იაპონიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონიის გეოგრაფია

იაპონიის სატელიტური ფოტოსურათი
კონტინენტი აზია
რეგიონი აღმოსავლეთი აზია
კოორდინატები ჩ. გ. 35.0000° ა. გ. 136.0000°
ფართობი რეიტინგი 61
 • სულ [convert: invalid number]
 • ხმელეთი 87,93%
 • წყალი 12,07%
სანაპირო ხაზი [convert: invalid number]
საზღვარი არ აქვს
უმაღლესი წერტილი ფუძიამა
უდაბლესი ადგილი ჰატიროგატა
უგრძესი მდინარე სინანო
უდიდესი ტბა ბივა
კლიმატი სუბტროპიკულ-მუსონური
რელიეფი მთიანი

იაპონია — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. იაპონიის ფართობია 377 915 კმ², რომელთაგან 374 744 კმ² ხმელეთზე მოდის, ხოლო 3091 კმ² — წყლის სივრცეზე. იაპონია განლაგებულია დიდ სტრატოვულკანურ არქიპელაგში, რომელიც მდებარეობს აზიის წყნაროკეანურ სანაპიროზე. არქიპელაგის ძირითადი კუნძულებია: ჰოკაიდო, ჰონსიუ, სიკოკუ და კიუსიუ. მნიშვნელოვანია აგრეთვე კუნძულები: რიუკიუ და ოგასავარა. სულ ქვეყნის შემადგენლობაშია დაახლოებით 3000 პატარა კუნძული. იაპონიას სახმელეთო საზღვრები არ გააჩნია, სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვრის წყნარი ოკეანე, ჩრდილო-დასავლეთით იაპონიის ზღვა, სამხრეთ-დასავლეთით აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით ოხოტის ზღვა.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები, რომელზედაც იაპონიაა განლაგებული, წარმოადგენს კუნძულთა რკალის ნაწილს, რომელიც შედის წყნარი ოკეანის გეოსინკლინურ სარტყელში, რომლისთვისაც დამახასიათებელია თანამედროვე მთათწარმოშობის პროცესები, მაღალი სეიუსმურობა და ვულკანური აქტივობა. იაპონიაში არის 50-ზე მეტი მოქმედი ვულკანია, ხოლო ყოველწლიურად ხდება 1000-ზე მეტი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისქვეშა ბიძგი.[1]

ქვეყნის ტერიტორიის 3/4 უკავია მთებს, ბორცვებს, ლავურ და კარსტულ პლატოებს და მხოლოდ 22 % მოდის დაბლობებსა და ვაკეებზე, მთათაშორისი ქვაბულებისა და ხეობების ჩათვლით. მთები იაპონიაში დაბალი და საშუალომთიანია; ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 10 %-ია ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლა, ხოლო 0,5 % ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა ვრცელდება. მთებისა და ბორცვებისათვის დამახასიათებელია დიდწილად ნაზი რელიეფი, მხოლოდ ცალკეული მწვერვალები და ვულკანური კონუსები გამოირჩევა ალპური რელიეფით. მთლიანობაში ქედების მიმართულება დაახლოებით შეესაბამება იაპონიის კუნძულების განფენილობას, ესე იგი ჩრდილო-აღმოსავლეთურსა და სამხრეთ-დასავლეთურს.[1]

კუნძულ ჰოკაიდოზე არის ორი ურთიერთგადამკვეთი მთათა სისტემა. ერთ-ერთი მათგანი ნაოჭაა (ტესიოს მთები, ჰიდაკის ქედი, კიტამის მთები), რომელიც თითქმის მერიდიანული მიმართულებითაა გადაჭიმული და რომელიც წარმოადგენს სახალინის მთების გაგრძელებას. მეორე — ვულკანურია, რომელიც კურილის კუნძულების გაგრძელებას წარმოადგენს და გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ ოსამის ნახევარკუნძულთან. ამ ორი სისტემის კვეთის ადგილას განლაგებულია ჰოკაიდოზე მდებარე ყველაზე მაღალი ისიკარის მთები ჩამქრალ ვულკან ასაჰისთან (2290 მ) და მოქმედ ვულკან ტოკატისთან (2077 მ) ერთად.[1]

კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო ნაწილში სამი პარალელური მთათა ჯაჭვია. ყველაზე დასავლეთითაა დევის მთები (უმაღლესი წერტილია ვულკანი ტიოკაი, 2236 მ) და ცენტრალური — ოუს ქედი (ვულკანი ივატსი, 2041 მ). სამხრეთით ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში დევის მთების გაგრძელებას ეტიგოს ქედი და ვულკანური პლატო წარმოადგენს, ხოლო ოუს ქედის გაგრძელებას ასიოს მთები. კიტაკამის მთების გაგრძელებაა აბუკუმის დაბალი მთები.[1]

ყველაზე მაღალი მთის მასივები განლაგებულია კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. კანტოს მთები აღწევენ თითქმის 2900 მ სიმაღლეს. მათგან დასავლეთით გადაჭიმულია აკაისის ნაოჭა ქედი (უმაღლესი წერტილი — ვულკანი სირანე, 3192 მ), ბელტური კისოს ქედი (მთა კომაგატაკე, 2958 მ) და ბელტურ-ვულკანური ქედი ხიდო (მთა იარიგატაკე, 3190 მ, ჩამქრალი ვულკანი ონტაკე, 3063 მ); ამ რაიონს იაპონიის ალპებს უწოდებენ, რამეთუ ქედების თხემები დაკბილულია და აქვთ ძველი გამყინვარების კვლები. კანტოს მთების სამხრეთით წყნარი ოკეანის სიახლოვეს ცალკეული მასივის სახით აღმართულია იაპონიის უმაღლესი წერტილი — ვულკანი ფუძიამა (3776 მ), რომელიც უკანასკნელად 1708 წელს ამოიფრქვა. ფუძიამა თოვლისგან წელიწადში მხოლოდ ორი თვის განმავლობაშია გათავისუფლებული. ხიდის ქედის დასავლეთით კუნძულ ჰონსიუს ცენტრალური ნაწილი სრულდება რიოჰაკუს მთებით, რომელზედაც აღმართულია მოქმედი ვულკანი ჰაკუსანი (2702 მ).[1]

კუნძულ ჰონსიუს დასავლეთი ნაწილი დაკავებულია დაბალი ნაოჭა-ბელტური ტიუგოკუს მთებით. ამ მთების უმაღლესი წერტილია ჩამქრალი ვულკანი დაისენი (1729 მ); ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოქმედი ვულკანები არ არის. კიის საშუალომთიანი ნაოჭა მთები აკაისის ქედის გაგრძელებაა, რომელიც თავის მხრივ, გრძელდება სიკოკუს მთებით. კუნძული სიკოკუ იაპონიის ოთხი დიდი კუნძულიდან ერთადერთია, რომელზედაც არ არის არც მოქმედი და არც ჩამქრალი ვულკანი.[1]

კუნძული კიუსიუ ისევე როგორც სიკოკუ, ჰონსიუსგან გამოყოფილია იაპონიის შიგა ზღვის ტექტონიკური დადაბლებით. კიუსიუს ჩრდილოეთით განლაგებულია დაბალი ბელტური ცუკუსის მთები, — ტიუგოკუს მთების გაგრძელება, ხოლო კუნძულის ცენტრალურ ნაწილში საშუალომთიანი ნაოჭა კიუსიუს მთები, — სიკოკუს მთების გაგრძელება. ამ ორ სისტემას შორის გადაჭიმულია ვულკანური მასივების ჯაჭვი, რომელთა შორისაა ვულკანი კუძიუ (1788 მ) — კუნძულის უმაღლესი წერტილი და ვულკანი ასო (1592 მ) — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვუკლანი.[1]

იაპონიაში არსებული ვაკეები არ გამოირჩევა დიდი ზომებით და განლაგებულია ცალკეული მონაკვეთების სახით საზღვაო სანაპიროს გასწვრივ. ვაკეები ძირითადად აგებულია მდინარეული ნაყარებით. იაპონიის უდიდესი ვაკეა კანტო, რომელიც განლაგებულია კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობია დაახლოებით 13 ათასი კმ². იაპონიის სხვა ვაკეები მასზე რამდენიმეჯერ პატარაა. ყველაზე მნიშვნელოვანია: ნობი, ეტიგო და სენდაი (ჰონსიუ), ისიკარი და ტოკატი (ჰოკაიდო), ცუკუსი (კიუსიუ). კიდევ უფრო პატარაა მთათაშორისი ქვაბულები.[1]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონია სამ კლიმატურ ზონაშია მოქცეული: ზომიერში, სუბტროპიკულსა და ტროპიკულში. ჰავა ტერიტორიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულ-მუსონურია, ჩრდილოეთით ზომიერი, სამხრეთით პატარ-პატარა კუნძულებზე — ტროპიკული. ზამთრის ტემპერატურა ჩრდილოეთით 0 °C-ზე დაბალია, ტერიტორიის დიდ ნაწილში 4-5 °C, ზაფხულისა, შესაბამისად, 16-17 °C და 20 °C-ზე მეტი. ატმოსფერული ნალექები ჩრდილოეთით 1500 მმ-მდეა წელიწადში, დანარჩენ ტერიტორიაზე 3000 მმ-მდე.[1]

ჰიდროგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეები მოკლე და წყალუხვია. დიდი მდინარეებია სინანო და ისიკარი. ტბები ორი ტიპისაა — ლაგუნური და ტექტონიკურ-ვულკანური. ლაგუნური ტბებიდან უდიდესია კასუმიგაურა, ხოლო ტექტონიკურ-ვულკანური ტბებიდან ტბა ბივა, რომელიც საერთოდ, ფართობით იაპონიის უდიდესი ტბაა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]