ანრი I (კონდეს პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანრი I
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი, 1569
მმართ. დასასრული: 5 მარტი, 1588
წინამორბედი: ლუი I
მემკვიდრე: ანრი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 დეკემბერი, 1552
დაბ. ადგილი: სენა და მარნა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 5 მარტი, 1588, (35 წლის)
გარდ. ადგილი: შარანტა, საფრანგეთი
მეუღლე: მარია კლეველი
(ქ. 1572 - გარდ. 1574)
შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი
(ქ. 1586)
შვილები: კატრინი, დ'ისლეს მარკიზა
ელეონორი, ორანჟის პრინცესა
ანრი II, კონდეს პრინცი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი I, კონდეს პრინცი
დედა: ელეანორ დე როი
რელიგია: ჰუგენოტები

ანრი I დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Henri Ier de Bourbon-Condé; დ. 29 დეკემბერი, 1552 — გ. 5 მარტი, 1588) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი I-ის უფროსი ვაჟი. კონდეს პრინცი 1569-88 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრი დაიბადა 1552 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთში. იგი იყო ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონის უმცროსი ძმის, კონდეს პრინც ლუი I-ისა და მისი პირველი ცოლის, საფრანგეთის დედოფალ ელეანორ ავსტრიელის სეფექალ ლუიზა დე მონმორანსის შვილიშვილი ელეანორ დე როის უფროსი ვაჟი. მისი მშობლების რვა შვილიდან მხოლოდ ანრიმ და მისმა ძმამ, კონტის პრინცმა ფრანსუამ მიაღწიეს ზრდასრულობამდე.

1569 წელს საფრანგეთის რელიგიური ომების დროს, ჟარნაკის ბრძოლაში ანრის მამა მოკლეს. ამის შემდეგ ანრი ხდება კონდეს პრინციც და ჰუგენოტების მთავარსარდალიც, რომელსაც მხარში ედგნენ მისი ბიცოლა, ნავარის დედა-დედოფალი ჟანა დ'ალბრე და მისი ბიძაშვილი, ნავარის მეფე ანრი III. ცნობილია, რომ ჰუგენოტებს თავად საფრანგეთის სამეფო კარზეც ჰყავდათ ძლევამოსილი მოკავშირეები, როგორიცაა ადმირალი დე კოლინი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მეფე შარლ IX-ზე.

1569 წლის 3 ოქტომბერს მონკურის ბრძოლაში ანრის სახე დაუსახიჩრდა. 1572 წლის 24 აგვისტოს, თავად ანრის ქორწილიდან სულ ორ კვირაში გაიმართა ნავარის მეფე ანრი III-ისა და საფრანგეთის პრინცესა მარგარიტა ვალუას ქორწილი, რაც წესით რელიგიური ომების დასასრული უნდა ყოფილიყო, თუმცა პირიქით. დედა-დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ ისარგებლა ჰუგენოტების პარიზში ჩასვლით და მათ დიდი ხოცვა-ჟლეტა მოუწყო, რა დროსაც ათი ათასობით ჰუგენოტი მოკლეს. ისტორიაში ეს მოვლენა ცნობილია "წმინდა ბართლომეს ღამის" სახელწოდებით. ამ დროს თავის გადარჩენის მიზნით ანრიმ, ისევე როგორც მისმა ბიძაშვილმა და სხვა ბევრმა ჰუგენოტმა კათოლიციზმი მიიღო. ამის შემდეგ მან სასწრაფოდ დატოვა პარიზი და გერმანიაში გაიქცა.

1573 წელს საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში რელიგიური ომები კვლავ განახლდა. ექვსი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ჰუგენოტებს ინგლისის ასევე პროტესტანტმა დედოფალმა ელიზაბეთ I-მა დამხმარე ჯარები გაუგზავნა, რის შემდეგაც ფრანგი კათოლიკეები დანებდნენ. ამ დროს ჰუგენოტებმა ბრძოლა მოიგეს, თუმცა საბოლოოდ ომი წააგეს. 1579 წელს პიკარდიეს კათოლიკე გუბერნატორმა ჰუგენოტები სასტიკად გაჟლიტა და გააძევა თავისი სამფლობელოდან, რასაც ომის განახლება მოჰყვა.

1588 წელს 35 წლის ანრი პნევმონიით გარდაიცვალა.

ქორწინებები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1572 წლის 10 აგვისტოს ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია კლეველი, რომელთანაც მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა, და რომელიც ქორწინებიდან ორ წელიწადში გადაჰყვა პირველივე მშობიარობას:

  1. კატრინი (1574-1595), დ'ისლეს მარკიზა;

1586 წლის 16 მარტს ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი, რომელთანაც ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი შეეძინა:

  1. ელეონორი (1587-1619), 1606 წელს ცოლად გაჰყვა ორანჟის პრინც ფილიპ ვილჰელმს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  2. ანრი II (1588-1646), კონდეს პრინცი, 1609 წელს ცოლად შეირთო შარლოტ მარგარიტ დე მონმორანსი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: 1. ლუნევილის ჰერცოგინია ანა ჟენევიევა, 2. კონდეს პრინცი ლუი II და 3. კონტის პრინცი არმან I.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Knecht, R.J. (1989). The French Wars of Religion, 1559-1598. Longman.
  • Knecht, R.J. (2000). The French Civil Wars. Pearson Education Limited.