ეროვნული ინტერესები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული ინტერესები - საგარეო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად ეროვნული უშიშროებისა და გადარჩენის პრინციპები უდევს; იხმარება მხოლოდ სახელმწიფოების მიმართ. ეროვნული ინტერესების ცნებამ დროთა განმავლობაში შეცვალა სახელმწიფო ინტერესის (raison d’etat) დოქტრინა. ამ ცვლილებების არსი, ერთი მხრივ, ერი სახელმწიფოფოს წარმოშობისა და ნაციონოალიზმის აღმავლობას უკავშირდებოდა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს დინასტიური ინტერესების მთელი საზოგადოების ინტერესებით ჩანაცვლებას.

ეროვნული ინტერესების კონცეფცია პოლიტიკური რეალიზმის სკოლასა და მის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს ჰანს მორგენთაუს სახელს უკავშირდება. მან ეროვნული ინტერესები სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებასათან გააიგივა. მორგენთაუს მიხედვით, ამგვარად განსაზღვრული ეროვნული ინტერესები, როგორც სახელმწიფოს მოღვაწეობის მთავარი მიმართულება, ობიექტურ რეალობას წარმოადგენდა.

მოგვიანებით მორგენთაუს თვალსაზრისი ეროვნული ინტერესებისა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვის გაიგივების შესახებ უარყოფილ იქნა. ეჭვქვეშ დადგა მისი, როგორც ობიექტური რეალობის საკითხიც. ამის ნაცვლად საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ფეხი მოიკიდა ეროვნული ინტერესების უფრო სუბიექტური აღქმის თვალსაზრისმა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ ისტორიულ პირობებში მის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, ასევე ცვლილებები საერთაშორისო გარემოში. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულებების თეორიებისა და საერთაშორისო პოლიტიკის მოქმედი პირების პლურალისტური აღქმის გავრცელების კვალდაკვალ ეროვნული ინტერესების კონცეფცია, როგორც სუვერენული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ატრიბუტი, კიდევ უფრო მეტი კრიტიკის საგანი გახდა. ამის მიუხედავად, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულმა პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციამ დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარებაზე.