იმჰოტეპი
იმჰოტეპი – ჩვ. წ.-მდე XXVIII საუკუნის ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი. მან შექმნა ფარაონ ჯოსერის სამარხის კომპლექსი, რომელიც აღმართულია საკარაში — ძველი მემფისის ისტორიულ ნეკროპოლში. იყო წარჩინებული მოხელე — ყველა სამშენებლო სამუშაოს ხელმძღვანელი და ჯოსერის სამეფო კარის არქიტექტორი. იმჰოტეპს ეკუთვნის საკარაში საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობის იდეა. მანვე შეადგინა პროექტი და მშენებლობასაც თავად ხელმძღვანელობდა (ჩვ. წ.-მდე 2630 წ.). აკლდამის გარშემო განლაგებული იყო 10 მ სიმაღლის გალავნით შემოზღუდული სასაფლაოებისა და ტაძრების მთელი კომპლექსი, სადაც დაკრძალვის ცერემონიალები ტარდებოდა. იმჰოტეპი დოკუმენტებში იხსენიება, როგორც განთქმული ბრძენი, სწავლული, ასტრონომი და გამოჩენილი მედიკოსი, რომელსაც ბერძნების მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსთან აიგივებდნენ. იმჰოტეპს - ხუროთმოძღვარს, ინჟინერს, მწერალს, კანცელარისტს - ნიჭიერებამ და წარმატებებმა თანამემამულეებს შორის დიდება მოუხვეჭა: იგი მცირე ღვთაებათა რანგში აიყვანეს და მის პატივსაცემად გარდაცვალებიდან ასწლეულების შემდეგაც ტაძრებს აგებდნენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/imhotep.shtml
- http://www.nbufront.org/html/MastersMuseums/JHClarke/HistoricalPersonalities/hp2.html დაარქივებული 2009-02-26 საიტზე Wayback Machine.
- http://touregypt.net/featurestories/imhotep.htm
|