შინაარსზე გადასვლა

თავკომბალა კუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავკომბალა კუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Caretta caretta (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 3897
გავრცელება

თავკომბალა კუ, ზღვის თავკომბალა კუ, კარეტა ან ლოგერჰედი (ლათ. Caretta caretta) — ზღვის კუების სახეობა, ერთადერთი თავის გვარში.

ზრდასრული კუ სიგრძეში 70–95 სმ აღწევს, მასა 80-დან 200 კგ-მდე მერყეობს. კარაპაქსი გულისებური ფორმისაა, ფერად ყავისფერი, მოწითალო ყავისფერი ან ზეთისხილისფერი. პლასტრონისა და ძვლოვანი ხიდის შეფერილობა კრემისფრიდან ყვითლამდეა.[1] ზურგზე ხუთი წყვილი ნეკნის ფარია. მასიური თავი დაფარულია მსხვილი ფარებით. წინა კიდურებზე ბრჭყალები აქვს. იკვებება უპირატესად მოლუსკებითა და კიბოსნაირებით, აგრეთვე თევზებით, მედუზებით, ღრუბლებით.

დედალი კვერცხს ღამით დებს, 4–5-ჯერ სეზონზე, ზაფხულში და შემოდგომაზე. საერთო ჯამში მათი რაოდენობა 100–126 ცალს აღწევს, დაფარულია 4 სმ დიამეტრის კანისებრი გარსით. ნაშიერები 1–2 თვის შემდეგ იჩეკებიან, რამდენიმე საათს ბუდეში ატარებენ და შემდეგ, ყველანი ერთად ამოდიან ქვიშიდან და მიისწრაფიან ზღვისკენ. როგორც სხვა ზღვის კუებს, თავკომბალა კუსაც 56 დიპლოიდური ქრომოსომა აქვს კარიოტიპში: 32 მაკროქრომოსომა და 24 მიკროქრომოსომა. პირველი ქრომოსომა სტაბილური რჩება უკვე 66 მილიონი წლის განმავლობაში.[1]

გავრცელებულია ინდოეთის, წყნარი და ატლანტის (ხმელთაშუა ზღვის ჩათვლით) წყლებში. ბუდობს სუბტროპიკულ და ზომიერ რაიონებში. უმსხვილესი ჯგუფი, რომელიც 30 000 დედალ კუს აერთიანებს, ბუდობს კუნძულ მასირაზე (ომანი). ფლორიდის სანაპიროზე მობუდარი კუების რაოდენობა 6–15 ათას ინდივიდს ითვლის. მსხვილი ბუდობები ცნობილია ავსტრალიაშიც.

2019 წლის 23 მარტს ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში თავკომბალა კუს ერთ-ერთი ინდივიდი შემოვიდა.[2] აღნიშნული ფაქტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების შეფასებით, იგი საჭიროებდა რეაბილიტაციას. აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობდა არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც „აკვარიუმში“, ამიტომ იგი მოათავსეს სასტუმრო „პარაგრაფის“ კუთვნილ აკვარიუმში. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, მას ბუნებაში დააბრუნებენ.[3][4]

თავკომბალა კუს ხორცი არ ითვლება ძალიან გემრიელად, ამიტომ იშვიათად გამოიყენება საკვებად. კვერცხი პირიქით, გემრიელ საჭმელად მიიჩნევა და დიდი რაოდენობით მოიპოვებენ და იყენებენ. კვერცხების განუსაზღვრელი რაოდენობით მოპოვება ცუდად მოქმედებს ამ კუების რაოდენობაზე. შეტანილია IUCN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში. დაცულია აშშ-ის, კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ეროვნული კანონმდებლობით.

  • Ананьева Н. Б., Орлов Н. Л., Халиков Р. Г., Даревский И. С., Рябов С. А., Барабанов А. В. Атлас пресмыкающихся Северной Евразии (таксономическое разнообразие, географическое распространение и природоохранный статус). — СПб.: Зоологический институт РАН, 2004. — С. 18. — 1000 экз. — ISBN 5-98092-007-2;
  • Жизнь животных. Том 4, часть 2. Земноводные, пресмыкающиеся / Банников А. Г. — М.: Просвещение, 1969. — С. 182-183. — 554 с.;
  • Харин В. Е. Биота российских вод Японского моря. Т.7. Рептилии. — Владивосток: Дальнаука, 2008. — С. 28-30. — 170 с. — ISBN 978-5-8044-0946-4. PDF, 9,3Mb;
  • Ernst, Carl H.; Lovich, Jeffrey E. (2009) Turtles of the United States and Canada. JHU Press, გვ. 827. ISBN 0801891213. 
  1. 1.0 1.1 Carl 2009.
  2. ფოთში გიგანტური კუ იპოვეს. Imedinews.ge (23 მარტი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-24. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2019.
  3. გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ. გარემოს ეროვნული სააგენტო (23 მარტი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-24. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2019.
  4. ფოთში ნაპოვნ გიგანტურ კუს რეაბილიტაციის შემდეგ გარემოში დააბრუნებენ. Imedinews.ge (23 მარტი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-24. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2019.