველი საცხოვრებელი ადგილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუეჩჟების შესახებ პირველი ცნობები ძვ.წ. 645 თარიღდება. ჩინელი ავტორი გუან ჩჟუნი გუანცზის ტრაქტატში (ჩინ. 管子) აღწერს იუჩჟის ტომებს (ჩინ. 禺氏) ან ნიუჩჟი (ჩინ. 牛氏) ჩრდილო–დასავლეთში, რომლებიც ამარაგებდნენ ჩინელებს ნახევრად ძვირფასი მინერალით – ნეფრიტით განსუში მდებარე უახლესი მთებიდან. ტარიმის აუზიდან ჩინეთში ნეფრიტის მიწოდება არქეოლოგების მიერ უკვე კარგად შესწავლილია.
იუჩჟების შესახებ დაწვრილებით არის მოთხრობილი ძვ.წ. II ს. ჩინურ ისტორიულ დოკუმენტებში. სიმა ცინის "ისტორიულ ჩანაწერებში", 123–ე თავში საუბარია იმაზე, რომ იუეჩჟები თავდაპირველად ცხოვრობდნენ ცილიანში, ტიან-შანისა და დუნხუანის მთებს შორის, რაც ზუსტად შეესაბამება ტარიმის აუზის აღმოსავლეთს და განსუს ჩრდილოეთს.
მონეტებზე გამოსახული მეფეთა პორტრეტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იუეჩჟები ევროპეიდული რასის ხალხია, თუმცა არ შემონახულა ჩანაწერები უშუალოდ მმართველებზე და არ არსებობს გარანტია პორტრეტებზე ასახული მათი სახეები რამდენად ზუსტია. შემონახულია მხოლოდ მათ მემკვიდრეთა სახელები ქუშანი და ეფთალიტი, რომლებიც შეიჭრნენ აზიის სამხრეთ საზღვრებში. ჩინური აღწერილობების თანახმად, იუეჩჟები ყოფილან თეთრი სახის გრძელთმიანი ადამიანები.
ასევე, ჩინური წყაროების თანახმად, იმპერატორ ცინ შიხუანდის მმართველობის დროს იუეჩჟების სამეფო ჰყვაოდა. ამასთან, ის მუდმივად მტრობდა ჩრდილო–აღმოსავლეთში მცხოვრებ ჰუნებს.
გამოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუეჩჟებს ჰქონდათ ჰუნებითან ტყვეების გაცვლის ტრადიცია. თუმცა მდგომარეობა შეიცვალა მოდეს მიმართ. მოდე იყო (ჩინ. 冒頓) ჰუნების ბელადის შანიუია ტოუმანიას უფროსი, მაგრამ საძულველი ვაჟიშვილი. იმ დროს, როდესაც იუეჩჟები ემზადებოდნენ მის მამაზე თავდასასხმელად, მოდემ მოიპარა ცხენი , გაიპარა, მოკლა მამამისი და თავად ჩაუდგა სათავეში ჰუნებს.
ძვ.წ. 177 წლისათვის ჰუნები შეიჭრნენ განსუში, იუეჩჟების მიწებზე. პარალელურად, მოდემ მიავლინა ელჩობა ხანის დინასტიის სასახლეში და აუწყა მეფეს იუეჩჟების მიერ მისი ვაჟიშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია და რომ მოკლულის თავის ქალისგან იუეჩჟებმა გააკეთეს სასმისი. სავარაუდოდ, ეს მას სჭირდებოდა იუეჩჟების წინააღმდეგ სამხედრო მოკავშირის მოსაძიებლად.
ჩინური გადმოცემების თანახმად, იუეჩჟების დიდი ნაწილი მოექცა ჰუნების ბატონობის ქვეშ. სავარაუდოდ, სწორედ ესენი გახდნენ მომავალი სამეფოს დამაარსებლები. ხოლო მეორე, უფრო მცირე ნაწილი გადავიდა სამხრეთში, ტიბეტის გავლით. მათ მიიღეს სახელწოდება „მცირე იუეჟები“. ხანის დინასტიის ისტორიის თანახმად, გადარჩა მხოლოდ 150 ოჯახი.
მოგვიანებით იუეჩჟების დიდმა ჯგუფმა მოახერხა გაქცევა ტარიმის აუზიდან და განსუდან ჩრდილო–დასავლეთით. თავდაპირველად ისინი დასახლდნენ მდინარე ილის ხეობაში ტიან-შანის მთების ჩრდილოეთით, სადაც მათ შეტევა მიიტანეს საის ტომებზე (სკვითებზე ან საკებზე). საის ტომები თანდათანობით გადასახლდნენ ქაშმირის ტერიტორიაზე და მოგვიანებით შექმნეს ინდო-სკვითების სამეფო.
ძვ.წ. 155 წლისათვის უსუნის ტომები ჰუნებთან ერთად თავს დაესხნენ იუეჩჟებს და აიძულეს კიდევ უფრო სამხრეთით გადაენაცვლათ. იუეჩჟებმა გადაკვეთეს დავანაში (ფერღანა) დასახლებული ცივილიზაცია და დამკვიდრდნენ მდინარე ოქსის ჩრდილოეთ სანაპიროზე ფარარუდის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს თანამედროვე უზბეკეთი და ტაჯიკეთი, ბერძნულ–ბაქტრიული სამეფოს ჩრდილოეთით, რომელიც განადგურებულ იქნა ძვ.წ. 145 მათი თავდასხმების შედეგად.
დასახლება ფარარუდში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 126 წ. ჩინეთის საელჩო ჩჟან ციანის ხელმძღვანელობით ეწვია იუეჩჟის სახელმწიფოს, რათა ორგანიზება გაეკეთებინა ჰუნების წინააღმდეგ კოალიციის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ იუეჩჟის უფლისწულმა უარყო ეს კავშირი, ჩჟან ციანმა შეაგროვა უამრავი საინტერესო ცნობა შუა აზიის მდგომარეობის შესახებ, რაც შემდგომ აისახა სიმა ციანის ისტორიულ ჩანაწერებში (შიცზი).
ჩჟან ციანმა იუეჩჟებში გაატარა ერთი წელიწადი. მისი ცნობების თანახმად, იუეჩჟები ამუშავებდნენ მიწას ფერგანიდან დასავლეთით, დაახლოებით 2000 კმ–ის მოშორებით და ამუდარიის ჩრდილოეთით (ოქსუსში). მათი მეზობლები სამხრეთში იყვნენ სახელმწიფოები დასია (ბაქტრია) და ანსია (პართია), ხოლო ჩრდილოეთში კანცზუი (სოგდიანა). იუეჩჟები იყვნენ მესაქონლე ტომები, ხშირად გადაადგილდებოდნენ ადგილიდან ადგილზე საქონელთან ერთად. მათი ტრადიციები ძალიან წააგავდა ჰუნების ტრადიციებს. მათი არმია შეადგენდა 100–დან 200–მდე მეისრეს. ისინი ამ დროისათვის უკვე განიცდიდნენ ბერძნული კულტურის დიდ გავლენას.
ბაქტრიაში შეჭრა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ.წ. 124 წ. იუეჩჟებმა დაიწყეს ომი პართიის წინააღმდეგ, რომლის დროსაც დაიჭრა და ამ ჭრილობებისგან გარდაიცვალა პართიის მეფე არტაბან I.
მოგვიანებით, სავარაუდოდ არტაბანის ვაჟს მითრიდატე II–ის ზეწოლით იუეჩჟებმა (კუშანებმა) გადაინაცვლეს სამხრეთით ბაქტრიაში, ძვ. წ. 330 წელს ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ ამ ოლქს კიდევ 200 წელი მართავდა ელინისტური ცივილიზაცია (სელევკიდები, ბერძნულ–ბაქტრიული სამეფო).
ამის შესახებ გვიამბობს ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი, რომელიც გადმოგვცემს, რომ სკვითებმა, და ტოხარებმა (წმინდა ტოხარებმა), ასიანებთან, პასიანებთან და საკარაულიებთან ერთად გაანადგურეს ბერძნულ–ბაქტრიული სამეფო ძვ. წ. II ს.
ქუშანის სამეფოს დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუეჩჟების ნაწილი, რომელიც საუბრობდა ხორეზმული და სოგდიანური ენების მონათესავე იუეჩჟის დიალექტებზე, შეიჭრნენ ბაქტრიის საზღვრებში და თავიანთი მეფის ჰერაის წინამძღოლობით დააარსეს ქუშანის სამეფო. მეფე კანიშკას დროს ისინი სახელმწიფო რელიგიად იღებენ ბუდიზმს, რომელიც მოგვიანებით მათი სახელმწიფო ერთიანობის საფუძველი გახდა. საბოლოოდ ეფთალიტებმა გაანადგურეს ქუშანი. მიუხედავად ამისა ქუშანების ტრადიციები კვლავ გრძელდებოდა. საბოლოოდ, მათ არაბებმა მოუღეს ბოლო.
იუეჩჟის მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუეჩჟების სამეფო
- ლინგვისტური ანალიზი
- იუეჩჟი
- იუეჩჟების მიგრაცია
- იუეჩჟების მიგრაცია აღმოსავლეთ აზიაში
- იუეჩჟიზე თარგმანები დაარქივებული 2004-04-04 საიტზე Wayback Machine.
- ლ. ბოროვკოვა. დასავლეთის მხარის სამეფო დაარქივებული 2011-03-18 საიტზე Wayback Machine.
- საპადბიზეს მონეტები დაარქივებული 2005-02-09 საიტზე Wayback Machine.