თენგიზ ირემაძე
![]() |
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. ინფორმაცია დაფუძნებული უნდა იყოს დამოუკიდებელ მეორეულ წყაროებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს მისი ნეიტრალურობა და ცნობადობა, რის შედეგადაც შეიძლება სტატია წაიშალოს. თქვენ შეგიძლიათ მეორეული წყაროების დამატებით გააუმჯობესოთ სტატია. |
![]() |
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. გთხოვთ იხილოთ დისკუსია განხილვის გვერდზე. გთხოვთ ნუ ამოიღებთ ამ შეტყობინებას კამათის გადაჭრამდე. |
თენგიზ ირემაძე | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 9 მარტი, 1973[1] (50 წლის) |
დაბ. ადგილი | სოხუმი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ფილოსოფია |
მუშაობის ადგილი | გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ახალი საქართველოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი |
თენგიზ ირემაძე (დ. 9 მარტი, 1973, სოხუმი, საქართველო) — ქართველი ფილოსოფოსი. მისი კვლევის ძირითად სფეროებს განეკუთვნება: ცნობიერების ფილოსოფია (აზროვნების ანუ ინტელექტის თეორია), ომისა და მშვიდობის ფილოსოფია, ტერორის სოციოლოგია, მედიის სოციოლოგია და ფილოსოფიური ურბანისტიკა, როგორც ახალი ფილოსოფიური დისციპლინა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შუა საუკუნეების, ახალი დროისა და თანამედროვე ეპოქის ქართულ და ევროპულ ფილოსოფიებზე. ამჟამად თენგიზ ირემაძე კავკასიური ფილოსოფიის ისტორიულ და სისტემურ ანალიზს აწარმოებს. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ენებზე. თენგიზ ირემაძე ცნობილი გახდა თავისი შრომებით, რომლებიც ეძღვნებოდა ანტიკურ ფილოსოფიასა (პითაგორა, პლატონი, არისტოტელე) და გვიანანტიკურ პერიოდს (პროკლე), ასევე, შუა საუკუნეების ქართულ და ლათინურენოვანი დასავლეთის ქრისტიანულ აზროვნებას (იოანე პეტრიწი, დიტრიხ ფრაიბერგელი, ბერთოლდ მოსბურგელი). მისი შრომები ფრიდრიხ ნიცშესა (2006 წ.) და ვალტერ ბენიამინის (2008 წ.) შესახებ, რომლებიც ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში სანიმუშო აკადემიურ გამოკვლევებად ითვლება. ნიცშეს ფილოსოფიას თენგიზ ირემაძემ არაერთი გამოკვლევა მიუძღვნა, რომლებიც სხვადასხვა ენებზეა გამოქვეყნებული. გარდა ამისა, მან ქართულ ენაზე თარგმნა გ. ვ. ლაიბნიცის, ვ. ბენიამინის, ჰ. ბლუმენბერგის, ა. გლუკსმანის მცირე ნაწარმოებები და ე. მაისტერის ლექსები. მისი რედაქტორობით ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ფრიდრიხ ნიცშეს, ალექსის დე ტოკვილის, თომას პეინის, ბენჯამინ ფრანკლინის, ტომას ჯეფერსონის, ჯეიმზ უილსონის, ბენჯამინ რაშის, ჯონ დიუის, ანრი ბერგსონის, კარლ შმიტის, ლეო შტრაუსის, ჰანა არენდტის, ნიკლას ლუმანის და სხვ. შრომები.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1993-1998 წლებში თენგიზ ირემაძე სწავლობდა ფილოსოფიასა და სოციოლოგიას ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის აკადემიურ მასწავლებელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი გურამ თევზაძე. თავის სადიპლომო ნაშრომში თენგიზ ირემაძემ ნიცშეს „ ესე იტყოდა ზარატუსტრას“ ახალი ინტერპრეტაცია გადმოსცა და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნიცშეს ქართულ კვლევებში.[2] 2003 წელს, ბოხუმის რურის უნივერსიტეტში, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, პროფ. ბურკჰარდ მოიზიშის (1944–2015) ხელმძღვანელობით, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში. პროკლეს ფილოსოფიის რეცეფცია შუა საუკუნეების გერმანულ და ქართულ აზროვნებაში: დიტრიხ ფრაიბერგელი — ბერთოლდ მოსბურგელი — იოანე პეტრიწი“. მისი სადოქტორო ნაშრომის მთავარ დამსახურებად უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ნეოპლატონიზმის თეორიული კონცეპტების ორიგინალურ ფილოსოფიურ კვლევას, რაც გამოიხატა ამ მემკვიდრეობის ტიპოლოგიურ-სისტემური ინტერპრეტაციის ახალი, ინტერკულტურული მოდელის შემუშავებაში. ფილოსოფიის ისტორიული კვლევის ამ ინტერკულტურულმა მოდელმა დარგის არაერთი ცნობილი წარმომადგენლის საგანგებო ყურადღება მიიქცია.
2007 წლიდან თენგიზ ირემაძე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) პროფესორი ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ამავე უნივერსიტეტში. 2015 წელს იგი გახდა ფილოსოფიის პროფესორი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში (ფოთი, საქართველო). აქვე იგი ხელმძღვანელობს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივს. თენგიზ ირემაძე არის არაერთი ფილოსოფიური სერიის მთავარი რედაქტორი და გამომცემელი საქართველოსა და ევროპაში. 2014 წლიდან იგი, გერმანელ ფილოსოფოსებთან, უდო რაინჰოლდ იეკთან და ჰელმუტ შნაიდერთან ერთად, გამოსცემს სამეცნიერო სერიას „ფილოსოფია და სოციალური თეორია“ (ბერლინი, გამომცემლობა „ლოგოსი“).[3]
ფილოსოფიური კვლევის მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილოსოფიის ისტორიის ინტერკულტურული კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯერ კიდევ თავის სადოქტორო ნაშრომში (2003) თენგიზ ირემაძემ საგანგებო ყურადღება გაამახვილა ინტერკულტურული ფილოსოფიის ცნებაზე. აღნიშნულ ნაშრომში მან არა მხოლოდ გააანალიზა გვიანდელი ანტიკურობის გამოჩენილი ფილოსოფოსის პროკლეს ერთ-ერთი ცენტრალური კონცეპტის (აზროვნების თეორია) რეცეფციის ისტორია შუა საუკუნეების ლათინურენოვან დასავლეთში, არამედ თავის კვლევაში ჩართო „თეოლოგიის საწყისებთან“ დაკავშირებული ძველი ქართული ტექსტებიც (პროკლეს ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის იოანე პეტრიწისეული თარგმანი და მისი კომენტარი). აქ ინტერკულტურული შედარების შესაძლებლობა განსაკუთრებით საინტერესო პერსპექტივას ქმნიდა, რადგან განვითარების ორივე ხაზი (დასავლეთ ევროპული და ქართული) დამოუკიდებლად არსებობდა და მათ შეხების საერთო წერტილი არ ჰქონიათ. საერთო იყო ის, რომ ორივე მათგანი ერთ გვიანანტიკურ ავტორს (პროკლეს) ემყარებოდა. თენგიზ ირემაძემ ნათლად გააცნობიერა, რომ სწორედ აქ, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ენობრივი კულტურების წიაღში, შესაძლებელი იყო პროკლეს ფილოსოფიის რეცეფციის ამ საინტერესო ეპიზოდში არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების ოპტიმალური კვლევა. შესაბამისად, მის დისერტაციაში მხოლოდ პროკლეს ფილოსოფიის რეცეფციის ისტორია როდია გადმოცემული. თენგიზ ირემაძემ კომპლექსურად განიხილა განსხვავებული ინტერპრეტაციული მიდგომები პროკლეს ფილოსოფიის მიმართ და ამით ამ ინტერკულტურული კვლევის სფეროს საფუძვლები შექმნა. სწორედ ეს გამოარჩევს მის შრომას იმ მრავალრიცხოვანი შრომებიდან, რომლებიც იოანე პეტრიწს, დიტრიხ ფრაიბერგელსა და ბერთოლდ მოსბურგელს ეხება.[4]
კავკასიური ფილოსოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კვლევის აღნიშნული მიმართულება თენგიზ ირემაძემ ახლებურად და ნაყოფიერად განავითარა თავის ნაშრომში „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“ (2013), რომელშიც „გზაგასაყარის“ ცნებაზე დაყრდნობით მან ახალი ფილოსოფიური კონცეპტი შემოიტანა. აღნიშნულ ნაშრომში თენგიზ ირემაძემ ერთმანეთს დაუკავშირა ისტორიული გამოკვლევები და სისტემური ანალიზი და „კავკასიური ფილოსოფიის“ მეთოდოლოგიური წანამძღვრები და საფუძვლები ჩამოაყალიბა. მან პირველმა განიხილა კავკასიური აზროვნება როგორც მთლიანობა და, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილა იმ მოაზროვნეებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს კავკასიის ქვეყნებს შორის ნაყოფიერი ფილოსოფიური ურთიერთობების განვითარებას. შინაარსობრივად ამ ნაშრომში სამი ნაწილი გამოიყოფა: შესავალ განაზრებებში თენგიზ ირემაძე აყალიბებს მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და განსხვავებული პერსპექტივებიდან განიხილავს „გზაგასაყარის“ საკვანძო ცნებას. ნაშრომის პირველ ნაწილში მოცემულია „გზაგასაყარის“ ფენომენოლოგია ინტერკულტურული აზროვნების მნიშვნელოვანი პერსპექტივებიდან.
„[გზაგასაყარი] ის ტოპოსია, რომელიც განსხვავებული კულტურების, შეხედულებებისა და მსოფლმხედველობების შეყრისა და გაყრის ადგილად შეიძლება გავიგოთ. [...] ეს ის ამოსავალი წერტილია, სადაც იგივესა და სხვის მარადიული შეყრა და გაყრა, მაშასადამე, მათი ნამდვილი შეხვედრა ხდება. გზაგასაყარი ინტერკულტურული დიალოგის აღმნიშვნელ კონცეპტადაც კი შეიძლება იქცეს. თუკი სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მატარებელ პიროვნებებს შორის ნამდვილი კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების პროცესი შესაძლებელია, მაშინ ეს აუცილებლად გზაგასაყარზე (მო)ხდება. [...] ტერმინი „გზაგასაყარი“ ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების დასახასიათებლადაც გამოდგება. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს მეტაფორა ყველაზე კარგად გამოხატავს ქართული აზროვნების ხასიათს: საქართველო, როგორც ევროპული და არაევროპული, დასავლური და აღმოსავლური კულტურების თავშეყრისა და ურთიერთგაგების ტოპოსი. ფილოსოფოსობა და სიბრძნისმეტყველება კონცეპტუალურ და ეპისტემოლოგიურ ზღვარზე, სხვადასხვა კულტურათა, რელიგიათა და ტრადიციათა გზაგასაყარზე - აი, სად უნდა ვეძიოთ ქართული აზროვნების თავისთავადი და თვითმყოფადი ხასიათი.“ - თ. ირემაძე, „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“, გვ. 12-13.
მეორე ნაწილში განხილულია საფუძველმდებარე ფილოსოფიური ცნებები [მყოფი/ყოფნა, ჭეშმარიტება/ინტერპრეტაცია, რეცეფცია/ტრანსფორმაცია, ინდივიდუალიზმი/ინტერსუბიექტურობა, ცოდნა/სიბრძნე], რომლებმაც არა მარტო ისტორიულ ჭრილში შეინარჩუნეს მდგრადობა, არამედ სამომავლოდაც დიდი ღირებულების მქონენი არიან. მესამე ნაწილში თენგიზ ირემაძე ინტერკულტურული აზროვნების ახალ კონცეპტებს განიხილავს. „გზაგასაყარის“ ცნება აქაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ის ახალი ინტერკულტურული ფილოსოფიური თეორიის საფუძველს ქმნის.
თენგიზ ირემაძის აღნიშნული ნაშრომი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ინტერკულტურული ფენომენების კვლევისათვის. აქ, ერთი მხრივ, მოხაზულია გარკვეული კულტურული სივრცის კონტურები („კავკასიური ფილოსოფია“) და მკაფიოდაა გამოკვეთილი მისი მიმართებები სხვა ფილოსოფიურ კულტურებთან. მეორე მხრივ, მასში გადმოცემულია თეორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია როგორც ჰერმენევტიკულ პრაქტიკებთან, ასევე, ფილოსოფიის სისტემურ პრობლემებთან.
რეცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საერთაშორისო მასშტაბით თენგიზ ირემაძემ მრავალმხრივ მიიპყრო ყურადღება. მისი სტატია იოანე პეტრიწის შესახებ სტენფორდის ფილოსოფიურ ენციკლოპედიაშია გამოქვეყნებული.[5] მიუხედავად იმისა, რომ მისი სადოქტორო ნაშრომი ცალსახად ფილოსოფიის ისტორიის სფეროს განეკუთვნება, გვიანდელ პერიოდში მან საგანგებო ყურადღება დაუთმო სისტემურ ფილოსოფიურ გამოკვლევებს.[6] თავის კვლევებში იგი თანაბარ ყურადღებას უთმობს როგორც კლასიკური, ასევე, თანამედროვე ფილოსოფიის პრობლემებს.[7] მისმა თეზისმა, რომლის თანახმად ფილოსოფიის ისტორიაში კავკასიური ფილოსოფიის ცნებას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, საერთაშორისო ყურადღება მიიქცია და ამ მიმართულებით პარადიგმათა ცვლილება გამოიწვია.[8] მისი მოწაფეები და თანამშრომლები (მათგან აღსანიშნავია გიორგი თავაძე[9] და გიორგი ხუროშვილი[10]) ნაყოფიერად აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი) ფარგლებში.
რჩეული შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus. Zur Rezeption der Proklischen Philosophie im deutschen und georgischen Mittelalter: Dietrich von Freiberg – Berthold von Moosburg – Joane Petrizi (Bochumer Studien zur Philosophie, Bd. 40), Amsterdam/Philadelphia: B. R. Grüner Publishing Company, 2004, ISBN 9789060323694.
- ფრიდრიხ ნიცშე: „ესე იტყოდა ზარატუსტრა“: ტექსტი და კონტექსტი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2006, ISBN 99940-890-1-3.
- Der Aletheiologische Realismus. Schalwa Nuzubidse und seine neuen Denkansätze, Tbilisi: Verlag „Nekeri“, 2008 (auf Deutsch), ISBN 978-9941-404-41-2.
- ვალტერ ბენიამინი. ცხოვრება - მოღვაწეობა - აქტუალობა, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2008, ISBN 978-9941-404-20-7.
- (თანაავტ.) რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ. შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, პირველი გამოცემა, 2010, ISBN 978-9941-416-71-2;
- ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გიორგი თავაძემ, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013, ISBN 978-9941-436-81-9.
- ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013, ISBN 978-9941-436-55-0.
- (თანაავტ.) ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014, ISBN 978-9941-0-7227-7.
- (თანაავტ.) ფილოსოფიური ურბანისტიკა, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2014, ISBN 978-9941-457-01-2.
- შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019, ISBN 978-9941-8-1633-8.
- ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020, ISBN 978-9941-8-2898-0.
- იოანე პეტრიწის ფილოსოფია. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021, ISBN 978-9941-8-3091-4.
- შუა საუკუნეების ფილოსოფია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2022, ISBN 978-9941-8-4761-5.
სპეციალური ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართულ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიორგი ბარამიძე: „ნეოპლატონიზმი თანამედროვეობის კონტექსტში (განაზრებანი თენგიზ ირემაძის წიგნზე - „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“)“, კრებულში: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა. თენგიზ ირემაძის წიგნისადმი - „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ - მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, 30 ივნისი, 2008 წელი), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2009, გვ. 14-16.
- გიორგი თავაძე: რუკების ძალა. გელათი და „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება ინტერკულტურული ფილოსოფიის კონტექსტში, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013.
- მიხეილ გოგატიშვილი: ბერთოლდ მოსბურგელის ფილოსოფიის თენგიზ ირემაძისეული ინტერპრეტაცია, კლოდ ლეფორის „თეოლოგიურ-პოლიტიკური მატრიცა“ და „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“,იხ.: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, თბილისი: „ნეკერი“, 2009.
- უდო რაინჰოლდ იეკი: განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ, გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლალი ზაქარაძემ, პირველი გამოცემა, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010, მეორე გამოცემა: 2012.
- ლალი ზაქარაძე: „ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული აზროვნების ჭრილში (განაზრებანი პროფ. თენგიზ ირემაძის ნაშრომზე – „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“, თბილისი, „ნეკერი“, 2013)“, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი „კადმოსი“, # 4 (2012), თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2012, გვ. 417-430.
- გიორგი ხეოშვილი:„ფრიდრიხ ნიცშე თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში“, კრებულში: ნიცშე საქართველოში. ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ნათელ ხსოვნას, თბილისი: გამომცემლობა „არხე“, 2007, გვ. 129-140.
უცხო ენებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Giorgi Baramidze, Mikheil Gogatishvili, Lali Zakaradze, Udo Reinhold Jeck, Duane J. Lacey (eds.): (Neo)Platonism and Modernity. Materials of the International Conference dedicated to Tengiz Iremadze’s book „Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus“, June 30, 2008, Grigol Robakidze University, Tbilisi 2009.
- Udo Reinhold Jeck: Erläuterungen zur georgischen Philosophie, Tbilisi: Verlag „Nekeri“, 2010, 2. Auflage 2012.
- Giorgi Khuroshvili: Jerusalem and Athens in Medieval Georgian Thought. In: T. Iremadze, U. R. Jeck, H. Schneider (eds.), Leben verstehen (Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1), Berlin: Logos Verlag, 2014, pp. 97–101.
- Giorgi Khuroshvili: Philosophy in Independent Georgia, in: Philosophy Unchained. Developments in Post-Soviet Philosophical Thought. Edited by M. Minakov. Foreword by Ch. Donohue, ibidem Press, 2023. pp. 101-121.
- Lali Zakaradze: Proclus in the Georgian and Latin Middle Ages (Ioane Petritsi and Berthold of Moosburg). In: Philosophy in Global Change: Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, ed. T. Iremadze (in collaboration with H. Schneider and K. J. Schmidt), Tbilisi: Verlag „Nekeri“, 2011, pp. 125–132.
- Lali Zakaradze: New Perspectives of Georgian Philosophy in the Light of Intercultural Thought. In: European Scientific Journal, special edition, vol. 2 (December 2013), pp. 528–533. ISSN: 1857 - 7881 (Print) ISSN: 1857 - 7431 (Online)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თენგიზ ირემაძე - ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია
- Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus.
- თენგიზ ირემაძე - პეტრიწის პორტალი
- თენგიზ ირემაძე - "იოანე პეტრიწი", სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია
- Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1, Leben verstehen.
- Tengiz Iremadze, The Pythagorean Doctrine in the Caucasus.
- Veritas et subtilitas. Truth and Subtlety in the History of Philosophy
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგი
- გ. თავაძე, კავკასიური ფილოსოფია: აწმყო და პერსპექტივები
- გ. თავაძე, გელათის მნიშვნელობა ქართული ფილოსოფიური და პოლიტიკური აზროვნებისათვის
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ MAK
- ↑ თენგიზ ირემაძე, ფრიდრიხ ნიცშე. „ესე იტყოდა ზარატუსტრა“: ტექსტი და კონტექსტი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2006.
- ↑ Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider (eds.), Leben verstehen (Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1), Berlin: Logos Verlag, 2014.
- ↑ Udo Reinhold Jeck, Erläuterungen zur georgischen Philosophie, Tbilisi: „Nekeri“, 2010 (მე-2-ე გამოცემა: 2012), გვ. 28-29.
- ↑ სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია, იოანე პეტრიწი (წვდომა განხორციელდა 2015 წლის 15 ოქტომბერს)
- ↑ თენგიზ ირემაძე, „აზროვნება გზაგასაყარზე. იერუსალიმი და ათენი“, წიგნში: ლ. შტრაუსი, იერუსალიმი და ათენი, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: გამომცემლობა „საუნჯე“, 2013, გვ. 5-8.
- ↑ თენგიზ ირემაძე, „ქალაქის იდეის კრიზისი. ურბანული სივრცის ეპიფენომენთა კრიტიკისათვის“, კრებულში: ფილოსოფიური ურბანისტიკა, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2014, გვ. 122-141.
- ↑ Lali Zakaradze, ‘New Perspectives of Georgian Philosophy in the Light of Intercultural Thought’. In: European Scientific Journal, special edition, vol. 2 (December 2013), გვ. 528-533.
- ↑ გიორგი თავაძე, რუკების ძალა. გელათი და „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება ინტერკულტურული ფილოსოფიის კონტექსტში, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013.
- ↑ Giorgi Khuroshvili, ‘Jerusalem and Athens in Medieval Georgian Thought’. In: T. Iremadze, U. R. Jeck, H. Schneider (eds.), Leben verstehen (Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1), Berlin: Logos Verlag, 2014, გვ. 97-101.