ვახტანგ გარიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ გიორგის ძე გარიკი (ნამდვილი გვარი ვაჩნაძე) (დ. 31 მარტი, 1896, სოფ. ბაკურციხე, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 11 სექტემბერი, 1937) — ქართველი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი.

თეატრალური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მოსკოვის არქეოლოგიური ინსტიტუტი (1918). თეატრალური მიიღო მოსკოვის მცირე თეატრის დრამატულ სტუდიაში. 1918 წელს თბილისში დადგა ა. ერისთავ-ხოშტარიას „მოლიპულ გზაზე“. 1922 წლიდან იყო პროლეტკულტის ქართული დრამატული სტუდიის, 1924–1927 წლებში — პროლეტკულტის წითელი თეატრის ქართული სექტორის რეჟისორ-პედაგოგი. დადგა შემდეგი სპექტაკლები: ს. ტრეტიაკოვის „გესმის, მოსკოვო“, რ. როლანის „ბასტილიის აღება“, ფ. შილერის „ყაჩაღები“.

გარიკს დიდი ღვაწლი მიუძღვის სოხუმის პროფესიული დრამატული თეატრის ჩამოყალიბებაში. 1928–1931 წლებში ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. დადგა სპექტაკლები: ს. ჭანბას „მუჰაჯირები“, ს. შანშიაშვილის „ანზორი“, კ. კალაძის „როგორ“, მ. კოვეს „ინაფხა კიაგუა“, ფ. შილერის „ფიესკოს შეთქმულება“ და სხვ. 1931–1933 წლებში გარიკი იყო თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დადგა: ვ. კირშონის „პური“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ და სხვ. 1933–1934 წლებში მოღვაწეობდა ზუგდიდის, 1934–1937 წლებში კვლავ სოხუმის თეატრებში. წერდა მოთხრობებსა და პიესებს, გაასცენიურა ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“. მანვე თარგმნა ფ. შილერის „ფიესკოს შეთქმულება“ და „ვერაგობა და სიყვარული“, მოლიერის „დონ-ჟუანი“. გარიკი არის ასევე თეორიული შრომის „თეატრის“ (I წიგნი — 1929, II წიგნი — 1958) ავტორი.

დევნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტალინური რეპრესიების დროს, 1937 წლის აგვისტოში გარიკი დააპატიმრა საქართველოს სსრ-ის შინსახკომმა „კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით. 11 სექტემბერს გაასამართლა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ და მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. იმავე დღეს დახვრიტეს. ნათესავებს ეცნობათ, რომ გარდაიცვალა სასჯელის მოხდისას (1940). სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის განჩინებით, განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]