ბოეთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოეთანი, ბუეთანი — ქალაქი ისტორიული კახეთის გაღმამხარში (თანამედროვე საინგილოს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის სოფელ ყაზმის ტერიტორიაზე). საბუთებში ბუეთანის სახელითაც იხსენიება. 1579 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის მიერ სვეტიცხოვლისადმი ყმისა და მამულის შეწირულობის წიგნში ბოეთანი მოხსენიებულია შეწირული მონასტრის, ხატისკარის მამულების საზღვრად. მეფე პოეტის არჩილის „გაბაასებაში“ ბოეთანი მეფეთა საზამთრო ადგილი ჩანს. ბოეთანის საზამთრო რეზიდენციაში კახთა მეფეებს არაერთხელ მიუღიათ რუსეთის ელჩები. 1604-1605 წლებში რუსეთის ელჩები მ. ტატიშჩევი და ა. ივანოვი ბოეთანში მიუღია გიორგი ალექსანდრეს ძეს. ბოეთანში განახლდა ალექსანდრე მეფისა და დავითის მიერ 1603 წელს რუსეთის სამეფო კარზე გაგზავნილი წერილი, რომელშიც კახეთის მეფე რუსეთს ერთგულებასა და თანადგომას უცხადებდა.

ვახუშტი ბატონიშვილი ბოეთანის ადგილსამყოფლად ასახელებს ბელაქნისწყლისა და ალაზნის შეერთების ადგილს. დღეისათვის ბოეთანს აიგივებენ ბელაქნისწყლის დასავლეთით 3 კმ-ზე და რაიონული ცენტრის ბელაქანის სამხრეთით 18 კმ-ზე მდებარე ბოსტან-ქალაქის ნაქალაქართან. აქ დაცულია ორი ძეგლი: „დარბაზ შეჰირი“ და ნაეკლესიარი. პირველი რიყის ქვით ნაგები კვადრატული შენობის ნანგრევებია. დარბაზული ეკლესია კი აგურით იყო ნაშენები. შენობიდან გადარჩენილია მხოლოდ საკურთხეველი. ეკლესია სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს VIII-IX საუკუნეებში. მსგავსად კახეთის სხვა პუნქტებისა, ბოეთანიც ყიზილბაშთა შემოსევების შედეგად ჩანს განადგურებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., მარჯანიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 454.