ილიადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ილიადას მეხუთე საუკუნის მანუსკრიპტი

ილიადა (ძვ. ბერძნ. Ἰλιάς) — ჰომეროსის დაწერილი 15 700 ჰეკზამეტრისგან შემდგარი ეპიკური პოემა, ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუში. მისი საფუძველი იყო ბერძენ გმირებზე შექმნილი მრავალრიცხოვანი მონათხრობები. ილიადას მოქმედება ხდება ტროას (ილიონის) ალყის მეათე წელს და დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს. მეცნიერთა აზრით დღევანდელი ტექსტი ალექსანდრიელი მეცნიერების რედაქციითაა შემორჩენილი.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ილიადა" აქაველების ბანაკში მიმდინარე კონფლიქტით იწყება. მეფე აგამემნონმა აპოლონის ქურუმის, ქრისესის, ქალიშვილი მოიტაცა. ქრისესი აქაველთა სწრაფ ხომალდებთან უზარმაზარი გამოსასყიდით, აპოლონის გვირგვინითა და ოქროს კვერთხით, მივიდა. უხეში უარყოფის შემდეგ კი მოხუცი მეუფე აპოლონს, სმინთევსს, ევედრება. მას უსმინა სხივოსანმა აპოლონმა და დანაელთა ჯარს შავი ჭირი შეჰყარა. ბერძნების კრებაზე, რომელსაც აქილევსმა მოუხმო, კალქასმა განაცხადა, რომ ღმერთის დაწყნარების ერთადერთი გზა ქრისეისის მამამისისთვის უსასყიდლოდ დაბრუნებაა. ატრევსის ძე აგამემნონი ემორჩლება ერთობლივ მოთხოვნას, მაგრამ დანაკარგის სანაცვლოდ, აქილევსს, რომელსაც მთელი ამ ინტრიგის ინიციატორად თვლის, მის საყვარელ ქალს, ლამაზღაწვიან ბრისეისს, ართმევს. განრისხებული აქილევსი თავის კარავში ბრუნდება და დედამისს, თეტისს, სთხოვს, რომ ზევსს შეევედროს აქაველების დამარცხება ტროელების მიერ, მანამ, სანამ აგამემგნონი მის, აქილევსის, მოთხოვნებს მთლიანად არ დააკმაყოფილებს.

მეორე სიმღერაში ზევსი აგამემნონს საბესისწრო სიზმარს უგზავნის და არწმუნებს, რომ ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალაქი აიღოს. აგამემნონი მახეს წამოეგო და ამის შესახებ გახარებულმა აქაველებს კრებაზე ამცნო. თუმცა, შეკრებილმა ხალხმა, ჯარის გამოსაცდელად, აქაველებს სამშობლოს ძვირფასი მიწებისკენ გაქცევა უბრძანა. ცხრაწლიანი ალყა გარღვევის პირასაა, მაგრამ, გაოცებულმა ჰერამ ათენას აქაველების გადარწმუნება უბრძანა. ათენა გაეშურა აქაველთა სწრაფმავალი ხომალდებისკენ, სადაც ოდისევსი იპოვა და უთხრა, რომ ხალხი შეეჩერებინა. ოდისევსმა ყველა დააწყნარა და კრება მოიხმო. ღვთაებრივმა ოდისევსმა ენაჭარტალა თერსიტესი, რომელიც მაგრად ღრიალებდა და აგამემნონს ლანძღავდა, სასტიკი სიტყვით გაკიცხა და კვერთხი ზურგსა და მხრებზე ჩასცა. ნესტორი, რომელსაც აგამემნონი დაეთანხმა, სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ნურავინ იჩქარებს სახლში დაბრუნებას, მანამ, სანამ ისინი შურს არ იძიებენ ჰელენეს ტანჯვისა და ქვითინისთვის. კრების დასრულების შემდეგ არგოსელებმა ზევსს მსხვერპლი შესწირეს და ინადიმეს. ნადიმის შემდეგ ნესტორმა ატრევსის ძეს, ლაშქრის შეკრება ურჩია, ამიტომაც აგამემნონმა მაცნეები გააგზავნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: