თბილისის წყალდიდობა (2015)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თბილისის წყალდიდობა (2015)
Tbilisi Flood 3.JPG
მდგომარეობა სტიქიის ზონაში
ზვიად ავალიანის ფოტო
ადგილმდებარეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა თბილისი, მდინარე ვერეს ხეობა
კოორდინატები 41°42′47″ ჩ. გ. 44°46′56″ ა. გ. / 41.71306° ჩ. გ. 44.78222° ა. გ. / 41.71306; 44.78222
ინფორმაცია
თარიღი 13 ივნისი, 2015
მიზეზი წყალდიდობა
შედეგი დაიღუპა 19 ადამიანი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები 6 ადამიანი
მატერიალური ზარალი 50 მილიონი ლარი
დაზიანდა სახლები
ჩამოინგრა კაზინო „ევროპას“ კედელი
გაანადგურა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და სხვა

თბილისის 2015 წლის წყალდიდობა — წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.[1] სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.[2] სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და დავით ნარმანია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თბილისის მერიას ფინანსური დახმარება გაუწია.[3]

ტრაგედიას გამოეხმაურა ილია II, რომლის თქმით, თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის, ვერ გაიხარებს.[4]

სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.[5]

სტიქიურ უბედურებას შეეწირა 19 ადამიანის სიცოცხლე, დაკარგულია 6 ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდაა დარჩენილი.[5] დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი[5] და მაშველები.[6]

სანახევროდ დანგრეულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. დატბორილია ნუცუბიძის პლატო. ვერეს ხეობაში მდებარე სახლები წყლის ქვეშ მოექცა. ჩამოინგრა კაზინო „ევროპას“ კედელი.[7] ასევე, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და იქ მცხოვრები ძაღლების უმეტესობა იმსხვერპლა. ასევე, თავშესაფარში ცხოვრობდნენ დათვებიც და ყველა მათგანი დაიხრჩო.[8]

ქალაქის ცენტრში გამოქცეული ცხოველების რაღაც ნაწილის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ყველაზე ძლიერი დამაძინებელი წამალიც კი მინიმუმ 3-4 წუთში იწყებს მოქმედებასა და ცხოველის დაძინებას. ეს დრო კი, ვეფხვისა და ლომისათვის სრულიად საკმარისია, რომ გაანადგუროს მასთან ახლოს მყოფი ადამიანი და შეიწიროს მისი სიცოცხლე. ამან ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი თავად ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ შეატყობინა მოსახლეობას,[9] რომელიც აპროტესტებდა ცხოველების დახოცვის ფაქტს. მაგრამ, თავად ზურაბ გურიელიძე ამატებს, რომ ცხოველების ლიკვიდაციის ბრძანება არ ყოფილა და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ მტაცებელი ვინმეს თავს ესხმოდა, ან მასზე თავდამსხმას აპირებდა. ხოლო ზოგი ცხოველის ლიკვიდაცია აუცილებელი არ ყოფილა და ეს გამოძიებულ უნდა იქნეს.[10]

15 ივნისის საღამოსთვის, ზოოპარკის თანამშრომლებისა და მისი დირექტორის განცხადებით, საქართველოს დედაქალაქში უკვე აღარც ერთი მტაცებელი ცხოველი არ იმყოფებოდა. ზოგი მათგანი დაძინებულ იქნა და შემდეგ დაბრუნებული ზოოპარკში, ხოლო ზოგი მათგანი, ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.[11] თუმცა, ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. 17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.[12]

მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.[2]

თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.[6]

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, იქ, სადაც ზოოპარკი ადრე იყო, უსაფრთხო ადგილი არ არის და სწორედ ამიტომ თბილისის ზოოპარკი მალე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადავა.[13]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაღუპულთა რიცხვი უკვე 19-მდე გაიზარდა
  2. 2.0 2.1 13 ივნისის წყალდიდობა: ქრონიკა და შედეგები
  3. გიორგი მარგველაშვილი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა
  4. ილია მეორე: თბილისის ზოოპარკი ამ ადგილას ვერ გაიხარებს
  5. 5.0 5.1 5.2 დამანგრეველი წყალდიდობა ვერეს ხეობაში
  6. 6.0 6.1 სტიქიური უბედურება თბილისში
  7. თბილისი წყალდიდობას ებრძვის – ტექნიკა მობილიზიებულია
  8. თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ადიდებულმა ვერემ გაანადგურა
  9. ზურაბ გურიელიძე: "ზოგიერთი ცხოველის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა".
  10. ზურაბ გურიელიძე: "ცხოველების დახოცვის ბრძანება არ ყოფილა".
  11. ზურაბ გურიელიძე: "არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ იმყოფება".
  12. ვეფხვი, რომელმაც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაგლიჯა, სპეცრაზმელებმა ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკაში მოკლეს. კავკასია tv
  13. დავით ნარმანია: "ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადავა".