სერაპიონ ზარზმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. სერაპიონ ზარზმელი

სერაპიონ ზარზმელი (IX ს.) — სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე — ძვ. სტილით 29 ოქტომბერი (ახ. სტილით 11 ნოემბერი).

სერაპიონი წარმოშობით იყო კლარჯეთიდან, ღირსეული ოჯახიდან. სერაპიონს ორი ძმა ჰყავდა. სერაპიონის დედა ადრე გარდაიცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა და ძმები დარჩენ. სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად ოპიზის მონასტერში, მიქაელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით მღვდლად იკურთხა.

მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს ფერისცვალების ხატი, რომელიც ახლად აშენებულ ეკლესიაში უნდა დაესვენებინათ. იმხანად სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისათვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის ტიპოკონი.

სერაპიონმა და იოანემ ყველის ხევში, ადგილობრივ მკვიდრთა თხოვნით და დახმარებით ააგეს მონასტერი იოვანე-წმინდა. სერაპიონი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით. ზარზმის მესამე წინამძღვრის, პავლეს დროს დასრულდა ახალი ტაძრის მშენებლობა. ამ პერიოდში ზარზმაში მოვიდა ბასილი, სერაპიონის უფროსი ძმის შვილი.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობები სერაპიონ ზარზმელის შესახებ დაცულია მისი ძმისწულის, ბასილ ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. ტექსტმა მოაღწია ერთადერთი XVI საუკუნის ხელნაწერით (A-69), რომელიც მოსე ჯანაშვილმა აღმოაჩინა და 1909 წელს გამოაქვეყნა.

სასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში აღწერილია სასწაულები, რომლებიც სერაპიონმა აღასრულა როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ:

  • სამცხისა დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი შეჰპირდა სერაპიონს მონასტრისათვის ებოძებინა ის მიწა, რომლის შემოვლასაც სერაპიონი და მისი თანმხლებნი მოასწრებდნენ განთიადიდან მზის ჩასვლამდე. მეორე დღეს სერაპიონი, მისი ძმა იოანე და კიდევ ერთი ბერი, გიორგი ჩორჩანელის მიერ მიჩენილი მეგზურის თანხლებით გაემართენ ტერიტორიის შემოსავლელად. გზაში ორი მდინარის შესაყართან აგებულ წისქვილთან გაიარეს, საიდანაც გამოვიდენ უკეთური და ველური ადამიანები. ისინი აკავებდნენ სერაპიონს და გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდენ. სერაპიონმა უწინასწარმეტყველა მათ, რომ მალე აღიგვებოდა პირისაგან მიწისა ეს ადგილი. სერაპიონი და მისი თანამგზავრნი ტბას მიადგნენ, რომელიც, მათი თანმხლები ადგილობრივი მკვიდრის სიტყვით, ნადირობის გამო ხშირად ყოფილა შფოთისა და დაპირისპირების ადგილი. ამ ტბასთან მისულებს შემოხვდათ მონადირეები, რომლებიც არ აძლევდენ სერაპიონს და მის თანმხლებთ გზის გაგრძელების უფლებას, რათა არ დაეფრთხოთ ნადირი. სერაპიონს და მის თანმხლებთ მოუწიათ სხვა გზით წასვლა. მეორე დღეს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, და განიპო კლდე ტბის დასავლეთით, ტბა წყლისაგან დაიცალა და წალეკა წისქვილი, ხოლო ტბის ადგილას ლოდიანი ველი დარჩა. ყველა მიხვდა, რომ ასე მიეგოთ საზღაური უკეთურ ადამიანებს.
  • პარეხში მისულ სერაპიონს მიქაელ პარეხელმა მისცა გამხმარი ბაიას ტოტი და უბრძანა ეკლესიის მახლობლად მისი დარგვა. თუ ეს გამხმარი ტოტი გაიხარებდა სერაპიონს უნდა გაეგრძელებინა მონასტრის მშენებლობა. მართლაც, დარგო სერაპიონმა ეს რტო ეკლესიის მახლობლად, მოხდა სასწაული - ტოტი ამწვანდა და ფოთლებით შეიმოსა.
  • ოპიზაში სერაპიონს ერთმა ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა. უეცრად ყველას თვალწინ ეს კაცი დაეცა, გაუსივდა და გადმოუვარდა ენა, გადმოსდიოდა დუჟი და გორავდა მიწაზე. კაცი მალე გონს მოეგო და თუმცა ენით ვერ მეტყველებდა, შეუვარდა ფეხებში იქ მდგომ ბერებს და აღიარა თავისი შეცდომა. სერაპიონმა უპასუხა, რომ ეს ღვთის განგება იყო, დაიჩოქა და შესთხოვა ღმერთს იმ კაცის განკურნება, რომელიც ეშმაკმა აცთუნა. მაშინათვე დაუცხრა სნეულს ენა და განიკურნა.
  • სერაპიონი სასწაულებს აღასრულებდა გარდაცვალების შემდეგაც. მრავალი ადამიანი განიკურნა სენთაგან მისი დაკრძალვის ჟამს. როდესაც სერაპიონის ცხედარი დასვენებული იყო ეკლესიაში, მოვიდა ერთი სნეული კაცი, რომელსაც სისხლი სდიოდა სარცხვენელიდან და მძაფრი ტკივილით იკრუნჩხებოდა. მოეხვია ეს კაცი ტახტს, რომელზეც სერაპიონი იყო დასვენებული, და დაეცა როგორც მკვდარი. ხოლო ცოტა ხანში ყველას დასანახად წარსცვივდა ორი დიდი ქვა სარცხვენელიდან და სრულიად განიკურნა.
  • როდესაც ბასილი ზარზმელის მცდელობით სერაპიონის წმ. ნაწილები ახალ ქვის ლარნაკში გადაასვენეს, სოფლიდან, რომელსაც ეწოდებოდა ბობღა, მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წართმეული ჰქონდა მხედველობა მარჯვენა თვალში, ხოლო მარცხენა თვალი სტკიოდა. შეუვრდა ეს კაცი წმინდა ლარნაკს და მაშინათვე განიკურნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]