ივანე თარხნიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თარხნიშვილი.
ივანე თარხნიშვილი
დაბ. თარიღი 3 (15) ივნისი, 1846
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 24 აგვისტო (6 სექტემბერი), 1908 (62 წლის)
გარდ. ადგილი Krzeszowice
დასაფლავებულია ტიხვინის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ნეირომეცნიერი, ფიზიოლოგი, ფსიქოლოგი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] , სამეცნიერო მუშაკი[1] და მთარგმნელი[1]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია და კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია
განთქმული მოსწავლეები Maria Manaseina
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ივანე რამაზის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი, თარხანოვი; დ. 15 ივნისი [ძვ. სტ. 3 ივნისი] 1846, თბილისი, საქართველო — გ. 6 სექტემბერი [ძვ. სტ.24 აგვისტო] 1908, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — ქართველი ფიზიოლოგი. 1863-1864 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე დაიწყო ივანე სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე“. იმავე წელს თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი ფიზიოლოგიაში.

1873 წელს ივანე თარხნიშვილი 2 წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ მეცნიერთა ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად, ხოლო შემდეგ — პროფესორად. 1895 წელს პროგრესული შეხედულებების გამო იგი იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. მუშაობდა ფიზიოლოგიის სხვადასხვა დარგში.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში „თარხანოვის ფენომენად“ იხსენიებენ. თარხნიშვილმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორის ძილისა და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების გავლენა. ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. ივანე თარხნიშვილი მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე. თარხნიშვილი ეწეოდა ბიოლოგიური და სამედიცინო საკითხების ფართო პოპულარიზაციას რუსეთსა და საქართველოში — კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა (შემდგომში ცნობილი ფიზიოლოგები: ბრონისლავ ვერიგო, ნაპოლეონ ციბულსკი, ვასილი ჩაგოვეცი და სხვა).[2]

იყო სამამულო სამედიცინო საზოგადოებებისა და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოეს.[2] 1947 წლიდან, თსსუ-ში არსებობს მისი სახელობის სამეცნიერო საზოგადოება.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვედელიძე გ.ვ. ივანე თარხნიშვილი. თბ., საბლიტგამი, 1947.
  • სააკაშვილი მ. გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი). თბ., კომუნისტი, 1947.
  • ერისთავი კ., სემენსკაია ე. ი. თარხნიშვილი, თბ, ცოდნა, 1962.
  • Научное наследие И.Р. Тархнишвили (Тарханова), Тб, 1962.
  • Саакашвили М.Г. Иван Рамазович Тархнишвили (Тарханов), Тб., 1963.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Czech National Authority Database
  2. 2.0 2.1 იოსელიანი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 590.
  3. დიდი ქართველი მეცნიერი – ივანე თარხან-მოურავი