თბილისის კალიგრაფიული სკოლები
საუკუნეების განმავლობაში თბილისი იყო არა მარტო პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა. ჯერ კიდევ VIII საუკუნეში მოღვაწეობდა იოანე საბანისძე, რომლის ისტორიული მოთხრობა „აბოს წამება“ ნათლად გადმოგვცემს ქართველთა სულიერი და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს. არაბთა მომძლავრების მიუხედავად, ქართული საზოგადოება და მისი წინამძღოლი ბაგრატიონთა სახლი, ნერსე ერისმთავრის მეთაურობით იღვწოდა სულიერი, სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეალების განსამტკიცებლად. მძლავრი ეროვნული და სარწმუნოებრივი იდეოლოგია ნიადაგს ამზადებდა ქვეყნის გაერთიანებისა და საეკლესიო სივრცეში თვითმყოფადობის დასანერგად. XI-XII სს-ში, ეროვნული თავისუფლებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, სარგის თმოგველი, შოთა რუსთაველი. მომდევნო პერიოდში დამპყრობთა მოძალების გამო თბილისის სამწიგნობრო საქმიანობა შესუსტდა, მაგრამ XVI-XVII სს.-დან კვლავ დაიწყო გამოცოცხლება. XVIII ს-ში აქ მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, დომენტი კათალიკოსი, თეიმურაზ II, ანტონ I და სხვ. თბილისში, XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა ორი კალიგრაფიული სკოლა, ანჩისხატის და სიონის. პირველს სათავეში ედგნენ გრიგოლ მესხისვილის შთამომავლები, მეორეს კი - გაბრიელ მიქაძის შთამომავლები და მინიჭებული ჰქონდათ სიონის დეკანოზობა.
ანჩიხატის კალიგრაფიული სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოღვაწეო ასპარეზზე მესხიშვილები XVI საუკუნის დასასრულს გამოჩნდნენ და ამ დროიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივსა და სინტერესო მოღვაწეობას ეწეოდნენ. ისინი იყვნენ შესანიშნავი კალიგრაფები, ხელნაწერთა მომხატავნი, მთარგმნელები, ხელნაწერთა გამმართავნი, პოეტები და ამავე დროს მდიდარი და საინტერესო წიგნთსაცავის მფლობელნი. „მესხიშვილთა გვარმა... მისცა ქართულ მწერლობას მთელი რიგი გამოჩენილ მოღვაწეთა, რომელთაც შექმნეს შეასანიშნავი კალიგრაფიული სკოლა და ხელი შეუწყვეს ჩვენი ლიტერატურის გამდიდრებას.“[1]
მესხიშვილთა სამოღვაწეო ადგილს ძირითადად ანჩისხატის ტაძარი წარმოადგენდა. თავდაპირველად ანჩისხატის ტაძარს „ზარის საყდარს“ უწოდებდნენ, რადგან საქართველოში, არაბთა ბატონობის პერიოდში ზარის რეკვის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარს თბილისში[2]. ეს სახელი მას XVII საუკუნის დასასრულამდე შემორჩა. მას შემდეგ რაც კათოლიკოზ პატრიარქმა დომენტიმ ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე „პირი ღვთის“ ხატი, ანჩიდან მცხეთას მოსვენებული, შემდეგ თბილისში „ზარის საყდარს“ დაასვენა, — მას ანჩის ხატის ტაძარი ეწოდა. ამ დროიდან მოყოლებული ანჩისხატის ტაძრის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა. ერეკლე II-ს სემინარია ანჩისხატის ტაძრის ეზოში, „საეპისკოპოზო სახლსა შინა“ მოუთავსებია. ეს გარემოება აღნიშნულ სავანეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერად აქცევდა, ხოლო იქ მოღვაწე პირებს სამეცნიერო-ლიტერატურული დარგის მუშაკებად. ამას ერთვოდა ისიც, რომ უკვე იმ პერიოდისთვის, ანჩისხატში მსახურობდა მესხიშვილთა გვარი, რომელნიც არაერთი მწიგნობრისა თუ მოღვაწის აღმზრდელნი შეიქმნენ.[3]
ანჩისხატის ტაძართან იყრიდნენ თავს სამეფო ტახტის წარმომადგენლები და თავად-აზნაურნი, — ისინი ამ ტაძრის ირგვლივ მკვიდრობდნენ. მის მახლობლად იშენებდნენ საცხოვრებელ სასახლეებს. აქ ხდებოდა მრავალ საჭირბოროტო საქმეთა გადაწყვეტა-მოგვარება; მამულისა თუ სარწმუნოების მოღალატეთა შეჩვენება, აქვე ხდებოდა სამშობლოსა და ერისათვის თავდადებულ პირთა განდიდება. „აქ იყო უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, აქ იყვნენ თავმოყრილნი საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი და მგალობელნი, რომელნიც თავისუფალ დროს ახმარებდნენ ყრმათა აღზრდა-სწავლებასა, საეკლესიო წიგნთა გადაწერას და სხვა. აქედან ეფინებოდნენ საქართველოს ყოველ კუთხეს განსწავლულნი მღვდელნი, დიაკონნი და მეფსალმუნენი-მგალობელნი. ამიტომ ანჩისხატის ტაძარი შეიქმნა პირველი საერო სათაყვანებელი და სალოცავი მთელი ქართველობისა უკანასკნელ დრომდე“[4]. მის მნიშვნელობას ზრდიდა ისიც, რომ სამეფოსახლი და კათალიკოზ-პატრიარქის კარი მას თავს დატრიალებდა.
მტერთა შემოსავებმა დიდი ზიანი მიაყენეს ანჩისხატის ტაძარსაც. ქართველი ხალხი მაინც ინარჩუნებდა ეროვნულ კულტურას, ანვითარებდა მწერლობასა და მხატვრობას. ამ საქმის მოთავე XVIII საუკუნის საქართველოში ორი გვარი ყოფილა — მესხიშვილთა და მაღალაშვილთა, რომელნიც „დიდით პატარამდე ჩინებულნი მწერალ-მწიგნობარნი და მხატვარნი იყვნენ...“ ისინი „წინ უძღოდნენ მწერალ-მწიგნობრობისა, გალობისა და სტამბის წარმატების საქმესა საქართველოში. მესხიაანი-მაღალაანი გვარმა დაიცვეს ჩვენამდე საუკეთესო გალობა, ხელი წერისა, კილო სახარების და სამოციქულოს კითხვისა... ამიტომაც საქართველოს მეფენი დიდად სწყალობდნენ მესხიაანთ საგვარეულოს და ამხნევებდნენ სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში.“[5] კათალიკოს-პატრიარქნი და მეფენი ანჩისხატის ტაძარში საუკეთესო მღვდელ-დეკანოზებს აწესებდნენ ხოლმე. XVII საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის დასაწყისამდე ანჩისხატის ტაძრის მღვდელ-დეკანოზებად სულ მესხიშვილთა საგვარეულოს წარმომადგენლები ინიშნებოდნენ:[6]
- პეტრე მესხი, დეკანოზი: 1674–1680
- იოსებ პეტრეს ძე, დეკანოზი: 1681–1711
- გრიგოლ იოსების ძე, დეკანოზი: 1711–1724
- დავით იოსების ძე, გრიგოლი ძმა კანდელაკი: 1725–1738
- ალექსი, გრიგოლ მხატვრის ძე, დეკანოზი: 1739–1756
- გიორგი ალექსის ძე, დეკანოზი: 1756–1779
- ნიკოლოზ ალექსის ძე, ანჩისხატის ტაძრის მღვდელი: XVIII საუკუნის II ნახევარი.
- მიქაელ გიორგის ძე, დეკანოზი: 1779–1788
- ზაქარია ალექსის ძე, დეკანოზი: 1788–1791
- სოლომონ ალექსის ძე, დეკანოზი: 1791–1808
- დიმიტრი სოლომონის ძე, დეკანოზი, დიკასტერიის წევრი: 1808–1815
1674 წელს, როდესაც დომენტი კათალიკოზმა დაობლებული და დაძველებული ანჩისხატის ტაძარი განაახლა და მცხეთიდან ანჩის ხატი ჩამოასვენა, მას თან ჩამოჰყვა მღვდელი პეტრე მესხი თავისი ცოლ-შვილით (სწორედ აქედან იწყება მესხიშვილთა საგვარეულო ისტორია). პ. კარბელაშვილი გვაწვდის ცნობას პეტრე მესხის მიერ გადაწერილი კონდაკის შესახებ.
დომენტი კათალიკოზს პეტრე მესხისათვის კანდელაკის ადგილი უბოძებია ანჩისხატის ტაძარში; იგი ახლო ურთიერთობაში ყოფილა ნიკოლოზ კათალიკოზთანაც. გარდაცვლილა 1680 წელს. მისი ვაჟის იოსებ პეტრეს ძის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, გარდა იმისა, რომ იგი 1681–1711 წლებში ანჩისხატის დეკანოზი ყოფილა. იოსების ვაჟი გრიგოლ იოსების ძე, „ხელოვანი, სამეფო კარის მხატვარი, მგალობელი და მწიგნობარი“ ყოფილა.[7]
1724 წელს გრიგოლ იოსების ძე ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, მაგრამ არ ვიცით რუსეთიდან დაბრუნდა თუ არა. „როგორც მხატვარი გრიგოლ დეკანოზი იღებდა მეფის სუფრის სარქრიდამ დღეში ორ პურსა, ორ კერასეულ ღვინოს და ყოველწლიურ ჯამაგირს ხაზინიდამ“.
1705–1721 წლებში იგი მოღვაწეობდა ვახტანგის მიერ დაარსებულ სტამბაში. ჰყოლია შვილი ალექსი. სწორედ ეს გრიგოლ მხატვარი გამხდარა მესხიშვილთა შემდგომი თაობებისთვის შთაგონების წყარო. სამწუხაროდ, მის შესახებ მცირეოდენი ცნობები შემოგვრჩა. ეს სიმცირე ხელს გვიშლის მისი ნამუშაკევის აღნუსხვაში. გრიგოლი ხშირად არის ნახსენები მისი ვაჟის, თავისი დროისათვის მეტად განათლებული პიროვნების, ალექსის მიერ გადაწერილ ანდერძებში: „...ცოდვილი ესე და ყოვლად უბადრუკი და გლახაკი მონა ცათა მეფისა, ჴელოან-მხატურის მღვდლის ძე, მღუდელ დეკანოზი ალექსი“[8]. „ვიმუშაკე და აღვწერე მცირე ესე ლოცვანი... ჴელოანის გრიგოლ მხატვრის ძემან ალექსიმ“[9]. „მეუფეო იესო ქრისტე, შეიწყალე მამა ჩემი გრიგოლ მხატვარი და დედა ჩემი თამარი და მე მათი ძე, დიაკონი ალექსი, დავწერე მე წლისა იე“[10]. ალექსი მესხიშვილი ყოველთვის დიდი პატივითა და კრძალულებით მოიხსენიებს მის მშობლებს; იგი მის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა ანდერძებში, მამამისს, გრიგოლს წარმოგვიდგენს როგორც „ჴელოან მხატვარს“,[11] ხოლო გრიგოლის დღემდე უცნობი მხატვრული ხელი, მისი შვილის მიერ გადაწერილ ჟამნში S-1096 აღმოჩნდა, როგორც ჩანს იგი თავმდაბლობით ერიდებოდა საკუთარი სახელის ხსენებას და არ უკეთებდა მინაწერებს საკუთარ ნაშრომებს.[12]
სიონის კალიგრაფიული სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVII ს-დან თბილისში მოღვაწეობდა მიქაძეთა გვარის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელი. მიქაძეების შორეული წინაპრები სამეგრელოდან გადმოსულან ქართლში. აქ ისინი სასულიერო წოდების წარმომადგენლები გამხდარან და ოჯახში მემკვიდრეობით გადადიოდა სიონის დეკანოზობა. XVII ს-ის მიწურულს ცხოვრობდა იესე დეკანოზი, რომელსაც რამდენიმე ვაჟი ჰყავდა, ერთი მათგანი იყო გაბრიელი, მამა — ნიკოლოზისა და ზაქარიასი, რომელიც უფრო ამბროსი ნეკრესელი სახელით არის ცნობილი. ნიკოლოზი იყო სიონის დეკანოზი, XVIII ს-ის გამოჩენილი კალიგრაფი.
ნიკოლოზის გადაწერილი ყველაზე ადრეული ხელნაწერი 1731 წელს მიეკუთვნება, როცა იგი ყოფილა თერთმეტი წლისა. მინაწერის თანახმად, ეს მისი პირველი ნამუშევარია. „ღმერთო, შეიწყალე ამის მჩხაბავი დეკანოზისშვილი ნიკოლოზ, რომელმან აღვსწერე წმიდა ესე ზიარების ლოცვა. ვინც იხილავდეთ და წარიკითხვიდეთ, გაზრდას მიბრძანებდეთ ამისთვის, რომ ყრმა ვიყავ ამის წერაში და არც ჯერ სხვა წიგნი დამეწერა. ამის სრულყოფასა ვიქმენ წლისა ათერთმეტისა დეკენბერსა, ქკს უით“. ეს მინაწერი იძლევა საშუალებას, გაირკვეს, რომ გადამწერი 1720 წელს დაბადებულა და, როგორც ჩანს, მწერლის ხელობას იგი პატარაობიდანვე დაუფლებია. 23–26 წლის ჭაბუკ ნიკოლოზს უკვეთავდნენ ხელნაწერის გადაწერას თეიმურაზ II, ვახტანგ VI, ერეკლე II-ის მეუღლე დარეჯან დედოფალი, გიორგი ბატონიშვილი, შემდგომში — გიორგი XII, უმაღლესი სასულიერო წოდების წარმომადგენლები: ანტონ I კათალიკოსი, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე და სხვ. ამ ისტორიულ პირთა დაკვეთით შესრულებული ხელნაწერები, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვადასხვა ფონდებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარბელაშვილი, პ., ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში, ტფ.: სტ. „გუტენბერგი“, 1902.
- კეკელიძე, კ., ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. I, თბ.: სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1951.
- მენაბდე, ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I : ნაკვეთი I, თბ.: უნ-ტის გამ-ბა, 1962.
- მენაბდე, ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I : ნაკვეთი II, თბ.: უნ-ტის გამ-ბა, 1962.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაჩეჩილაძე, ი., მესხიშვილთა კალიგრაფიული სკოლა // ჟურნალი „მაცნე“, მაისი, 1974, გვ. 156–167.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კეკელიძე, კ., 1951, გვ. 334
- ↑ კარბელაშვილი, პ., 1902, გვ. 4
- ↑ მენაბდე, ლ., 1962, გვ. 170
- ↑ კარბელაშვილი, პ., 1902, გვ. 8
- ↑ კარბელაშვილი, პ., 1902, გვ. 27–28
- ↑ კარბელაშვილი, პ., 1902, გვ. 43
- ↑ კარბელაშვილი, პ., 1902, გვ. 44
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H-2077, 334r
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-3630, 62v
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-2715, 401v
- ↑ ია გაჩეჩილაძის სადისერტაციო ნაშრომი, „XVIII-XIX სს. ქართველ კალიგრაფთა მოღვაწეობა, მესხიშვილთა კალიგრაფიული სკოლა და მათი წიგნთსაცავი“ თბ., 1975, გვ. 38.
- ↑ კაჭახიძე რ., სადიპლომო ნაშრომი, დეკანოზ ალექსი მესხიშვილის გადაწერილი და მოხატული ხელნაწერი წიგნები XVII–XVIII სს, თბილისის სასულიერო აკადემია, 2010.