ენგელსის პიკი
ენგელსის პიკი | |
---|---|
ენგელსის პიკი | |
კოორდინატები: 37°10′18″ ჩ. გ. 72°31′22″ ა. გ. / 37.17167° ჩ. გ. 72.52278° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი |
სიმაღლე | 6510 მ |
ქედი | შაჰდარის ქედი |
პირველი ასვლა | 1954 |
ენგელსის პიკი — მწვერვალი ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში. მდებარეობს პამირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შაჰდარის ქედზე. სიმაღლე 6510 მ.[1] უმეტესწილად აგებულია გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით.[2] პიკის რაიონში, შაჰდარის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთების თხემზე არის მყინვარები. პიკის ჩრდილო საფუძველთან ნასპარის მყინვარია, ხოლო სამხრეთ საფუძველთან მყინვარი კიშტიჯარობი. მწვერვალის თავდაპირველი სახელწოდება იყო იმპერატრიცა მარიას პიკი, რომელიც მწვერვალს XIX საუკუნის ბოლოს ეწოდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლის — მარიას (1847-1928) პატივსაცემად. საბჭოთა დროს მწვერვალს გადაარქვეს სახელი და მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის — ფრიდრიხ ენგელსის პატივსაცემად უწოდეს ენგელსის პიკი. მწვერვალი პირველად დაიპყრო მთასვლელთა ჯგუფმა ქართველი ალპინისტის მაქსიმე გვარლიანის ხელმძღვანელობით 1954 წელს.[3]