ვაჟა-ფშაველას გამზირი
ვაჟა-ფშაველას გამზირი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი და ვაკის რაიონი |
წინა სახელები | კომინტერნის ქუჩა |
ვაჟა-ფშაველას გამზირი — გამზირი თბილისში, საბურთალოსა და ვაკის რაიონებში (საბურთალო). პეკინის გამზირიდან ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე კომინტერნის ქუჩა ერქვა.1961 წელს ვაჟა-ფშაველას სახელი ეწოდა. წარმოადგენს საბურთალოს ცენტრალურ მაგისტრალს. ოთხკილომეტრიანი გამზირი განაშენიანებულია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი-საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობებით: საქართველოს საისტორიო არქივი, ნ. ყიშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსი, მრავალსართულიანი საცხოვრებლები სახლები. გამზირი დასრულებულია ბუნებრივ ამფითეატრზე შეფენილი სამეცნიერო ქალაქით, რომელიც მოიცავს მრავალ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებას, ინსტიტუტს, ლაბორატორიას.
გამზირის ორივე მხარეს, სიღრმეში, განლაგებულია საცხოვრებელი კვარტლები. გამზირზე დგას წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, წმინდა ნინოსა და წმინდა ბარბარეს ეკლესიები. 1973 წელს დაიდგა ვაჟა-ფშაველას ძეგლი (მოქანდაკე გიორგი ოჩიაური, არქიტექტორები: რ. კიკნაძე, თ. მიქაშავიძე), რამაც ახალი საცხოვრებელი რაიონის განაშენიანებას თავისებური იერი მიანიჭა. გამზირზე დგას ივანე თარხნიშვილის (მოქანდაკე კონსტანტინე მერაბიშვილი) ძეგლი, დავით ბოლქვაძის (მოქანდაკე ბ. სულხანიშვილი) და არჩილ გელოვანის (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორი გ. მოწონელიძე) ბიუსტები. გამოდის მეტროს სადგურები: „სამედიცინო უნივერსიტეტი“, „დელისი“, „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. შესახვევებით უშუალოდ უკავშირდება შალვა ნუცუბიძისა და სიმონ კანდელაკის ქუჩებს. აქვს 3 შესახვევი, I ჩიხი (ყოფილი განივი ქუჩა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 69, 72, ISBN 978-99928-20-35-3.