შინაარსზე გადასვლა

იერვანდ I

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერვანდ I
Երուանդ Ա
ფაილი:Orontes II.jpg
ძვ. წ. 362 წლით დათარიღებული ოქროს მონეტა, რომელზე იერვან I არის გამოსახული.
სოფენესა და მატიენეს სატრაპი
კორონაცია: ძვ. წ. 401
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 401
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 344
წინამორბედი: არტაშირი
მემკვიდრე: დარიოს III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. IV საუკუნე
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 344
გარდ. ადგილი: იონია
მეუღლე: როდოგუნი
შვილები: იერვანდ II
სრული სახელი: იერვანდ ერვანდუნი
დინასტია: ერვანდუნები
მამა: არტაშირ ერვანდუნი
რელიგია: კერპთთაყვანისმცემლობა

იერვანდ I (სომხ. Երուանդ Ա) — სომეხი დიდგვაროვანი ერვანდუნების დინასტიიდან, რომელიც სოფენესა და მატიენეს სატრაპი იყო, ძვ. წ. 401 წლიდან ძვ. წ. 344 წლამდე. მისი სახელის სპარსული ვერსია იყო აურუანდი რაც ავესტური ენიდან ითარგმნება, როგორც „დიდი მეომარი“. სავარაუდოდ ეს იყო სპეციალური ტიტული, რომელსაც სპარსეთის მეფე (შაჰი) გადასცემდა გამორჩეულ (გამოჩენილ) სომეხ კაცებს, მოგვიანებით ის მემკვიდრეობითად იქცა, იმ ოჯახებისთვის, რომელთა წარმომადგენლებსაც შაჰისგან ჰქონდა ნაბოძები ეს ტიტული.

ბეძნული წყაროების მიხედვით (ჰეროდოტესა და სტრაბონის წყაროები) იერვანდი იყო სოფენესა და მატიენეს (მითანის) სატრაპი.[1] იერვანდ I-ს დაახლოებით 3 000 ვერცხლის ტალანტი ჰქონდა. იერვანდს სატრაპიები სამართავად ძვ. წ. 401 წელს კუნაქსეს ბრძოლის შემდეგ გადაეცა, სადაც იერვანდი მხარს არტაქსერქსე II-ს უჭერდა, რომელიც საკუთარ ძმას კიროს ახალგაზრდას ებრძოდა, კიროსმა აჯანყება მოაწყო, არტაქსერქსეს ტახტიდან ჩამოდგების მიზნით, თუმცა მისი აჯანყება წარუმატებელი აღმოჩნდა. იერვანდ I სავარაუდოდ სატრაპიებს ქალაქ არმავირიდან მართავდა, სომხეთის წინამორბედი სატრაპების მსგავსად, პართიის, ჰირკანიის, მიდიის, სოფენესა და მატიენეს სატრაპი ჰიდარნესიც სწორედ არმავირიდან მართავდა სატრაპიებს. იერვანდმა ასევე არტაქსერქსე II-სა და მისი ერთ-ერთი ხარჭის ქალიშვილზე როდოგუნიზე იქორწინა. მოგვიანებითი ცნობები იერვანდზე ძვ. წ. 381 წლით თარიღდება, რა დროსაც ის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობდა, რომელიც მიზნად ისახავდა კვიპროსის დაპყრობას და მეამბოხე მეფის ევაგორას I-ის დამარცხებას. სამხედრო კამპანიის დროს იერვანდი სახმელეთო ჯარებს მეთაურობდა, საზღვაო ფლოტს კი ტირიბაზუსი. მათ შეძლეს და ქალაქი სალამინი ალყაში მოაქციეს, თუმცა მოგვიანებით იერვანდმა მეფე არტაქსერქსე II-სთან ტირიბაზუსის გადაყენება მოითხოვა. ამის შემდეგ, საქმე სამმა წარჩინებულმა სპარსმა მოსამართლემ განიხილა, რომელთაც იერვანდი დამნაშავედ სცნეს.

ძვ. წ. 362 წელს ანატოლიაში დიდი აჯანყება დაიწყო, რომელსაც კაპადოკიის სატრაპი, დატამესი მეთაურბობდა (სატრაპების აჯანყება). ზოგიერთი წყაროს თანახმად მეამბოხეთა მიერ სწორედ იერვანდი იქნა არჩეული მათ ლიდერად. თუმცა იერვანდი არტაქსერქსეს ერთგული დარჩა და მას აჯანყების ჩახშობაშიც დაეხმარა. როგორც ჩანს, მას ერთდროულად ანატოლიისა და სომხეთის მართვა სურდა. მან აიღო ქალაქი პერგამონი და ათენში ქრთამის სახით ფული გაუგზავნა, სადაც ოფიციალურად დაიწერა განკარგულება, რომლითაც იერვანდი მოკავშირედ მიიჩნეოდა. როგორც ცნობილია, მას საკმარი სახსრები გააჩნდა ამგვარი შეთქმულებებისთვის, წყაროების მიხედვით მისი ქონება 3 000 ვერცხლის ტალანტისაგან შედგებოდა.

ძვ. წ. 355 წელს იერვანდი აქემენიანთა იმპერიის ახალი მეფის არტაქსერქსე III-ის წინააღმდეგ აჯანყდა. იმ დროისთვის მას ჯერ კიდევ ჰქონდა მმართველობაში დასავლეთ ანატოლიის ნაწილები, იბრძოდა დასკილეონის სატრაპის წინააღმდეგ. მან იონიაში მონეტაც მოაჭრევინა საკუთარი გამოსახულებით, ერთ-ერთი მონეტა ინახება პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. იერვანდმა პერგამონი მეფეს დაუბრუნა და მალევე გარდაიცვალა კიდეც.

კომაგენეს სამეფოს მეფეები თავს იერვანდისა და დარიოს I-ის შთამომავლებად აცხადებდნენ, იერვანდის როდოგუნისთან ქორწინების გამო. როდოგუნი არტაქსერქსე II-ის ქალიშვილი იყო და დარიოს I მის წინაპრად ითვლებოდა.[2][3]

ზოგიერთ ბერძნულ წყაროში ერვანდს მოიხსენიებდნენ, როგორც "ბაქტრიელს", რადგანაც მისი მამა არტაშირი (არტაქსერქსე) მეფე არტაქსერქსე II-ის დროს ბაქტრიის სატრაპი იყო. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც არტაშირი და არტაქსერქსე II ერთი და იგივე პიროვნება იყო. ცნობილია, რომ არტაქსერქსე II-ს შვიდი შვილი ჰყავდა, რომელთა სახელებიც ცნობილია და თერთმეტი შვილი, რომელთა სახელებიც ისტორიისთვის დღემდე უცნობია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქემენიანთა იმპერიის დროს ბაქტრიას ტახტის მემკვიდრე (მომავალი მეფე) მართავდა.

ქსენოფონტის ანაბასისში ნახსენებია, რომ რეგიონი მდინარე კენტრიტის (დღევანდელი მურატი) მახლობლად იყო არტაქსერქსე II-ის ქვეშევრდომის, სომხეთის სატრაპის დაქვემდებარებაში, სატრაპის რომელიც იყო არტაშირ ერვანდუნის ვაჟი და სახელად ერქვა იერვანდი. ქსენოფონტი ასევე ამბობს, რომ მას ჰყავდა ვაჟი სახელად ტიგრანი. სახელმწიფო მმართველობა იერვანდის შემდეგ დარიოს III-მ განაგრძო, კოდომანის შემდეგ კი ამ სატრაპიებს იერვანდ II მართავდა. არსებობს ვარაუდი, რომ იერვანდ II და ტიგრანი ერთი და იგივე პიროვნება იყო, რომელმაც სახელი ერვანდი დაირქვა ან იერვანდი და ტიგრანი ძმები იყვნენ, დღეისათვის უცნობია, თუ რომელი ვერსიაა ჭეშმარიტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Petrie, Flinders. Mitannian (Armenian) origin
  2. Cook, J.M. (1993). The Persian Empire, [Repr.], New York: Barns & Noble Books, გვ. 170, 173, 193, 212, 213, 216, 217, 221–223, 257, 263. ISBN 1-56619-115-7. 
  3. The Armenian People from Ancient to Modern Times - 2 Vols., Richard G. Hovannisian, St. Martin's Press, New York, 1997