სოხუმის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი — სახელმწიფო ქართული თეატრი სოხუმში. ქართველ სცენის მოყვარეთა სპექტაკლები სოხუმში იმართება 1885 წლიდან. ორგანიზატორი და მონაწილენი იყვნენ მ. დადიანი-ანჩაბაძე, შ. დადიანი, ძ. ლოლია და სხვები.

1922 წელს შეიქმნა სცენისმოყვარეთა ქართული დრამატული კოლექტივი (ხელმძღვანელი მ. ხერხეულიძე), სადაც პროფესიონალი მსახიობებიც მოღვაწეობდნენ. რეპერტუარში იყო ე. ნინოშვილის „ქრისტინე“, ა. წერეთლის „პატარა კახი“, ა. ცაგარელის „ხანუმა“ და სხვები. 1928 წელს გაიხსნა სოხუმის თეატრი თავისი მუდმივი პროფესიული ქართული და აფხაზური დასებით (ქართულ დასის ხელმძღვანელი დ. ძნელაძე). ამავე წლიდან ქართული დასის სამხატვრო ხელმძღვანელად მოწველ იქნა რეჟისორი ვ. გარიკი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სოხუმის ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალივებაში.

სოხუმში ქართული წარმოდგენები 1889 წლიდან სცენის მოყვარეთა ძალებით იმართებოდა, 1911 წლიდან ნახევრად პროფესიული თეატრი გახდა, 1928 წლიდან პროფესიული. 1911 წლიდან „დრამატული ხელოვნების მოყვარეთა წრის“ სახელწოდებით ჩამოყალიბდა დასი, რომელსაც შალვა დადიანი ხელმძღვანელობდა. დასში შედიოდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ვასო აგულიშვილი, მოგვიანებით ეველინა წუწუნავა და დავით კობახიძე. დასი თანამშრომლობდა ძუკუ ლოლუას მომღერალთა გუნდთან. დასის მუშაობას ეხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება და მისი გამგეობა. გამგეობის ხელმძღვანელი იყო მარიამ (მაშო) დადიანი-ანჩაბაძისა. შ. დადიანის წასვლის შემდეგ დასი დაიშალა, შეიქმნა ფინანსური პრობლემები. მოგვიანებით, სოხუმის დრამატული დასი და სოხუმის სახალხო უნივერსიტეტი გაერთიანდა და დაერქვა „სოხუმის სახალხო უნივერსიტეტთან არსებული ქართული დრამატული სექცია“. 1914 წლიდან თეატრალური მუშაობა შეფერხდა, თუმცა წარმოდგენები მაინც იმართებოდა. რეჟისორი იყო ი. ბარველი. მსახიობები: ნატალია ჯავახიშვილი და მიხეილ სულთანიშვილი. 1918 წლიდან თეატრის რეჟისორად ზაქარია ურუშაძე დაინიშნა. დაიდგა შ. დადიანის „შვილი ან სიყვარული“. 1920 წლის 20 ნოემბერს ჰაჯიბეგოვის „არშინ მალ-ალან“ დაიდგა ქართულ, რუსულ, სომხურ და თურქულ ენებზე; 1920 წლის 8 ნოემბერს ერთაწმინდელის „სიკვდილით დასჯა“, დ. აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“. 1920-1921 წლის სეზონი რეჟისორ მ. ქორელის ხელმძღვანელობით დაიწყო. დასში შედიოდნენ: ნუცა ჩხეიძე, ნიკო გოძიაშვილი, მიხეილ სულთანიშვილი, ალექსანდრე მგალობლიშვილი. ადგილობრივ სცენის მოყვარეთა დასთან ერთად მათ დადგეს დ. ერისთავის „სამშობლო“, ენგელის „ზღვასთან“, ალ. ყაზბეგის „არსენა“, სუვარინინის და ბურენინის „მედეა“, ნ. შიუკაშვილის „ციცინათელა“, ვ. შალიკაშვილის „უნიადაგო“ და სხვა. ქართული დასის პირველი წარმოდგენა იყო ს. შანშიაშვილის „ჰერეთის გმირები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 415.