გერმანიის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაიონები გერმანიაში. ყვითელი ფერით გამოყოფილია ფედერალური დაქვემდებარების ქალაქები, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში (გერმანიის დამოუკიდებელი ქალაქები)

რაიონი (გერმ. Kreis, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში) ან ფედერალური რაიონი (გერმ. Landkreis, ყველა დანარჩენ ფედერალურ მხარეში) გერმანიაში — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ერთეული, რომელიც დაყოფილია თემებად (გერმ. Gemeinde).

რაიონების წარმომადგენლობითი ორგანოებია მოსახლეობის მიერ არჩეული კრაისტაგები (Kreistag), რომლებიც შედგებიან კრაისტაგის დეპუტატებისგან (Kreistagsabgeordnete — ქვემო საქსონიაში, ბრანდენბურგში, ჰესენში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში), კრაისტაგის წევრებისგან (Kreistagsmitglieder — მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, რაინლანდ-პფალცში, ზაარლანდში და თიურინგიაში) ან კრაისრატები (Kreisrat — ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში და საქსონიაში), არაპროფესიონალი წევრებისგან (Ehrenamtliche Mitglieder, საქსონია-ანჰალტში). ბრანდენბურგში, ჰესენში, ქვემო საქსონიაში და საქსონია-ანჰალტში კრაისტაგი საკუთარი სხდომების ჩასატარებლად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კრაისტაგის თავჯდომარეს (Vorsitzender des Kreistages), მეკლენბურგ-წინა პომერანიაში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში — კრაისტაგის პრეზიდენტს (Kreistagspräsident). დანარჩენ ფედერალურ მხარეში კრაისტაგების სხდომები მიჰყავთ ლადრატებს.

რაიონების აღმასრულებელი ორგანოებია სარაიონო კომიტეტები (Kreisausschuss), რომლებიც შედგებიან ლანდრატებისგან (Landrat) და სარაიონო კომიტეტის წევრებისაგან. რაინლანდ-პფალცში ასევე არსებობს რაიონული სამმართველოები (Kreisvorstand), რომლებიც შედგებიან ლანდრატისაგან და ოლდერმენებისგან (Beigeordneter). ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში, ბრანდენბურგში, ქვემო საქსონიაში, რაინლანდ-პფალცში, საქსონიაში, საქსონია-ანჰალტში და თიურინგიაში ლანდრატი ასევე შედის კრაისტაგში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში ჰაინრიხ ფრიდრიხ შტაინმა სცადა შემოეღო თვითმმართველობის მოდელი სოფლის რეგიონებშიც. მისი წინადადებები რეალიზირებული იქნა მხოლოდ 80-იან წლებში, როდესაც რაიონებად დაიყო პრუსიის პროვინციები ვესტფალია (1886) და რაინის პროვინცია (1887).

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიის ტერიტორიაზე იყო დაახლოებით 1000 რაიონი. მათი მაქსიმალური სიდიდე განისაზღვრებოდა ისე, რომ რაიონის ხელმძღვანელს, საკუთარი რაიონის ყველაზე შორეულ ქალაქში შეკაზმული ცხენების ეკიპაჟით მისაღწევად, შეძლებოდა იმავე დღეს შინ დაბრუნებულიყო და ამასთან ერთად მას რჩებოდა საკმაო დრო შეესრულებინა საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობები.