დეკემბრის აჯანყება საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1905 წლის დეკემბრის აჯანყება საქართველოშირუსეთის 1905 წლის რევოლუციის ნაწილი, საერთო-სახალხო შეიარაღებული გამოსვლა საიმპერიო ხელისუფლების წინააღმდეგ.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევოლუციურად განწყობილი ორგანიზაციების მღელვარებამ და გამოსვლებმა ფართო ხასიათი მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის იმპერიის საბოლოო მარცხისა და 1905 წლის 23 აგვისტოს პორტსმუთში გაფორმებული ზავის შემდეგ. განსაკუთრებულად აქტიური იყო კავკასია და მისი ცენტრი — ტფილისი.[1] ხელისუფლების მხრიდან დროებითი უკან დახევა იყო 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტი. მის თანახმად, იმპერატორი მოქალაქეებს ძირითადი სამოქალაქო უფლებებით უზრუნველყოფდა, აუქმებდა ცენზურას, დასაშვებად აცხადებდა შეკრება-დემონსტრაციებსა და კავშირებს. მანიფესტმა პროტესტი ვერ ჩაახშო და არც მეფის ხელისუფლებას უთქვამს უარი ძალმომრეობაზე. მანიფესტის გამოყენებით ხელისუფლება ჯარების გადასასროლი დროის მოგებას ცდილობდა. მანიფესტის გამოსვლიდან 2 დღის შემდეგ დიდი დემონსტრაცია გაიმართა გოლოვინის პროსპექტზე.[2]

დეკემბრის აჯანყების ინიციატორი იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ), რომლის კავკასიის კავშირის კონფერენციამ 1905 წლის ნოემბერში ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებს საყოველთაო შეიარაღებული აჯანყების მომზადება დაავალა და შექმნა სპეციალური ორგანო — კავკასიის ბიურო, მებრძოლი რაზმების შეიარაღებისა და გაწვრთნისათვის კი — სამხედრო-ტექნიკური კომისია. 7-8 დეკემბრის მოსკოვის აჯანყებამ ბიძგი მისცა საქართველოში დაეწყოთ შეიარაღებული აჯანყება ცარიზმის წინააღმდეგ.

მოვლენები თბილისში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის ხელმძღვანელობისათვის რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტმა შექმნა ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტი 31 კაცის შემადგენლობით. რკინიგზაზე პოლიტიკური გაფიცვის უშუალო ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა რკინიგზის თბილისის საგაფიცვო ბიურო 14 კაცის შემადგენლობით. საგაფიცვო ბიუროები შეიქმნა აგრეთვე რკინიგზის დიდსა და საკვანძო სადგურებზე. 12 დეკემბრიდან საგაფიცვო კომიტეტმა ამიერკავკავკასიის მთელ რკინიგზაზე პოლიტიკური გაფიცვა გამოაცხადა. ამ დღეს თბილისში გაიფიცნენ რკინიგზის მუშა-მოსამსახურეები, ფაბრიკა-ქარხნების, სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებათა და სტამბების მუშები. გაფიცულებმა ხელში ჩაიგდეს თბილისის რკინიგზის სადგური და ამიერკავკავკასიის მთელი რკინიგზა, რკინიგზის სამმართველო და ტელეგრაფი. ამიერკავკასიის რკინიგზების უფროსად სიმონა დოლიძე დაინიშნა. საგაფიცვო კომიტეტმა დაამყარა კონტროლი რკინიგზის შემოსავალზე, თბილისის სადგურზე მოაწყო სასამართლო, ნაძალადევში — საპატიმროები, ქუჩებში გამოაკრა პირველი მოთხოვნილების პროდუქტებისა და სამრეწველო საქონლის დაკლებული ფასები, დაიწყო მუშებისათვის იარაღის შეძენა და მუშათა „წითელი რაზმების“ შექმნა. კომიტეტმა იკისრა ქალაქსა და სადგურებში წესრიგის დაცვა, გაფიცვებისა და აჯანყების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს აქვეყნებდა საგანგებო „ბიულეტენში“, მატერიალურ დახმარებას უწევდა გაფიცულთ და ა. შ.

14 დეკემბერს მთავრობამ მოქმედება გადაწყვიტა, კავკასიის ოლქის შტაბში შედგა აჯანყების ლიკვიდაციის გეგმა და რკინიგზა დაექვემდებარა სამხედრო სამინისტროს. თბილისში, თბილისის გუბერნიასა და ამიერკავკასიის რკინიგზაზე სამხედრო-საალყო წესები შემოიღეს. რევოლუციონერებმა ვერ შეძლეს თავდაცვის ორგანიზება. ცენტრალურმა საგაფიცვო კომიტეტმა უარი თქვა განჯიდან რევოლუციურად განწყობილი ჯარის ნაწილების გამოწვევაზე და 150 შეიარაღებული წითელი რაზმელი დასავლეთ საქართველოში დააბრუნა. 15 დეკემბერს ჯარის ნაწილებმა უბრძოლველად დაიკავეს თბილისის სადგური, ასევე აიღეს სადგური ნავთლუღიც. ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტი ანდრიას (ახლანდ. თევდორე მღვდლის) ქუჩიდან ნაძალადევში გადავიდა, რომელიც მთლიანად აჯანყებულთა ხელში იყო.

შეტაკებები ნაძალადევში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშათა რაიონი ნაძალადევი (ნახალოვკა) მუშების ხელში იყო და დამოუკიდებელ „რესპუბლიკასაც“ წარმოადგენდა. იქ ჰქონდა მოყრილი თავი აჯანყებული მუშების ძირითად ძალებს. აქ არსებობდა სამხედრო შტაბი (ზ. ჩოდრიშვილის, მ. ბოჭორიძის, კამოს, ე. სართანიას და სხვათა შემადგენლობით), რომელიც ხელმძღვანელობდა მებრძოლი რაზმების მოქმედებას. ქალაქის დროებით გუბერნატორად და მის მოადგილედ დანიშნეს სოციალ-დემოკრატებისადმი სიძულვილით ცნობილი მონარქისტი გენერლები: ალიხანოვ-ავარსკი და გრიაზნოვი (მოგვიანებით ორივე მოკლეს რევოლუციონერებმა).[1]

18 დეკემბერს კაზაკებმა და რუსული მონარქისტულ-შოვინისტური „პატრიოტული საზოგადოების“ წევრებმა ნაძალადევს შეუტიეს და ბრძოლაში მუშები დაამარცხეს. ჯარის ნაწილებსა და რკინიგზის მუშათა შეიარაღებულ შორის შეტაკება მოხდა ხუდადოვის ტყის მახლობლად. მთავრობის ძალების რაოდენობა ათასს კაცს აღემატებოდა, ისინი იყენებდნენ ზარბაზნებსა და ტყვიამფრქვევებს. მუშათა რაზმების 500 კაცამდე იყო, რომელთაგან მხოლოდ 200-ს ჰქონდა იარაღი. აჯანყებულნი იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ბრძოლაში დაიღუპა 9 რაზმელი (შემდგომში მათ „ცხრა ძმა“ და „სახალხო მილიციონერები“ უწოდეს), დაიჭრა რამდენიმე კაცი (მ.შ. მოიხსენიება გალაქტიონ ძაგნიძე, სიმონ ტერ-პეტროსიანი, კამო), რომლებიც რაზმელებისათვის წინასწარ გამზადებულ საავადმყოფოში მოათავსეს. დაჭრილთაგან კამო დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.[1]

„ცხრა ძმა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შეტაკებას ემსხვერპლნენ (ე.წ. „ცხრა ძმა“ ანუ „სახალხო მილიციონერები“):

გაზეთი „სხივი“ გაზეთი „ცნობის ფურცელი“[3] ენციკლოპედია „თბილისი“[4] ენციკლოპედია „საქართველო“
1. გიორგი ელიავა გიორგი ელიავა გ. ელიავა გ. ელიავა
2. პეტრე (იესე) ცინცაძე პეტრე ცინცაძე გ. ცინცაძე პეტრე (იასე) ცინცაძე
3. მინა კილაძე მინა კალაძე მ. კალაძე მ. კალაძე
4. ვასო თვარაშვილი ვასილ თვარაშვილი ვ. მთვარაძე ვ. თვარაძე
5. ილიკო ნინიძე ილია ნინიძე ი. ნინიძე ი. ნინიძე
6. ვანო ხუცურია ვანო ხუცურია ვ. ხუცურაული ვ. ხუცურაშვილი
7. ტუხა ლაზიაშვილი ტუცა ლაზიაშვილი ტ. ლაზიაშვილი ტ. ლაზიშვილი
8. გრიგოლ ჯაში გ. ჯაში გ. ჯაში
9. ვანო თავაძე[ა] ვანო თვარაძე ვ. თავაძე ვ. თავაძე
10. გერასიმე დვალი[ბ] გ. დვალი
  1. „სხივის“ თანახმად, დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა
  2. „ცნობის ფურცელის“ თანახმად, დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა

იმ დღეს მხოლოდ ერთი შეტაკება არ მომხდარა და სხვა არაერთი ადამიანიც დაიღუპა.[2] ხელისუფლებამ კუკიის სასაფლაოზე დაღუპულთა დემონსტრაციულად დაკრძალვის უფლება არ მისცა. ამიტომ ხუდადოვის ტყეში დაღუპულები „საძმო სასაფლაოზე“ შეტაკების ადგილას დამარხეს. მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ მიმდებარე ქუჩას ცხრა ძმის ქუჩა უწოდა.[1]

საბოლოო ჩახშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

23 დეკემბერს ჯარმა იერიში მიიტანა დიდუბეში გამაგრებულ მუშათა შეიარაღებულ რაზმებზე. მუშები წინააღმდეგობას უწევდნენ და ისროდნენ სახლის სახურავებიდან, სარდაფებიდან, ფანჯრებიდან, მრავლად იყო მოკლული და დაჭრილი, განსაკუთრებით კაზაკების მხრიდან. ცალკეული შეტაკებანი კაზაკებთან, ჯარის ნაწილებსა და პოლიციასთან არ შეწყვეტილა დეკემბრის ბოლომდე.

მოვლენები დანარჩენ საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული ბრძოლები გაიმართა აგრეთვე ჭიათურაში, ბორჯომში, შორაპანში, ტყიბულში, გორის, დუშეთის, თელავის, სენაკის, შორაპნის, რაჭისა და სხვ. მაზრებში. განსაკუთრებით მწვავე ხასიათი ჰქონდა რევოლუციურ მოძრაობას ოზურგეთის მაზრაში, სადაც აჯანყებულმა გლეხებმა „გურიის რესპუბლიკა“ შექმნეს. მთავრობამ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ შეძლო აჯანყების ლიკვიდაცია. გლეხობა ებრძოდა მეფის ჯარს, პოლიციელებსა და „შავრაზმელებს“. გლეხთა კომიტეტები გადაიქცნენ რევოლუციური ხელისუფლების ორგანოებად. ისე როგორც მთელ რუსეთში, კონტრრევოლუციამ საბოლოოდ საქართველოშიც გაიმარჯვა. დაიწყო რეპრესიები რევოლუციონერთა წინააღმდეგ. 1906 წელს ამიერკავკასიის რკინიგზიდან დაითხოვეს 2700 მუშა, თბილისის მთავარი სახელოსნოებიდან — 680-მდე კაცი, დააპატიმრეს 300-ზე მეტი რევოლუციონერი. მიუხედავად მარცხისა, ბრძოლები ერთხანს გრძელდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაჭარავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 362–363.
  • კაჭარავა ი., პირველი სახალხო რევოლუცია საქართველოში, თბილისი, 1975;
  • ხაჭაპურიძე გ., 1905–1907 წლების რევოლუცია საქართველოში, თბილისი, 1955;
  • ხუციშვილი ი., 1905– 1907 წლების რევოლუცია საქართველოში, თბილისი, 1955;
  • ხაჭაპურიძე, გ., საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია გვ. 139-142 — თბილისი, სახელგამი, 1940
  • მახარაძე ფ., 1905 წელი ამიერკავკასიაში, გამოც. მე-2, ტფილისი, 1932;
  • Jones, Stephen F., Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883-1917. ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005, ISBN 0-674-01902-4.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ელისაშვილი, ალექსანდრე. ბოლშევიკური პანთეონი ხუდადოვის ქუჩაზე. archive.ge (1 აპრილი, 2012). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024
  2. 2.0 2.1 გვაძაბია, მიხეილ. როგორ გაჩნდა “ბოლშევიკური პანთეონი” ხუდადოვის ტყეში. netgazeti.ge (22 იანვარი, 2022). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024
  3. ტფილისი 11-დან 31 დეკემბრამდე // „ცნობის ფურცელი“, 3 იანვარი, 1906, № 2971.
  4. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 347, ISBN 978-99928-20-35-3.