ბაშკირული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაშკირული ენა
Башҡорт теле
გავრცელებულია რუსეთი
ბაშკირეთი
ჩელიაბინსკის ოლქი
ორენბურგის ოლქი
ტიუმენის ოლქი
სვერდლოვსკის ოლქი
კურგანის ოლქი
სამარის ოლქი
სარატოვის ოლქი
პერმის მხარე
თათრეთი
უდმურტეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა მშობლიური ენა: 1 245 990 (2010)
ოფიციალური სტატუსი ბაშკორთოსტანის დროშა ბაშკირეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ევრაზიული ენები:
ალთაური (სადავო)
თურქული
ყივჩაყური
პოვოლჟურ-ყივჩაყური ქვეჯგუფი
ბაშკირული
დამწერლობის სისტემა კირილიცა
რუკა
Bashkir language in the Russian Empire (1897).svg


ბაშკირული ენა (башҡорт теле  [bɑʂ.ˌqʊ̞rt.tɪ̞ˈlɪ̞]) — ბაშკირეთის მკვიდრი მოსახლეობის ენა. შედის თურქული ენების დასავლური შტოს ყივჩაყურ ჯგუფში. 2010 წლის მდგომარეობით ბაშკირულ ენაზე ლაპარაკობდა 1 245 990 ადამიანი, ბაშკირული ენის ფონეტიკური სისტემისათვის დამახასიათებელია ხმოვნის დუნე და უკანა არტიკულაცია, მინიმალური ბაგისმიერობა, ეგრეთ წოდებული არასრული წარმოქმნის ხმოვნები, ლაბიალიზებული a° ხმოვანი, საერთო თურქული e, o, ö და ბაშკირული i, u, ü ხმოვნებს შორის შესატყვისობა. თანხმოვანთა შორის აღსანიშნავია ინტერდენტალური ფონემების არსებობა. გრამატიკული სისტემა ძირითადად მისდევს თურქულ ენათა სისტემას. ძირითადი დიალექტებია აღმოსავლური, ჩრდილო-დასავლური და სამხრეთული. დამწერლობა 1929 წლამდე ეფუძნებოდა არაბულ გრაფიკას, 1929 წლიდან ლათინურს, 1939 წლიდან კი რუსულს. ბაშკირული ენის ამჟამინდელი დამწერლობა ეფუძნება კირილიცას.

ბაშკირული ენა არის ბაშკირეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენა. ბაშკირული ენის იურიდიული სტატუსი როგორც სახელმწიფოებრივი ენისა (რუსულ ენასთან ერთად) პირველად განისაზღვრა ბაშკირეთის საბჭოთა რესპუბლიკის დროებითი სამხედრო რევოლუციური კომიტეტის მდგომარეობით 1920 წლის 24 მარტს.[1] დღეისათვის აღნიშნული მდგომარეობა თანდართულია ბაშკირეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში.[2]

ბაშკირული ენა წარმოადგენს განათლების საშუალებასა და სწავლის საგანს დაწყებითსა და საშუალო სკოლებში, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყენება როგორც ჰუმანიტარული საგნების სწავლების საშუალება და როგორც საგანი ისე ისწავლება. ბაშკირულ ენაზე გამოიცემა სასწავლო, მხატვრული და პუბლიცისტური ლიტერატურა, გამოდის ჟურნალ-გაზეთები, ხორციელდება სატელევიზიო და რადიომაუწყებლობა, ფუნქციონირებს თეატრი და ა. შ. ენის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრებია: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, ბაშკირეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილება, ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაშკირეთის ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაშკირული ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მსოფლიოში ბაშკირულ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა 1,2 მილიონ ადამიანს აღწევს. 2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, რუსეთში ბაშკირულ ენას ფლობდა 1 152 404 ადამიანი, რომელთაგან: 977 484 ბაშკირია, 131 950 თათარი, 20 258 რუსი, 6 276 ჩუვაში, 3 211 მარელი, 1 953 ყაზახი, 1 630 უდმურტი, 1 279 უზბეკი და 8 363 სხვა ეროვნების პირი. გავრცელებულია საკუთრივ ბაშკირეთში, ჩელიაბინსკის, ორენბურგის, ტიუმენის, სვერდლოვსკის, კურგანის, სამარის, სარატოვის ოლქების ტერიტორიებზე, პერმის მხარეში, თათრეთისა და უდმურტეთის რესპუბლიკებში.[3]

ბაშკირული ენა შეყვანილია იუნესკოს 2009 წლის გამოცემაში „საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიოს ენების ატლასი“, სადაც მოწყვლადი ენის სტატუსი მიენიჭა — „ბავშვების დიდი ნაწილი საუბრობს ენაზე, თუმცა მისი გამოყენების სფერო შეიძლება შეზღუდული იყოს (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ხმარებით)“.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენის ფორმირების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირული ენის ისტორია ოთხ: ალთაურ (ფორმირდება უძველესი ფენა, აგლუტინაციურობა და სხვა საერთო ნიშნები ალთაური ენებისათვის), ზოგადთურქულ (ლაგდება ძირითადი ლექსიკური ფონდი, საბაზისო ფონეტიკური და სხვა თავისებურებები ყველა თურქული ენებისათვის), ყივჩაყურ (იწყება ყივჩაყურ თურქული ენებისათვის ფონეტიკური, ლექსიკური და სხვა თავისებურებების ფორმირება) და საკუთრივ ბაშკირულ ეპოქად იყოფა.

ბაშკირული ენა თუმცაღა მიეკუთვნება ყივღაყურ ჯგუფს, მასში არის ბულგარული (ჩუვაშურის დიალექტები), ოღუზური (თურქმენული, თურქულის დიალექტები) და ციმბირული (ალთაური, ტუვური, ხაკასიური, იაკუტური, ძველთურქული ენების ძეგლები) ენებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.

ბაშკირული ენის ცალკეული სპეციფიკური განსხვავებანი ირანულ, ფინურ-უგრულ, მონღოლურ, ტუნგუს-მანჯურიულ და სლავურ ენებთან ურთიერთკავშირის შედეგია. ბაშკირების მიერ ისლამის მიღების შემდეგ, მათმა ენამ განიცადა სხვა ენების მნიშვნელოვანი გავლენა: არაბიზმისა და ფარსიზმის მასიურმა შემოჭრამ გამოიწვია ბაშკირული ენის ლექსიკური და ფონეტიკური ცვლილება. XX საუკუნეში ბაშკირულ-რუსულის ორენოვნების განვითარების შედეგად მოხდა ცვლილება ენის ფონეტიკაში.

1918 წლის იანვარში ბაშკირეთის მთავრობამ ავტონომიური მმართველობის მდგომარეობის პროექტის ცალკეულ პარაგრაფში მიუთითა, რომ შიდა ავტონომიურ მმართველობასა და სასამართლოში ოფიციალური ენა იქნებოდა ბაშკირული. 1920 წლის 24 მარტს ბაშკირეთის საბჭოთა რესპუბლიკის დროებითმა სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა ბაშკირეთის ასსრ ტერიტორიაზე ბაშკირული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის მდგომარეობა მოიწონა. 1921 წლის 27 ივნისს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ბაშკირეთის საოლქო კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია ბაშკირული ენის სახელმწიფოებრივ ენად აღიარებისა და ყველა სასწავლო და სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში ბაშკირული ენის სწავლების აუცილებლობის შესახებ. 1921 წლის 1-4 ივლისს შედგა II საერთობაშკირულ კავშირთა ყრილობა, რომელმაც განაცხადა, რომ ბაშკირული ენა არის სრულუფლებიანი სახელმწიფო ენა რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ბაშკირეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილების თანახმად, ყველა სახელმწიფოებრივი დეკრეტი და განკარგულების გაცემა უნდა გამოცემულიყო ორ სახელმწიფო ენაზე — ბაშკირულსა და რუსულზე. 1925 წლის ბაშკირეთის ასსრ კონსტიტუციის თანახმად: „ბაშკირეთის ასსრ-ში ოფიციალური ენებია ბაშკირული და რუსული“.

სალიტერატურო ენის ფორმირების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირული სალიტერატურო ენა არის ბაშკირული ენის ისტორიულად ჩამოყალიბებული და განვითარებული ფორმა, რომელიც მრავალრიცხოვანსა და მრავალმხრივ ტექსტებში განსაზღვრული ხასიათის ნიშნებითაა წარმოდგენილი (სტაბილურობა, დამუშავება, უნივერსალურობა, ნორმირება და სხვა). იგი გვევლინება როგორც ზეპირი და სადამწერლო კავშირი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.[5]

ბაშკირები ძველთაგანვე იყენებდნენ თურქის სალიტერატურო ენის რეგიონულ ვარიანტს — ურალ-პოვოლჟურ თურქის. XVI-XVIII საუკუნეებში თურქი ურალ-პოვოლჟურში მოიმატა ყივჩაყურმა ელემენტებმა და რუსიზმმა, ხოლო XIX საუკუნეში სალიტერატურო ენაზე მეტად მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სასაუბრო ენა ბაშკირმა. ადრე არსებული ლიტერატურა (XVI-XX სს.) ვითარდებოდა ჯერ თურქის, ხოლო შემდეგ XIX-XX საუკუნეების მინჯაზე თათრული ენის სალიტერატუროზე.

XX საუკუნის დასაწყისში ყალიბდება თანამედროვე სალიტერატურო ბაშკირული ენა, რომელსაც გააჩნია სტანდარტიზებული ბუნება და ზედიალექტური მდგომარეობა. თანამედროვე სალიტერატურო ენა ძირითადად გამოხატავს ბაშკირული ენის სამხრეთული დიალექტის ფონეტიკურ თავისებურებას, თუმცა შეითვისა ლექსიკა და აღმოსავლური დიალექტის ზოგიერთი განსხვავებული ნიშანი. თანამედროვე სალიტერატურო ბაშკირული ენა ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში ურალ-პოვოლჟურ თურქის ძველი სადამწერლო ტრადიციების სინთეზისა და სახალხო-სასაუბრო მეტყველებისა და ენის ფოლკლორის ხარჯზე.[5]

1921 წლის 9 აპრილს სალიტერატურო ბაშკირული ენის საფუძველზე დამტკიცდა კუვაკანის დიალექტი; ეს არჩევანი იმით აიხსნებოდა, რომ კილოკავი უნდა ყოფილიყო შორს თათრული ენისაგან. სრულიად ბაშკირეთის I კონფერენცია ახალი ანბანის შესახებ 1921 წლის დეკემბერში განიხილავდა საკითხს სალიტერატურო ენის დიალექტური საფუძველის შესახებ, სადაც მოსმენილ იქნა მოხსენება ბაშკირული ენის კუვაკანის დიალექტის სალიტერატურო ნორმის აღიარების სასარგელბოდ.

1922 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია ბაშკირული სალიტერატურო ენის ანბანისა და ორთოგრაფიის შემუშავების შესახებ, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ: შაგით ხუდაიბერდინი, საგით რამიევი, კარიმ ხანიფი, შარიფ მანატოვი, დაუტ იულტი და სხვა. 1923 წლის 18 თებერვალს ბაშკირეთის ასსრ სახალხო კომისარების საბჭოს დეკრეტის თანახმად, შეიქმნა ცენტრლაური კომისია ბაშკირული ენის რეალიზაციის შესახებ, რომელსაც სათავეში შაგით ხუდაიბერდინი ჩაუდგა, რომელიც გარდა ამისა, დაკავებული იყო აგრეთვე სალიტერატურო ენის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტილებაში. თვით შაგით ხუდაიბერდინი იყო იურმატინის დიალექტის სალიტერატურო ნორმად აღიარების მომხრე.

1923 წლის 27 თებერვალს ბაშკირეთის ასსრ სახალხო კომისარების საბჭომ დაამტკიცა „ინსტრუქცია ბაშკირული ენის სახელმწიფოებრივი და კერძო სამართლებრივი დაწესებულებების სათემო და სასოფლო მასშტაბებში შეყვანის შესახებ“. 1923 წლის დეკემბერში შემოიღეს ახალი ბაშკირული დამწერლობა არაბული გრაფიკის საფუძველზე. 1924 წელს შეიქმნა ბაშკირეთის ახალი ბაშკირული ანბანის ცენტრალური კომიტეტი.

1923 წლის 17 დეკემბერს ბაშკირეთის სსრ სახალხო კომისართა საბჭოს აკადემიურმა ცენტრმა შარიფ სიუნჩელეის მეთაურობით მიიღო გადაწყვეტილება ბაშკირული სალიტერატურო კუვაკანური კილოს დაყრდნობასთან დაკავშირებით. 1924 წლის 20 თებერვალს ბაშკირეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ გამოიტანა დადგენილება „ბაშკირთა სალიტერატურო ენის შესახებ“, რომლის თანახმად, „საყრდენ დიალექტად არჩეულ იქნა იურმათის დიალექტი“ შემდგომი მისი დამუშავებისათვის იმისთვის, რომ იგი გასაგები გამხდარიყო „ბაშკირეთის მთელი თურქული მოსახლეობისათვის“. აღნიშნული დადგენილების პროტესტის ნიშნად, ზოგიერთი გაზეთი იბეჭდებოდა უშუალოდ კუვაკანურ დიალექტზე. ამავე დროს ერთ სათემოებსა და კანტონებში გამოიყენებოდა კუვაკანური კილო, ხოლო სხვებში — იურმათული. შედეგად, გადაწყვეტილ იქნა ბაშკირული სალიტერატურო ენის ფორმირება ორი დიალექტის საფუძველზე: კუვაკანურსა და იურმათიზე.

1924 წლის 2 მარტს ბაშკირეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კომისიის სხდომაზე გადაწყვიტეს კუვაკანური დიალექტიდან სალიტერატურო ენაში მრავლობითი რიცხვის ოთხი ვარიანტის ჩართვა: -ҙaр/-ҙәр, -тар/-тэр, -дар/-дәр, -лар/-ләр, ხოლო იურმათის დიალექტიდან ისესხეს სიტყვათწარმომქმნელი აფიქსები — лык/-лек, -ла/-лә და ა.შ. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სალიტერატურო ენამ ისესხა სიტყვა და ბრუნვა ორივე აღნიშნული დიალექტიდან, მცირე ლინგვისტური გამონაკლისებით. ასე, მაგალითად, წინააღმდეგობის გადაწყვეტისათვის ათარის ვარიაციათა შორის „კონი“ და ათარი „ის/იგი აბიჯებს“, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ათარი გაეხადათ „კონი“ და ათლარი „ის/იგი აბიჯებს“. ჩრდილო-დასავლელი ბაშკირები, რომელთა ენაც სხვა დიალექტებთან შედარებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სალიტერატუროსაგან, უპირატესობა მიანიჭეს თათრული ენის გამოყენებას.

1930-1950 წლებში შეინიშნებოდა სალიტერატურო ენის სწრაფი განვითარება და მისი ძირითადი ფუნქციონარული სტილის დაყენება, ხოლო 1950-იანი წლებიდან აღინიშნება თანამედროვე ბაშკირული სალიტერატურო ენის ნორმატივების სტაბილიზაცია.

დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირელი ტომები უძველეს დროში სარგებლობდნენ ძველი თურქული ანბანით. ისლამის მიღების შემდეგ, რომელიც დაიწყო X საუკუნეში და გაგრძელდა რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში, ბაშკირებმა დაიწყეს არაბული დამწერლობის გამოყენება. ამ დამწერლობის საფუძველზე წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული სადამწერლო-სალიტერატურო ენა თურქი და მისი ლოკალური ვარიანტი ძველი თათრული ენა, რომელზედაც წერდნენ XIII საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე.

XIX საუკუნის შუა წლებიდან ყალიბდება ბაშკირეთის ეროვნული დამწერლობა, რომლის აქტიური ეტაპი მიმდინარეობდა 1917—1923 წლებში. 1923 წელს არაბული გრაფიკის საფუძველზე დამტკიცდა ანბანი. 1929 წელს ლათიურის საფუძველზე გაჩნდა ბაშკირული დამწერლობა. 1940 წელს შემოიღეს აბანი დაფუძნებული კირილიცაზე. თანამედროვე ბაშირული ენის ანბანი შედგება 42 ასოსაგან. რუსულ ენასთან საერთო 33 ასოს გარდა, მიღებულია კიდევ 9 ასო ბაშკირული ენის სპეციფიკური ბგერის აღსანიშნავად.

ბაშკირული ანბანი

А а Б б В в Г г Ғ ғ Д д Ҙ ҙ Е е
Ё ё Ж ж З з И и Й й К к Ҡ ҡ Л л
М м Н н Ң ң О о Ө ө П п Р р С с
Ҫ ҫ Т т У у Ү ү Ф ф Х х Һ һ Ц ц
Ч ч Ш ш Щ щ Ъ ъ Ы ы Ь ь Э э Ә ә
Ю ю Я я

ანბანი დაფუძნებულია კირილიცაზე 9 დამატებითი სიმბოლოთი, რომელიც შეესაბამება სპეციფიკურ ბგერებს: ხშულ-მსკდომი Ғғ [ɢ], Ҡҡ [q], ინტერდენტალური ფრიკატივები Ҙҙ [ð], Ҫҫ [θ], ველარული ცხვირისმიერი Ңң [ŋ], ფარინგალური Һһ [h]; წინაენისმიერი ხმოვნები: ღია Әә [æ], საშუალო წევის სუპერლაბიალიზებული Өө [ø], ზედა წევის Үү [ʏ]. თანამედროვე ბაშკირული დამწერლობა მკაცრად ფონეტიკურია და თანამიმდევრულად გამოხატავს ბაგისმიერ (о/ө ხაზზე) და მწკრივ ჰარმონიას.

ლინგვისტური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფონეტიკა და ფონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხმოვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოკალიზმი ხასიათდება ეგრეთ წოდებული პოვოლჟურ-ყივჩაყური შეფერხებით, რომელმაც გამოიწვია არასრული წარმოქმნის სპეფიციკური ხმოვნების წარმოება — ы, е, о, ө. თანამიმდევრულად შეინიშნება პალატალური და ბაგისმიერი ჰარმონია — გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გვიანდელი ნასესხობა რუსული ენიდან. რუსული სიტყვებიდან ნასესხები სიტყვებიდან ხშირია პროთეზა: «шляпа» → «эшләпә» [эешл]әпә, «рожь» → [ар]ыш.

ბაშკირულ ენაში 9 ხმოვანი ფონემაა: [а], [ә], [э(е)], [и], [о], [ө], [у], [ү], [ы]. ძირის მორფემები თავის თავში შეიცავენ ყველა ხმოვანს, აფიქსებში არ გამოიყენება ხმოვნები [и], [у], [ү]. ხმოვნების შემადგენლობა:

წინა მწკრივი შუა მწკრივი უკან მწკრივი
ზედა აწევა ү, и (и) у
საშუალო აწევა ө, е, өү, еү о, ы, оу, ыу
დაბალი აწევა ә, әү а, ау

ხმოვნები ჯგუფებში დაპირისპირებულია მწკრივის მიხედვით. ხმოვანი и ოდინდელ სიტყვებში რეალიზებულია როგორც წინა (ил «ქვეყანა», ир «მამაკაცი»), არაბიზმებსა და სპარსიზმში შერეული მწკრივისაა და უკანა წარმოების თანხმოვნების მეზობლად — როგორც შუა (китап «წიგნი», ҡитға «კონტინენტი»). მწკრივული ჰარმონია მხარდაჭერილია მეტწილადაც არაბიზმებითაც ორიგინალური ბგერადობის წინააღმდეგ: донъя «მსოფლიო», талап «მოთხოვნა». დიფთონგი ыу, еү განვითარდა შესაბამისად *u и *ü-დან ღია მარცვლებიდან: һыу «წყალი».

ბაშკირული ენისათვის დამახასიათებელია ბგერების ლაბიალიზაცია და დელაბიალიზაცია, ბაგის დამრგვალების თანხლებით (ლაბიალიზაციის დროს) და ბაგისმიერის დაკარგვით (დელაბიალიზაციის დროს). ხმოვან ლაბიალიზებულს მიეკუთვნება [о], [ө], [у], [ү], არალაბიალიზებულს — [а], [ы], [ә], [э], [и]. ხმოვნების ლაბიალიზაცია [а], [ә] განპირობებულია ხმოვნის ბაგისმიერი ჰარმონიის კანონით და ხდება წარმოთქმის ნორმების შესაბამისად მე-2 მარცვალში [о], [ө] გავლენით 1-ში, მაგალითად, «ҡорал» (იარაღი) ҡ[о]р[а°]л, «һәнәр» (ხელობა) һ[ө]н[ө]р და სხვა. დელაბიალიზაცია მიმდინარეობს არალაბიალიზებული ხმოვნების ზეგავლენით ნასესხობის შედეგად, მაგალითად, «ведро» в[и]др[о] — «биҙрә» биҙр[ә], «солома» с[л]л[о]ма — «палам» һал[а]м, «комедия» к[л]м[э] дия — к[ә]мит და სხვა და აგრეთვე დიალექტურ სიტყვებში: «мөхәббәт» (სიყვარული) м[ө]х[ә]бб[ә]т — დიალექტი «мәхәббәт» м[ә]хәббәт, «суфый» (суфий) с[у]ф[ы]й — «һыпы» һ[ы]пы და სხვა.

თანხმოვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსონანტიზმი შესამჩნევად განსხვავდება სხვა ყივჩაყური და უპირველეს ყოვლისა, *ч > с: өс «სამი», саң «მტვერი»; *с > һ განვითარებით (დებუკალიზაცია) ანლაუტში: һаҙ «ჭაობი»; *с > ҫ ინლაუტსა და აუსლაუტში: эҫе «ცხელი»; баҫ- «დააბიჯა»; *з > ҙ: оҙон «გრძელი», көҙ «შემოდგომა»; *-д- (ხმოვნებს შორის და р-სთან) > ҙ: аҙым «ნაბიჯი», йоҙроҡ «მუშტი», ҡәрҙәш «ნათესავი»; *й- > й- ანლაუტში: ер «მიწა», ел «საღამო».

მორფოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირული ენა მიეკუთვნება აგლუტინაციურ ენებს. სიტყვაწარმოება მომდინარეობს აფიქსების ხარჯზე: балыҡ «თევზი» — балыҡсы «მეთევზე» — балыҡсылыҡ «თევზჭერა». მრავლობითი რიცხვი წარმოიქმნება აფიქსების დახმარებით -лар/-ләр ფუძის შემდეგ ხმოვნებზე: балалар «ბავშვები», кешеләр «ხალხი»; -тар/-тәр ყრუ თანხმოვნების შემდეგ: бармаҡтар «თითები», әкиәттәр «ზღაპრები»; -дар/-дәр მჟღერი თანხმოვნების შემდეგ: илдәр «ქვეყნები», көндәр «დღეები», йылдар «წლები»; -ҙар/-ҙәр -и, -й, -у, -ү, -р, -ҙ ფუძის შემდეგ: ерҙәр «მიწები», тауҙар «მთები», ҡыҙҙар «გოგონები», һарайҙар «სასახლეები», күнегеүҙәр «ვარჯიში», сөнниҙәр «სუნიტი».

ბაშკირულ ენაში გრამატიკულად არ არის გამოხატული სქესის კატეგორია, დამახასიათებელია წინდებულისა და თავსართის უქონლობა. მსგავსი აზრობრივი კონსტრუქციები აგრეთვე წარმოქმნებიან აფიქსების ხარჯზე: урамда «ქუჩაში», далала «სტეპში», ҡаланан «ქალაქიდან», ярға «ნაპირისკენ».

ლექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირული ენის ლექსიკა მეტად კონსერვატიულია. შედარებითი კვლევები უჩვენებენ, რომ თანამედროვე ბაშკირული ენა ინახავს VI-VIII საუკუნეების ძველთურქული რუნული ძეგლების ლექსიკის 95%-ს. მასთან ყველაზე ახლოს თათრული ენა დგას, რომელიც განსხვავდება ფონეტიკური და ნაწილობრივ გრამატიკული თავისებურებებით.

ბაშკირული ენის დიალექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლური დიალექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლური დიალექტი წარმოდგენილია ბაშკირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ნაწილობრივ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩელიაბინსკისა და კურგანის ოლქების ზოგიერთ რაიონში. გამოირჩევა დიიდ სიმტკიცით, ლექსიკური და ფონეტიკური თავისებურებებით, ცალკეული კილოკავი (არგაიაშის, სალიუთის) ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვითარდებიან იზოლირებულად ან შეზღუდული კომუნიკაციის პირობებში სხვა დიალექტებთან და ენის კილოკავებთან ერთად.

აღმოსავლური დიალექტი უჩვენებს ისეთ ნიშნებს, დამახასიათებელს ენის ძველი მდგომარეობისათვის, მაგალითად, ძველითურქული როტაციზმის რუდიმენტები, ზმნათა უღვლილების არტეფაქტები. დამახასიათებელია შემდეგი ფონეტიკური ნიშნები: თანხმოვანთა ასიმილაცია, რომელიც აფიქსებს მიეკუთვნება: аттар «ცხენები», илдәр «ქვეყნები», ҡырҙар «ველები»; ზედსართავის სიტყვაწარმოების თავისებურებები: ҡарттыҡ «სიბერე», дандыҡ «მამაცობა», ҡырҙыҡ «გედის მარცვლები»; йелде «შესანიშნავი», атты «საცხენო», жәйәүҙе «ქვეითი»; ზმნათა აფიქსების თავისებურებები: hөйҙәү «ლაპარაკი», эштәү «მუშაობა», йырҙау «სიმღერა», йоҡтау «ძილი», ოკაზიონალური туҡрау (თუქთაუსთან თანაბრად) «გაჩერება»; სიტყვების დასაწისსა და მარცვალში უპირატესად «ж» ხმარება «й» ნაცვლად (ანლაუტში): жыйыу «შეგროვება», жәй «ზაფხული», мәржен «მარჯანი»; ჰარმონიის უქონლობა (არასრული ჰარმონიის) о/ө ხაზზე: бойыҡ «ნაღვლიანი», "бөйек «დიადი»; ზოგადთურქულის რეალიზაციის თავისებურებები *s და *z: миасс. юр/ҙур («დიდი»), аргаяш. быhау «ხბო», миасс. ҫаhыҡ «მყრალი»; ძირში თანხმოვნების რუდიმენტული ხშობა: сипеш «წიწილა», түпә «მწვერვალი (მთები)», бәпәй «ძუძუთა ბავშვი».

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История башкирского народа: в 7 т./ гл. ред. М. М. Кульшарипов; Ин-т истории, языка и литературы УНЦ РАН. — Уфа: Гилем, 2010. — ტომი: V. — გვ. 468. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 978-5-7501-1199-2
  2. Конституция Республики Башкортостан. ч.4 статья 1
  3. Владение языками населением наиболее многочисленных национальностей по субъектам Российской Федерации
  4. UNESCO Interactive Atlas of the World’s Languages in Danger(ინგლისური)
  5. 5.0 5.1 Галяутдинов И. Г., Ишбердин Э. Ф. Башкирский литературный язык.// Башкортостан: краткая энциклопедия. — Уфа: Башкирская энциклопедия, 1996 =. — გვ. 672. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-88185-001-7