ბექაას ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქარაუნის ტბა

ბექაას ხეობა, ან ბეკაას ხეობა (არაბ. وادي البقاع‎‎) — ნაყოფიერი ხეობა აღმოსავლეთ ლიბანში. იგი ქვეყნის მთავარ სასოფლო-სამეურნეო რეგიონს წარმოადგენს.[1] აგრეთვე ვითარდება ინდუსტრია, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან.

ბექაა მდებარეობს ბეირუთიდან აღმოსავლეთით, 30 კმ-ის (19 მილი) მოშორებით. ხეობას დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანის ქედი, ხოლო აღმოსავლეთიდან ანტილიბანი. იგი წარმოადგენს დიდი რიფტული ხეობის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს. რიფტული ხეობა ვრცელდება სირიიდან წითელ ზღვამდე. ბექაას ხეობა სიგრძეში 120 კმ (75 მილი), ხოლო სიგანეში 16 კმ-ია (9,9 მილი). ახასიათებს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი: ნალექიანი, ზოგჯერ თოვლიანი ზამთარი და მშრალი, თბილი ზაფხული.

ძვ. წ. I საუკუნეში, როდესაც რეგიონი რომის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, ბექას ხეობა ლევანტის რომაული პროვინციის მარცვლეულის მთავარი წყარო იყო. დღეს ხეობა ლიბანის სახნავ-სათესი მიწების 40%-ს შეადგენს. ხეობის ჩრდილოეთით, მისი მწირი ნალექის და ნაკლებად ნაყოფიერი ნიადაგის გამო, გამოიყენება ძირითადად საძოვარ მიწად. აქ განვითარებულია მომთაბარე მწყემსობა, რომელსაც ძირითადად სირიელი მიგრანტები მისდევენ. უფრო სამხრეთი, შედარებით ნაყოფიერი ნიადაგია, რის გამოც აქ განვითერებულია ხორბლის, სიმინდის, ბამბის და ბოსტნეული კულტურების მეურნეობა, აგრეთვე მევენახეობა და ხეხილის ბაღები. მისი ცენტრია ზაჰლე. ხეობაში ასევე აწარმოებენ ჰაშიშს და ოპიუმებს, რომლებიც ექსპორტზე გადიან უკანონო ვაჭრობით. 1957 წლიდან გამარტივდა სახნავ-სათესი მიწების ირიგაცია, რადგან ლიტანის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა (წყალსაცავია ტბა ქარაუნი).

მუჰაფაზები და ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაჰლე არის ბექაას მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი. ბეირუთ-დამასკოს ავტომაგისტრალი ხეობას შუაზე ჰყოფს. ზაჰლეს მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია, მათ შორის არიან მალკიტური ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის, ბერძნული მაღთლმადიდებლური ეკლესიის, მარონიტული კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები. ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ანჯარი. მისი მოსახლეობის უმეტესობა სომეხია. ქალაქში შემორჩენილია არაბული ნანგრევები.

ბექაას მუჰაფაზის ჩრდილოეთ ნაწილისა და ბაალბეკ-ჰერმელის მუჰაფაზის ტერიტორიაზე მცხოვრებთა უმრავლესობა ლიბანელი შიიტია, გამონაკლისია ქალაქი დიერ ელ აჰმარი, რომლის მოსახლეობა ქრისტიანია. ბაალბექ-ჰერმელის მუჰაფაზაში ქრისტიანები და სუნიტები უმცირესობას შეადგენენ. ისინი ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში — სირიის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ.

ხეობის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონების მოსახლეობა რელიგიურად შერეულია; არიან მუსლიმები, ქრისტიანები და დრუზები. ქალაქი ჯუბ ჯანინი, რომლის მოსახლეობა 12 000 კაცს შეადგენს, მდებარეობს ხეობის შუა ნაწილში. აქ უმრავლესობა სუნიტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: 34°00′32″ ჩ. გ. 36°08′43″ ა. გ. / 34.00889° ჩ. გ. 36.14528° ა. გ. / 34.00889; 36.14528