შინაარსზე გადასვლა

ბანაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანაბა
მშობ. სახელი: ინგლ. Banaba
მეტსახელი: ოკეანის კუნძული

ბანაბა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 0°51′34″ ს. გ. 169°32′13″ ა. გ. / 0.85944° ს. გ. 169.53694° ა. გ. / -0.85944; 169.53694
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 6,39 კმ²
უმაღლესი წერტილი 81 მ
კირიბატის დროშა კირიბატი
დემოგრაფია
მოსახლეობა 295 (2010)
სიმჭიდროვე 46,17 ად. /კმ²

ბანაბა ან ოკეანის კუნძული (ინგლ. Banaba) — კირიბატის მცირე კუნძული წყნარ ოკეანეში, რომელიც გილბერტის კუნძულების დასავლეთით და აღმოსავლეთით ნაურუს ტერიტორიული წყლების საზღვარზე მდებარეობს, ასევე ესაზღვრება საფრანგეთის პოლინეზიას (კუნძული მაკატეა). კუნძულის სიგრძე — 3,2 კმ-მდე, ფართობი — 6,39 კმ². კუნძულის ინგლისური დასახელებაა — «ოშენ» (ინგლ. Ocean), კირიბატულ ენაზე — ბანაბა. კუნძული პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ფოსფატების მოპოვების დროს. კუნძულის მოსახლეობაა — 295 ადამიანი (2010)[1], რომლებიც ცხოვრობენ მეჩხერი მცენარეულობით დაფარულ იმ რაიონში, რომელიც არ დაზიანებულა ფოსფატების მოპოვების დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს კუნძულ რამბიზე (ფიჯი). ისინი, ვინც კუნძულზე დარჩნენ, დღემდე ინარჩუნებენ თავის ტრადიციებს და არ წყვეტენ კავშირებს რამბიზე გადასახლებულ ნათესავებთან. კუნძული ძალიან საინტერესოა ეკოლოგებისათვის, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია სამთომომპოვებელი წარმოების საქმიანობის შედეგების ნახვა. კუნძულზე მოსახვედრად აუცილებელია კუნძულის საბჭოს ნებართვის მიღება.

ბანაბა კოსმოსიდან

კუნძული ბანაბა მდებარეობს 600 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ატოლ ტარავადან. ეს საკმაოდ იზოლირებული კუნძულია, რომელიც დაშორებულია გილბერტის კუნძულებს ასობით კილომეტრით. ბანაბა — კირიბატის რესპუბლიკის ყველაზე მაღალი კუნძულია, მისი მაქსიმალური სიმაღლე — 81 მეტრია. წარმოშობით — ამოწეული ატოლი. ფოსფატების საბადოების ექსტენსიური დამუშავება აქ მიმდინარეობდა 1979 წლამდე. ეს საბადოები, რომლის დანიშნულებაც იყო მისი გადამუშავება მინერალური სასუქის მისაღებად, მიეყიდა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას დაბალ საბაზრო ფასად, რამაც ხელი შეუწყო მის სასოფლო სამეურნეო ეკონომიკის განვითარებას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზუსტად 1979 წელს კირიბატის უნდა მიეღო დამოუკიდებლობა.

საწყისი 6 კმ² ნაყოფიერი ტროპიკული მიწიდან დარჩა მხოლოდ 0,6 კმ² საბადოების გადამუშავების შედეგად ხელუხლებელი ფართი, სადაც დღეისათვის ცხოვრობს კუნძულ ბანაბას დარჩენილი მოსახლეობა. 1996 წლის ოქტომბერში კუნძულის მოსახლეობა გაიზარდა 500 კაცამდე, რამდენიმე ადგილობრივი სახელისუფლო პირისა და მათი ოჯახის წევრების ჩათვლით. ბოლო მონაცემებით 2001 წელს ძლიერი გვალვის გამო მოსახლეობის ნაწილი გადასახლდა კუნძულ რამბიზე (ფიჯი), ამიტომ დღეისათვის ბანაბას კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 300 ადამიანი.

ადრეული პერიოდიდან მეორე მსოფლიო ომამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი იზოლაციის გამო კუნძული ბანაბა ევროპელი ზღვაოსნებისათვის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა უცნობი. კუნძულის ადრეული ისტორიის შესახებ საკმაოდ ცოტა რემეა ცნობილი. მისი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მათი წინაპრები იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსულები. მეცნიერები კი კამათობენ იმ პერიოდის ადამიანის ადრეულ მიგრაციაზე. სავარაუდოდ, კუნძულ ბანაბას პირველი დასახლებულები იყვნენ შავკანიანები (ანუ ბატაბატა), რომლებსაც ჰქონდათ დანარჩენი მელანეზიელების ფიზიკური თვისებები. კუნძულის ხალხური თქმულებებით ბანაბას პირველი დასახლებულები, როგორც ყველა გილბერტის კუნძულისა, მოვიდნენ ვანუატუდან. ესენი იყვნენ კუნძულ ტაბვევას მთავარი დასახლების «დაუნდობელი ხალხი» — მანგატი. ისინი მშვენივრად ფლობდნენ საბრძოლო ხელოვნებას და მაგიას. მათი საზღვაო მოგზაურობების შესახებ არანაირი წერილობითი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ისინი იყვნენ კუნძულებიდან გადმოსახლებულთა დიდი ნაკადის ნაწილი.

ამ ხალხის ბანაბას კუნძულზე დატოვებული მთავარი არქეოლოგიური რელიქტი ქვის დაბალი პირამიდებია, რომელიც მდებარეობს კუნძულის ძველ რეზიდენციასა და სოფელ ბუაკონიკაის შორის. სავარაუდოდ, ეს იყო საფლავები. ერთ-ერთ პირამიდაზე, მანეაბასთან ახლოს სოფელ ტე აკაში ღრეჩოებიდან შეიძლება ორი ადამიანის თავის ქალის დანახვა.

მრავალი წლის შემდეგ კუნძულ ბანაბაზე მოცურდა რამდენიმე ადამიანი კუნძულ ახალი გვინეიდან. ისინი გაჩერდნენ სოფელ ტაბვევაში და მათ იცნობდნენ, როგორც აურიარიის ბავშვებს. როგორ გაჩნდნენ ისინი კუნძულზე ცნობილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ მათ გზა აერიათ. ისინი არ იბრძოდნენ კუნძულზე დომინირებისთვის ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, უბრალოდ ნელა-ნელა ავიწროვებდნენ მათ აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ. ბოლოს და ბოლოს, მჭიდრო ურთიერთობებისა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ქორწინების გამო, მათ გაიყვეს ტაბვევა ტე კარიად (მათი ნაწილი, რომელიც გამოირჩეოდა ნაყოფიერი მიწით და შედგებოდა 8 სოფლისაგან) და ტე კარიეტად (ნაკლებად ნაყოფიერი მიწის ნაწილი და შედგებოდა 7 სოფლისაგან). შემდგომში მოსახლეობის ზრდის გამო დაარსდა აონოანეს და ტოაკირას ოლქები. ტე კარიას და ტე კარიეტას მოსახლეობა ცხოვრობდა თანხმობაში, ამის დამადასტურებელია სოფლები, რომელშიც ცხოვრობდა ამ ორი ოლქის მაცხოვრებელი ხალხი, მაგალითად, აურაკეია და მარაკეი.

გვალვების პერიოდამდე, რომელიც კუნძულზე დაიწყო 1873 წელს და გრძელდებოდა 3 წლის განმავლობაში, კუნძულის ძირძველი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 2000 ადამიანს. ისინი ძირითადად დაკავებული იყვნენ თევზჭერით, მიწის დამუშავებით, ქოქოსის პალმის, პანდანუსის და ველური ნუშის მოშენებით. ღამ-ღამობით ტარდებოდა სხვადასხვა რიტუალები. კუნძულზე ყოველთვის არსებობდა მტკნარი წყლის დეფიციტი. კუნძულზე გვალვების დროს შრებოდა წყალსატევები, ხოლო წვიმიან პერიოდში მათ ყურადღებას აქცევდნენ ქალები. კუნძულზე წყალსატევებს ეძახდნენ «Banga-bangas»-ს. წყლის სათავეები იყო კლდეებში და ისე ღრმად, რომ მათთან მიღწევა შეუძლებელი იყო, მხოლოდ 1900 წელს ფოსფატების მოპოვებასთან დაკავშირებით ბრიტანელი მეშახტეების ჩამოსვლამ ეს სათავეები გახადა მიღწევადი. 1873—1875 წლებში სამწლიანი გვალვის პერიოდში ავიტამინოზის გამო დაიღუპა კუნძულის მოსახლეობის უმეტესობა და მან შეადგინა 400 ადამიანი.

1868 წელს კუნძულზე დასახლდა თეთრკანიანი მისიონერი. ის იყო ამერიკელი ღვთისმსახური-მეთოდისტი, რომელსაც ერქვა კაპიტანი ვოლკაპი. კუნძულის უხუცესები მის გამოჩენას არც თუ კარგად შეხვდნენ, ამიტომ ვოლკაპის საგანმანათლებლო მოღვაწეობა თავიდან ნაკლებ პროდუქტიანი იყო, თუმცა, ამ დროს გამოჩნდა კუნძულზე პირველი ბიბლია გილბერტულ ენაზე, იმ დიალექტზე, რომელიც ახლოა კუნძულ ბანაბას მოსახლეობის ენასთან. ქრისტიანობა მიიღო მოსახლეობის მხოლოდ მესამედმა, დანარჩენი ნაწილი დარჩა კუნძულის ტრადიციული აღმსარებლობის მომხრედ. მათ, ვინც მიიღო ახალი რწმენა, აეკრძალათ ემღერათ და შეესრულებინათ ტრადიციული ცეკვები. 1892 წელს გილბერტის კუნძულებზე მოცურდა გემი «როიალისტი», ბრიტანეთის გვირგვინის მიერ კუნძულების ანექსიის გამოსაცხადებლად. საზღვარი ბრიტანეთის იმპერიასა და გერმანიის კოლონიებს შორის გაივლო 1880 წლის შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ხელი მოაწერა ამ ორმა ქვეყანამ. გერმანიის კოლონიები მდებარეობდნენ გილბერტის კუნძულების დასავლეთით, ხოლო ბრიტანეთის — აღმოსავლეთით. საზღვარი გადიოდა კუნძულ ნაურუსა (გერმანია) და კუნძულ ბანაბას (დიდი ბრიტანეთი) შორის. წყნარი ოკეანის კუნძულებზე ძირითადად მუშაობდნენ ბრიტანელი და ფრანგი ვაჭრები, რომლებიც ყიდდნენ გუანოს. მისი შერევით მარილთან ან ქვიშასთან მიიღება ძალიან კარგი სასუქი. 1900 წლისთვის წყნარი ოკეანის ყველა კუნძულზე უკვე მუშაობდა გუანოს მძებნელი სამეცნიერო თანამშრომლები, რომლებიც მთელ მსოფლიოს ესაჭიროებოდა. ასე რომ მელბურნში (ავსტრალია) დაფუძნდა ავსტრალიურ-ბრიტანული კომპანია, ცნობილი როგორც წყნარი ოკეანის კუნძულების კომპანია (The Pacific Island Company), რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯონ არანდელი (Arundel). მათ ჰქონდათ პატარა გემი «არჩერი», რომელსაც ყოველწლიურად გადაჰქონდა 100 000 ტონა გუანო. ამ კომპანიაში მუშაობდა ალბერტ ელისიც. იცოდა რა, რომ გუანოს მარაგი მუდმივად მცირდებოდა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომპანიას, მან დაიწყო გამოკვლევების ჩატარება. გამოკვლევების შედეგად მან შეისწავლა ერთ-ერთ კუნძულზე ნაპოვნი ქვა და მასში იპოვა ფოსფატების შემადგენლობა. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს ქვა ნაპოვნი იყო კუნძულ ნაურუზე, რომელიც იმ დროს გერმანიას ეკუთვნოდა. თვითონ ელისი არასოდეს არ იყო ნამყოფი არც ნაურუზე და არც ბანაბაზე, მაგრამ მან ივარაუდა, რომ რადგან ეს ორი კუნძული ერთმანეთისგან დაშორებული იყო 241 კმ-ით, მათ ექნებოდათ ერთი და იგივე სტრუქტურა. ისიც აღსანიშნავია, რომ თუ კუნძულ ბანაბაზე აღმოჩნდებოდა ფოსფატების საბადოები, მაშინ ის დაუყოვნებლივ ბრიტანეთის მიერ იქნებოდა ანექსირებული. 1900 წლის 3 მაისს გემი «არჩერი» მიცურდა კუნძულ ბანაბასთან. მოკლე დროში კუნძულზე აღმოაჩინეს ფოსფატების მსხვილი საბადოები საერთო ფართობით 0,6 კმ². სავარაუდოდ, აქ შეიძლებოდა მინიმუმ 10 მილიონი ტონა ფოსფატის მოპოვება, იქნებ 3-ჯერ მეტიც კი. ამის შემდეგ კომპანიის მთავარი მიზანი გახდა საკუთარი ინტერესების დაცვა და ამ დიდი რაოდენობის ფოსფატების სხვა ქვეყნებისათვის დამალვა. გემ «არჩერზე» მოიწვიეს კუნძულის ყველა უხუცესი, რის შედეგადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევდა კუნძულ ბანაბაზე მოეპოვებინა ფოსფატი და გაეკეთებინა მისი ექსპორტი 999 წლის განმავლობაში. ამაში კომპანია იხდიდა £50 წელიწადში ან კუნძულის მოსახლეობისთვის იძლეოდა ამავე რაოდენობის თანხის კომპანიის კუთვნილ სხვადასხვა საქონელს. კომპანიის სახელით დოკუმენტზე ხელი მოაწერა ალბერტ ელისმა. მაგრამ მომავალში ცნობილი გახდა, რომ ეს დოკუმენტი არაფერს არ ნიშნავდა, რადგან ისინი, ვინც მასზე ხელი მოაწერა, არ ფლობდნენ კუნძულის მთლიან მიწას. კუნძულ ბანაბას ყოველი ოჯახი ფლობდა მხოლოდ საკუთარ ნაკვეთს. 1900 წლის 10 მაისს შეძენილი იქნა კუნძულის ნაწილი ფოსფატების საბადოების დასამუშავებლად იმ პირობით, რომ არ განადგურდებოდა პალმის ნარგავები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ბინების მშენებლობას ფოსფატების ვაჭრობისათვის და ტრამვაის ხაზის გაყვანას. ადგილობრივი მოსახლეობისთვის გათვალისწინებული იყო თანხის გადახდა 8 შილინგის რაოდენობით ერთი ტონა ფოსფატის მოპოვებაზე, ამასთან ისინი ასევე ვალდებულები იყვნენ ტვირთი გაეგზავნათ გემებით. კუნძულზე არ არსებობდა საკვები პროდუქტების დეფიციტი. ხელუხლებელ მიწაზე მოჰყავდათ ქოქოსის პალმა, პურის ხე, პანდანუსი, შაქრის ლერწამი, ინდური მანგო და გოგრა.

თვითონ ელისი არწმუნებდა ადგილობრივ მოსახლეობას და უხუცესებს, რომ აშენდებოდა მტკნარი წყლის საცავები მათი უკმარისობის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში, მათ შეეძლოთ მტკნარი წყლის მიღება ზღვის წყლიდან კონდენსატორების დახმარებით. კომპანიის ინტერესების დასაცავად ელისმა ჩათვალა აუცილებლად აღემართა ბრიტანეთის დროშა ბანაბას კუნძულზე, რაც ხაზს გაუსვავდა, რომ ეს ტერიტორია იყო ბრიტანეთის იმპერიის სამფლობელო, თუმცა თვითონ ელისს ეს უფლებამოსილება არ გააჩნდა. 1900 წლის 28 აგვისტოსათვის კუნძულის მოსახლეობას უკვე მოპოვებული ჰქონდა რამდენიმე ტონა ფოსფატი. საბადოებზე სამუშაოდ მუშები ჩაიყვანეს ჰავაის კუნძულებიდან. თვითონ ბრიტანეთის მთავრობა ჩქარობდა ოფიციალურად მოეხდინა კუნძულის ანექსია. ამ საქმეში კომისიის მეთაურად დაინიშნა ადმირალი ტაპერი, რომელმაც აღმართა დიდი ბრიტანეთის დროშა კუნძულზე 1901 წლის 28 სექტემბერს. 1902 წელს წყნარი ოკეანის კუნძულების კომპანიას ეწოდა წყნარი ოკეანის ფოსფატების კომპანია (The Pacific Phosphate Company), რომლის კაპიტალმა მიაღწია £250 000, ხოლო დივიდენდება 1903 წლიდან 1907 წლამდე — 27 %-ს. კუნძულზე ყოველწლიურად მოდიოდნენ უფრო და უფრო მეტი უცხოელები, შედეგად კუნძულზე დაარსდა საკუთარი პოლიცია. ფოსფატის მოპოვების ოპერაციებისათვის კუნძულზე სპეციალურად აიგო გემი «პასიფიკ ქუინი». ფოსფატის მოპოვების ზრდასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიისთვის ხელის შემშლელი გახდა, რადგანაც ის უარს ამბობდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე, რომელიც ეხებოდა ფოსფატების შემდგომ მოპოვებას. მოსახლეობა ასევე ხშირად ეკითხებოდა კომპანიის ხელმძღვანელობას, როდის აღდგებოდა ნარგავები, რომლებიც განადგურდა ფოსფატების მოპოვების შედეგად. 1909 წლისთვის უკვე მიწის 240 აკრი დაიფარა ზოლებით ფოსფატების შახტებისაგან. კუნძულზე ხელუხლებელი დაეჩა მხოლოდ 0,98 კმ² მიწა, რომელზეც ცხოვრობდა კუნძულის მოსახლეობა და სადაც მოჰყავდათ სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები. მოსახლეობას კიდევ აღარ უნდოდა კომპანიისთვის მიეცა კუნძულის არც ერთი სანტიმეტრი. საქმე მიდიოდა კონფლიქტისაკენ, რომელიც არ დარჩა შეუმჩნეველი ლონდონისათვის. შედეგად 1913 წელს კუნძულზე დასახელდა ახალი კომისიონერი — კ. ელიოტი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კუნძულ ბანაბას მამაკაცების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღოთ საბრძოლო მოქმედებებში ბრიტანეთის მხარეზე, მაგრამ კომპანიამ მათ უარი უთხრა. ომის დროს ფოსფატების მოპოვება გრძელდებოდა. მაგრამ 1920 წლის ივლისში გაზეთმა «ლონდონ ტაიმსმა» დაბეჭდა, რომ წყნარი ოკეანის ფოსფატების კომპანიას ელოდებოდა გაკოტრება. ელოდებოდნენ კომისიონერთა საბჭოს და ბრიტანეთის ფოსფატების კომისიის, რომელმაც გაყიდა კომპანია შეკრებას. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის ფოსფატების კომისიამ ალბერტ ელისის მონაწილეობით ახალზელანდიური კომისიონერის დარგში გადაწყვიტა მიეცა ბანაბას კუნძულების გუანო დაბალ ფასებში ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ფერმერებისთვის. ფოსფატების ნედლეულის ფართემასშტაბიანი მოპოვება კუნძულ ბანაბაზე გრძელდებოდა 1940 წლამდე.

კუნძული მეორე მსოფლიო ომის დროს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებები ბანაბას და ნაურუს კუნძულებზე დაიწყო გერმანელი მფრინავების შეტევებით 1940 წელს. იაპონელთა პირველი შეტევა ასევე განხორციელდა კუნძულ ბანაბაზე. ამერიკულ საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორზე შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ იაპონელებმა კუნძულზე ჩამოაგდეს 6 ბომბი. ამ შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და შენობების ნგრევა, მაგრამ მომდევნო დღეს განახლდა კუნძულის დაბომბვა, რის შედეგადაც დაინგრა ახალი სამთავრობო შენობა, მექანიკური საამქრო და ბრიტანული ფოსფატების კომპანიის შენობა (British Phosphate Commission). როგორც ცნობილია, ბანაბას კუნძულის რადიოსადგური იყო გილბერტის კუნძულების სანაპირო დაცვის მთავარი სადგური. ამიტომ ვარაუდობენ, რომ იაპონიის ავიაციის საჰაერო შეტევების ძირითადი მიზანი იყო ამ რადიოსადგურის განადგურება. მიუხედავად ამისა, ის გადაურჩა დაზიანებას და განაგრძობდა მუშაობდას იაპონელთა კუნძულზე გადასხდომისა და მის დაპყრობამდე.

1941 წლის ივლისში იაპონიასთან ომის მოლოდინში ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა კუნძულ ბანაბაზე მომუშავე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიის ყველა თანამშრომლის ცოლების და შვილების ევაკუაცია მოახდინეს. მათ წასაყვანად მოცურდნენ ავსტრალიის სავაჭრო გემები «ვიტო» და «კენილვორტი», რომელთაც იცავდა შეიარაღებული სავაჭრო კრეისერი «ვესტრალია». დეკემბერში იაპონელთა შეტევების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება გაეგრძელებინათ დანარჩენი ევროპელების ევაკუაცია. გილბერტის, ელისის და ბანაბას კუნძულების მოსახლეობა ყველამ დაივიწყა, რადგან ჩათვალეს, რომ იაპონელთა მიერ მათი დაპყრობის შემდეგ ისინი განსაკუთრებით არ დაზარალდებოდნენ. თებერვლის ბოლოს ფრანგულმა ესმინეცმა «ლა ტრიომფანმა» მოახდინა ევროპელების ევაკუაცია კუნძულებიდან ბანაბა და ნაურუ.

1941 წლის 24 აგვისტოს იაპონიის ფლოტის მთავარსარდალმა ადმირალმა იამამოტომ, ბრძანება გასცა მეოთხე ფლოტილიას დაეპყრო კუნძულები აბემამა, ბანაბა და ნაურუ. 24 აგვისტოს 24-ე საჰაერო ფლოტილიის ცხრა თვითმფრინავმა დაბომბა კუნძული ბანაბა, ხოლო ორმა ესმინეცმა «არიაკემ» და «იუგურემ» მათ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. 26 აგვისტოს ესმინეც «იუგურედან» კუნძულზე გადასხდა იაპონიის ჯარი.

იაპონიის ჯარების მიერ კუნძულის დაპყრობამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუარესება. კუნძულის დაპყრობიდან სულ ცოტა ხანში იაპონელებმა დაიწყეს მისი გამაგრება ადგილობრივი მოსახლეობის მონური შრომის ხარჯზე.

იაპონელებმა დაიპყრეს კუნძული ბანაბა იმიტომ, რომ არ შეეშვათ იქ თავისი მოკავშირეები. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე ფოსფატების საბადოებზე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიის პერსონალმა მოაწყო საბოტაჟი, ამ დროს იაპონელებს არც უცდიათ დაეპყროთ საბადო. იაპონელების ოკუპაციის მიზანი იყო მხოლოდ სტრატეგიული ხასიათის. იაპონელებმა საჩქაროდ გაამაგრეს კუნძული, შექმნეს მოედნები ზარბაზნებისათვის და სატყუარები ნაპირზე, მოწინააღმდეგის კუნძულზე გადმოსხდომის საწინააღმდეგოდ. კუნძულ ბანაბაზე არ არსებობდა პორტი, ასევე არც უცდიათ აეშენებინათ აეროდრომი, ამიტომ კუნძული გახდა იზოლირებული ციხე-სიმაგრე იაპონელთათვის არანაირი განსაკუთრებული პრაქტიკული საჭიროების მქონე.

როგორმე რომ შეემსუბუქებინათ საკვების დეფიციტი კუნძულზე, მისი მაცხოვრებლები გადაჰყავდათ სხვა კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დიდი საფრთხე გემების განადგურებისა. მოსახლეობის უმრავლესობა გადაიყვანეს კუნძულ ნაურუზე, ნაწილი კი ტარავაზე ან კუსაიეზე (კაროლინის კუნძულები). ყველა ქალი და ბავშვი გადაასახლეს კუნძულიდან. იაპონელებმა დატოვეს მხოლოდ 150 მამაკაცი, რომლებიც ეხმარებოდნენ საკვების მოპოვებაში. მაგრამ იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ 1945 წლის აგვისტოში, კუნძულის ყველა მაცხოვრებელი დაყვეს 6 ჯგუფად, ხოლო შემდეგ დახვრიტეს.

როდესაც კუნძულ ბანაბაზე გადასხდნენ მოკავშირეები, მათ კუნძულზე აღმოაჩინეს მხოლოდ იაპონელები, რომლებმაც ადგილობრივ მოსახლეობაზე მათ უთხრეს, რომ ისინი ევაკუირებულნი იყვნენ. სიმართლე მალე გაირკვა, როცა ერთადერთი გადარჩენილი 28 წლის ნიკანაუ კაბუნარე გამოვიდა სამალავიდან. მასაც ესროლეს, მაგრამ იაპონელებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ ის მოკვდა. სინამდვილეში ტყვია მას არ მოხვედრია, მან თავი მოიმკვდარუნა და მთელი სამი თვე იმალებოდა გამოქვაბულში. ის იქიდან მხოლოდ ღამით, ჩუმად გამოდიოდა საკვების საშოვნელად.

თავიდან იაპონელებს ბრალი დასდეს კუნძულის მოსახლეობის მკვლელობაში, ეყრდნობოდნენ იმას, რომ ეს გაკეთებული იყო იმისთვის, რათა მხოლოდ მათ შეძლებოდათ კუნძულის ღარიბი საკვების და წყლის რესურსების გამოყენება.

მეთაური ოფიცერი — სუძუკი ნაოომი წარდგა სასამართლოს წინაშე, როდესაც რაბაულას (ახალი გვინეა) ავსტრალიელი სამხედროების ინიციატივით დაიწყო სასამართლო პროცესი სამხედრო დანაშაულების სფეროში 1946 წლის აპრილში. სუძუკი ნაოომის და უმცროს ოფიცერს ნარა იოსიოს ბრალი წაუყენეს 1945 წლის 20 აგვისტოს კუნძულ ბანაბას ადგილობრივი მოსახლეობის მკვლელობაში.

იაპონელმა ოფიცრებმა არ აღიარეს საკუთარი თავი მკვლელობაში დამნაშავედ, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ორი ოფიცერი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა მათ ჩამოხრჩობა. ამის შემდეგ სუძუკიმ მოსახლეობის მკვლელობის მთელი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და სასამართლოს სთხოვა შეეწყალებინათ იოსიო, რადგანაც ის მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებდა. საბოლოოდ ნარა იოსიოს მიუსაჯეს 25 წელი ციხეში პატიმრობა, სუძუკი ნაოომი კი ჩამოახჩეს.

ფოსფატებით ვაჭრობის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანაბას კუნძულის მოსახლეობა ყოველთვის გამოდიოდა ფოსფატების მოპოვების სამუშაობის წინააღმდეგ და თვლიდნენ მას უკანონოდ. როდესაც კუნძულზე მიწა ყველას აღარ ყოფნიდა, კუნძულელები გადაასახლეს კუნძულ რამბიზე ფიჯიში 1947 წელს (სადაც ისინი იძულებული იყვნენ ეყიდათ მიწა საკუთარი ფულით). ზოგიერთი დაბრუნდა უკან კუნძულ ბანაბაზე.

ომის დამთავრებისთანავე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიამ კუნძულ ბანაბაზე განაახლა ფოსფატების მოპოვება. როგორც იტყობინებოდნენ, 1950 წელს მან ექსპორტი გაუკეთა 276 ათასი ტონა ფოსფატის ნედლეულს წელიწადში ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

კუნძულ ბანაბას უხუცესთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მათ უნდა ჩაეტარებინათ რაიმე მოქმედება, რომ შეეჩერებინათ მათი კუნძულის ძარცვა, და მოეთხოვათ კომპენსაცია ბრიტანეთის ფოსფატების კომისიისაგან ან თვითონ ბრიტანეთია სამეფო გვირგვინისაგან. ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში გაიგზავნა კუნძულის წარმომადგენლები — პასტორი ტიტო და პასტორი ტებუკე. იქ კომპენსაციაზე უარის მიღების შემდეგ გაემართნენ ლონდონში, სადაც დაიქირავეს ადვოკატი და დედოფლის გადამდგარი კონსული, რომლებიც შემდგომში გაემგზავრენ კუნძულ რამბიზე და ბანაბაზე. საქმეზე მოსმენა დაიწყო 1976 წლის 8 აპრილს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში. სასამართლო პროცესი ბანაბის მოსახლეობას დაუჯდა £750 000. პროცესი გრძელდებოდა 221 დღე, შეგროვდა 10 000 დოკუმენტი. ბანაბის მოსახლეობა თხოულობდა კომპენსაციას თანხით £6 მილიონი და ფოსფატების მოპოვებისას განადგურებული ხეების დარგვას. ამ საქმემ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება მიიპყრო. მოსამართლეს დასჭირდა 4 თვე, რომ გამოეტანა ვერდიქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა რაიმე გადაწყვეტილებას ბანაბას მოსახლეობის სასარგებლოდ. საქმე გადაეცა დიდი ბრიტანეთის მთავრობას. უმოკლეს ვადაში ნაპოვნი იქნა 1913 წლის შეთანხმების ტექსტი წყნარი ოკეანიის ფოსფატების კომპანიასა და კუნძულის მოსახლეობას შორის, რომელშიც კუნძულ ბანაბას მიწის მფლობელები ნებას იძლეოდნენ ფოსფატების მოპოვების სამუშაოებზე, ხოლო შეთანხმების ტექსტში ეწერა შემდეგი სიტყვები: «სადაც კი შესაძლებელი იქნება».

1977 წლის მაისში თანამეგობრობის ქვეყნებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინეს, სამი ქვეყნის მთავრობა (დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია) გამოყოფს 10 მილიონ ავსტრალიურ დოლარს. ეს თანხა გამოყენებული იქნება ფონდის შესაქმნელად, რომელიც ბანაბის მოსახლეობის შემოსავლებს და თანხას მთლიანად დაიცავს, რომელიც ყოველწლიურად გამოეყოფა კუნძულ რამბის ხელმძღვანელთა საბჭოს და გამოიყენება კუნძულ ბანაბას მოსახლეობის ინტერესებისთვის. კუნძულ ბანაბას მოსახლეობას მიეცა უსაფრთხოებისა და სამართლიანობის გარანტია დაკარგული მიწების ნაცვლად. კუნძულელები ძირითადად დასახლდნენ კუნძულ რამბიზე, მიღებული კომპენსაცია დაიხარჯა განათლებაზე და ბავშვების სწავლაზე სუვაში და ავსტრალიაში. კუნძულ ბანაბაზე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიას არასდროს არ დაურგია ხეები.

გილბერტის კუნძულების მთავრობას თანხა გამოუყო დიდმა ბრიტანეთმა. ყველა ეს თანხა მიდიოდა სახელმწიფო ანაკრებების დეპარტამენტში სარეზერვო ფონდების გასათანაბრებლად, რომელთა შემოსავლებიც წავიდა მთავრობის ფოსფორიტული წლების შემდგომ მიმდინარე ხარჯებში. ამ თანხის მცირე ნაწილი დაიხარჯა კუნძულ ბანაბაზე.

ბანაბის კუნძულის კულტურა და ენა ძირითადად ისეთია, როგორიც კირიბატელი ხალხის, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. შედეგად კუნძულ ბანაბას მოსახლეობა ითხოვს დამოუკიდებლობას.

დამოუკიდებლობა და ფოსფატების მოპოვების განახლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ბანაბის მოსახლეობა თვლის, რომ კირიბატი არასდროს არ მიანიჭებს მათ დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ მათ იმედი აქვთ კუნძულზე ფოსფატების მოპოვების სამუშაოების განახლებისა, რაც წინა წლებში იყო რესპუბლიკის ძირითადი შემოსავალი. 1990 წელს ავსტრალიური სამთომომპოვებელი კომპანია გამოვიდა მოხსენებით კუნძულ ბანაბაზე ფოსფატების მოპოვების განახლების შესაძლებლობის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამი იყო კადმიუმის მაღალი დონის შესახებ (თანამეგობრობის ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად), რის გამოც მოპოვებული ნედლეულის ექსპორტირება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ «მესამე სამყაროს» ქვეყნებში. ამ ფაქტორთან და სამთომომპოვებელი მოწყობილობების მაღალ ცვეთასთან დაკავშირებით მოპოვების განახლება ეკონომიურად არახელსაყრელია.

2000 და 2001 წლებში კირიბატის რესპუბლიკის მთავრობამ კუნძულ ბანაბაზე განაახლა გამოკვლევა ფოსფატების მოპოვებაზე ახალზელანდიურ სამთომომპოვებელ კომპანიასთან ერთობლივად. კუნძულის ის მოსახლეობა, რომლებიც დღეისათვის კუნძულ რამბიზე ცხოვრობენ, კატეგორიულად უარს ამბობდა სამუშაოების განახლებაზე. სამწუხაროდ, კუნძულზე არსებული ფოსფატების რაოდენობის გამო მათი მოპოვების სამუშაოების განახლება საკმაოდ შესაძლებელია. მეორე საინტერესო ფაქტი რჩება ის, რომ კუნძულზე მიწების რეკულტივიზაციის შემთხვევაში ამოღებული უნდა იქნეს ფოსფატების ყველა დარჩენილი მარაგი. ანუ, არსებობს აზრი, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს არსებული მარაგები მიწების რეკულტივიზაციის ხარჯების დასაფარად და ქვეყნის ინფრასტრუქტურის პრობლემების გადასაწყვეტად.

სპეციალისტების აზრით კუნძულ ბანაბასთვის დამოუკიდებლობის არმიცემის მეორე მიზეზი ისაა, რომ ეს კუნძული — ერთადერთი მაღალი კუნძულია კირიბატის შემადგენლობაში, რომელიც არ არის ატოლი. გლობალური დათბობისა და მსოფლიო ოკეანის დონის შესაძლო აწევის პირობებში ეს რესპუბლიკაში ერთადერთი ხმელეთის ნაწილია, რომელსაც არ ემუქრება ჩაძირვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ოკეანის დონე აიწევს 18 მეტრზე, კუნძული მაინც არ ჩაიძირება: დარჩება კიდევ 30 მეტრი უმაღლეს წერტილამდე.

სკვირველი ფაქტია, რომ, მიუხედავად ეკოლოგიური კატასტროფისა, რომელიც მოხდა კუნძულ ბანაბაზე, აქ შესაძლებელია აგრიკულტურების მოყვანა ჰუმუსზე (ნეშომპალა), რომელიც უკვე ჩამოყალიბდა კუნძულის ზოგიერთ ნაწილში.

კუნძულის პრობლემაა ხშირი გვალვები.

თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიჯიზე კუნძულ რამბის ხელმძღვანელთა საბჭო ყოველთვიურად გამოყოფს კუნძულ ბანაბასათვის დახმარებას $12 000 რაოდენობით. კირიბატის რესპუბლიკის სამთავრობო ასამბლეაში არსებობს 2 წარმომადგენელი კუნძულ ბანაბიდან. კუნძულის მოსახლეობა ასევე არ კარგავს მომავალში დამოუკიდებლობის მიღების იმედს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის მოსახლეობას აქვს საზოგადოებრივი სტატუსი, მათ მაინც არანაირად არ შეუძლიათ აკონტროლონ თავისი მიწები და მომავალი. კუნძულის მეორე მთავარი საკითხია ჯანდაცვა და განათლება.

ბანაბის მოსახლეობა დაახლოებით 300 კაცია. 1995-2005 წლებში პოპულაცია შემცირდა, თუ 1995 წლის აღწერით კუნძულის მოსახლეობა 339 კაცი იყო 2005 წლის აღწერით 301 კაცამდე შემცირდა, ხოლო 2010 წლის აღწერით — 295 კაცამდე. მოსახლეობა ცხოვრობს სამ სოფელში, რომელთაგან 2010 წლისათვის ყველაზე დიდია უმვა და ცხოვრობს კუნძულის მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე ცოტათი მეტი — 155 ადამიანი. მეოთხე სოფელი ბუაკონიკაი მიტოვებულია.

დასახლება (ქართ.) დასახლება (ინგლ.) მოსახლეობის რაოდენობა,
ად. (2005)
მოსახლეობის რაოდენობა,
ად. (2010)
ანტერეენი (ტაბიანგი) Antereen (Tabiang) 108 83
უმვა (ოომა, უმა) Umwa (Ooma, Uma) 135 155
ტაბევა (ტაპივა, ტაბვევა) Tabewa (Tapiwa, Tabwewa) 58 57
ბუაკონიკაი Buakonikai - -
ბანაბა Banaba 301 295

კუნძულ ბანაბას მოსახლეობა დამნაშავედ გრძნობს საკუთარ თავს იმაში, რომ დაივიწყეს საკუთარი მშობლიური ენა. კუნძულზე ფოსფატების საბადოების გახსნას მოჰყვა იქ პირველი მისიონერების ჩასვლა. 1890-იანი წლების ბოლოს კუნძულზე მოხვდა კაპიტანი ვოკაპი, რომელიც იყო ამერიკული მისიონერული საზოგადოების წარმომადგენელი. კუნძულის მითოლოგიაში არსებობს მონათხრობი ამ ადამიანის ან წინასწარმეტყველის მოსვლის შესახებ, ამიტომ მოსახლეობამ უცბათვე მიიღო ის სარწმუნოება, რომელსაც ის ქადაგებდა.

კაპიტანმა გადათარგმნა ბიბლია კირიბატულ ენაზე და ხელს უწყობდა ადგილობრივ მოსახლეობას ამ ენის შესწავლაში, რათა მათ შეძლებოდათ წაეკითხათ ღმერთის სიტყვები. შედეგად კუნძულის ახალგაზრდა მოსახლეობამ დაივიწყა მშობლიური ენა.

ძველი ბავშვთა დასაძინებელი სიმღერის სიტყვები კუნძულ ბანაბას ენაზე შეიძლება მოიძებნოს დელტონის საოჯახო კოლექციაში, რომელიც არსებობდა კუნძულზე 1921 წელს. ეს სიტყვები ღრმად შესწავლილია გილბერტული ენის სპეციალისტებისა და კუნძულის უფროსი ასაკის ადამიანების მიერ. ლინგვისტებმა ამ სიმღერაში შეავსეს აზრობრივი სიცარიელები, მაგრამ უფროსი ასაკის ადამიანები ამტკიცებენ, რომ ეს ბავშვთა დასაძინებელი სიმღერა დაწერილია მათ ძველ ენაზე. მაგრამ ამის არანაირი დამტკიცება არ არსებობს, რადგანაც კუნძულ ბანაბას ენას არ ჰქონდა წერითი ფორმა. მიუხედავად ამისა, კუნძულის ერთ-ერთ ცეკვაში — ტე კარანგე, ხალხი სიმღერას მღერის ენაზე, რომელიც მათ არ ესმით.

ბავშვთა დასაძინებელი სიმღერის სიტყვები ფონეტიკურად გამოსახულია დელტონის ოჯახის მიერ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ინგლისურად თარგმანისას ნამდვილი წარმოთქმა დამახინჯდა.

დღეისათვის კუნძულზე ლაპარაკობენ კირიბატულ ენაზე, თუმცა აქვთ განსხვავებული დიალექტი, სადაც შეინიშნება კირიბატული ენისთვის უჩვეულო სიტყვები, რაც ლინგვისტთა აზრით იმითაა განპირობებული რომ, კუნძულზე გავრცელებული იყო დამოუკიდებელი ენა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა კირიბატულმა.

კუნძულ ბანაბას ცეკვები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეკვები — ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასპექტია კუნძულ ბანაბას კულტურაში, რომელიც დიდად ასახავს დედამიწის ამ ნაწილის ისტორიულ წარსულს. ცეკვების ტრადიციები საკმაოდ მკაცრია, მაგალითად, კოსტუმები ისეთივეა, როგორიც იყო 100 წლის წინ. კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცეკვაა — ტე კარანგა. ცეკვების დროს მიღებულია კუნძულ ბანაბას ძველ ენაზე სიმღერების მღერა, რომლებიც დღეისათვის დაკარგულია. კუნძულის მაცხოვრებლები წყნარ ოკეანეში მუდამ ითვლებოდნენ საუკეთესო მოცეკვავეებად, მაგრამ ფინანსური სიძნელეების გამო ისინი იშვიათად გამოდიან თავისი პატარა სამშობლოს საზღვრებს გარეთ. თუმცა, მაგალითად, 1970-იან წლებში სიდნეის ოპერის გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყო ზუსტად ამ კუნძულის მოცეკვავეები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 2014-09-27.