სისხლის სამართალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სისხლის სამართალისამართლის ერთ-ერთი დარგი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება ითვლება დანაშაულად. ასევე თითოეული დანაშაულისათვის აწესებს შესაბამის სასჯელს.

როგორც პრაქტიკაში, ასევე დოქტრინაში განასხვავებენ მატერიალურ და პროცესუალურ სისხლის სამართალს.

ისტორია[რედაქტირება]

ძველი ცივილიზაციები ერთმანეთისგან არ ასხვავებდნენ სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. პირველი დაწერილი სამართლის კოდექსები შუმერებმა შექმნეს. დღემდე არსებული აღმოჩენების თანახმად, პირველი დაწერილი კოდექსი მიიღო ურის ნეო-შუმერმა მეფემ ურ-ნამუმ დაახლოებით 2100-2050 წლებში ქრისტეს შობამდე. თუმცა, ცნობილია, რომ მანამდე არსებობდა ლაგაშელი ურუკაგინას კოდექსიც. სხვა უძველეს კოდექსთაგან მნიშვნელოვანია ასევე ხამურაბის კოდექსი, რომელიც ბაბილონის სამართლის ბირთვს შეადგენდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი გაიუსის კომენტარები თორმეტი ტაბულის კანონებზე ერთმანეთში ურევდა სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. სისხლისა და სამოქალაქო სამართლის ერთმანეთისგან გარჩევის პირველი მცდელობა შეიმჩნეოდა ინგლისის ნორმანების მიერ დაპყრობის პერიოდში.

ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, თანამედროვე სისხლის სამართალი ჩაისახა XVIII საუკუნეში, როდესაც ძირითადმა ევროპულმა ქვეყნებმა მიიღეს შესაბამისი საერო კანონმდებლობა და მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნეს საპოლიციო სისტემები.

პირველი სისხლის სამართლის კოდექსი მიიღო საფრანგეთმა, რომელსაც ნაპოლეონის კოდექსსაც კი უწოდებენ. აქვე აღსანიშნავია გერმანელთა წვლილი ამ საქმეში. ცნობილი მეცნიერი და იურისტი ანსელმ ფოიერბახი მუშაობდა სისხლის სამართლის კოდექსზე, რომელიც ბავარიის კოდექსის სახელითაა ცნობილი.

სისხლის სამართლის მიზნები[რედაქტირება]

სასჯელის საშუალებით სისხლის სამართალი გარკვეულ მიზნებს ისახავს. სისხლის სამართლის მიზნები განსხვავებულია იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის სახელმწიფოა ან/და რა ტიპის საზოგადოებაა მოცემულ სახელმწიფოში. თუმცა, თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოების სისხლის სამართალში შემდეგი ხუთი მიზანი დომინირებს: სამაგიეროს გადახდა, პრევენცია, ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა, რეაბილიტაცია და რესტიტუცია.

  • სამაგიეროს გადახდა — სისხლის სამართლის ყველაზე ძველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. აღნიშნული დოქტრინის მიხედვით, რადგანაც დამნაშავემ დანაშაულის ჩადენით დაუმსახურებელი უპირატესობა მოიპოვა ან/და ზიანი მიაყენა სხვებს, მას ამისთვის სათანადო უნდა მიეზღოს.
  • პრევენცია — მიმართულია დანაშაულის თავიდან აცილებისაკენ. თუ ადამიანები დაინახავენ, თუ როგორ დაისაჯა მეორე ადამიანი სისხლის სამართლის დარღვევისთვის (მაგალითად მკვლელობისთვის) იგი შიშით აღარ ჩაიდენს დანაშაულს (ზოგადი პრევენცია) ან თავად დამნაშავე, რომელმაც თავად გამოსცადა სასჯელი, სხვა სასჯელის შიშით აღარ ჩაიდენს დანაშაულს (ინდივიდუალური პრევენცია).
  • ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა — თუ სასჯელის საშუალებით დამნაშავის ძირითადი საზოგადოებიდან იზოლირება მოხდება, საზოგადოება დაცული იქნება მის მიერ დანაშაულის მომავალი ჩადენისგან.
  • რეაბილიტაცია — მიზნად ისახავს დამნაშავის გამოსწორებას და ძირითად საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნებას. აღნიშნული მიზანი მეტნაკლებად დაკავშირევულია ინდივიდუალურ პრევენციასთან, რადგან საზოგადოების გაჯანსაღებული წევრისგან ნაკლებად მოსალოდნელია დანაშაულის ჩადება.
  • რესტიტუცია — არის დანაშაულის მსხვერპლზე ორიენტირებული სასჯელის თეორია, რომლის მიხედვით დანაშაულის მსხვერპლს უნაზღაურდება მიყენებული ზიანი. თუმცა, აღნიშნული მიზნის რეალიზების მექანიზმებს ცალკეულ სახელმწიფოებში ახდენს სამოქალაქო სამართალი.

სისხლის სამართლის წყაროები[რედაქტირება]

სისხლის სამართლის წყაროები არცთუ იოლი ცნებაა. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ მას აქვს ორი ძირითადი წყარო. ესენია: საკანონმდებლო და დოქტრინალური წყაროები. საკანონმდებლო წყარო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონები, რომლებიც არეგულირებს სისხლის სამართლის საკითხებს. აქედან უმთავრესი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. სხვა საკანონმდებლო წყაროებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის საკითხებს.

სისხლის სამართალი არ არის მხოლოდ კოდექსი და საკანონმდებლო აქტების კრებული, იგი არის მთელი მეცნიერება, თეორიათა კრებული, რომელსაც აქვს თავის მიზანი, კვლევის საგანი, ფუნქციები და თავისი მეთოდები. სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანესი წყაროა მეცნიერ-იურისტთა დისერტაციები, ნაშრომები და თეორიები, რომლებიც ატარებს დოქტრინალურ ხასიათს, ანუ ისინი ვინმესთვის სავალდებულ ხასიათის არმქონეა.

აღსრულების მექანიზმი[რედაქტირება]

თითოეული სამართლის დარგის სიცოცხლისუნარიანობა აღსრულების მექანიზმების ეფექტურობაზეა დამოკიდებული. სისხლის სამართალი სამართლის ის დარგია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები გააჩნია.

სისხლის სამართალს გააჩნია ნორმატიული და ინსტიტუციური აღსრულების მექანიზმები. ნორმატიულ მექანიზმებს შეადგენს პროცესუალური სამართლის კანონმდებლობა, რომელიც მატერიალური სამართლის აღსრულებისთვის აუცილებელ პროცედურებს ადგენს. ხოლო ინსტიტუციებს შეადგენს: პოლიცია, პროკურატურა სასამართლო და პენიტენციური სისტემა.