შინაარსზე გადასვლა

ბადაანის ცხრაკარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადაანის ცხრაკარაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბადაანიდან 1,5 კილომეტრზე, მდინარეების — ივრისა და ორხევის შესართავთან. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია და ორი კოშკი, რომლებიც ერთმანეთთან მიჯრითაა განლაგებული, ხეობათა ფრიალოებით მოსაზღვრულ დაახლოებით სამკუთხა მოხაზულობის ფართობზე. კომპლექსის შემადგენელი ნაგებობები დროის მოკლე მონაკვეთშია აგებული, მ. შ. უადრესია ეკლესია. სასახლე და ერთ-ერთი კოშკი მშენებლობის მომდევნო პერიოდს უკავშირდება, უფრო გვიან კი მეორე კოშკი აუგიათ, რომელიც სასახლეზე გარედან არის მიშენებული. ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში. გეგმით არაწესიერი ოთხკუთხედის (7,3 x 5,2 მეტრი) ფორმისაა, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის შუა ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო შეისრულთაღოვანი მცირე ზომის ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, აგურით ნაგები ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის კედელს მთელ სიგრძეზე გასდევდა დაბალი საფეხური, რომლისგანაც მცირე ნაწილიღა შემორჩა. მოგვიანებით, აფსიდის მხრების ხაზზე, აგურის კანკელი აუგიათ, რომელშიც სამი ფართო და მაღალი შეისრულთაღოვანი ღიობია. დარბაზის დასავლეთ და ჩრდილო კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. შიგნით ეკლესია ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ფასადები მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიულ სამკაულს. კედლები დასრულებულია აგურით ნაწყობი სამსაფეხურიანი ლავგარდნით. ეკლესიის ქვის ფილების სახურავი დუღაბითაა გადალესილი. სასახლე გეგმით სწორკუთხედს (18 x 16 მეტრი) უახლოვდება. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობა შედგება ტერასულად განლაგებული ორი თითქმის თანაბარი სიდიდის ნაწილისაგან. ზედა ნაწილში სამი სხვადასხვა ფართობის ოთახია, ქვედაში — ორი, თითოეული ნაწილის ოთახები ერთმანეთისგან კაპიტალური კედლებითაა გამიჯნული და თითო კარით დაკავშირებული. ზედა ნაწილის ჩრდილო ნახევარი ორსართულიანი ყოფილა. თითოეულ სართულზე ორ-ორი, თითქმის თანაბარი ფართობის ოთახია. ორივე სართულის აღმოსავლეთით მდებარე ოთახები ეკლესიის დასავლეთ კედელზეა მიშენებული. მათგან პირველი სართულის აღმოსავლეთით მდებარე ოთახის აღმოსავლეთ კედელში გეგმით სწორკუთხა ბუხარი და ორი სწორკუთხა ნიშია. ოთახი სამხრეთ კედლის შუა ნაწილში არსებული თაღოვანი კარით დაკავშირებულია სამეურნეო დანიშნულების ოთახთან, რომლის იატაკში მოწყობილია ქვითკირით ამოყვანილი რამდენიმე სასურსათო ორმო. ამ ოთახთან დაკავშირებულია დასავლეთით მდებარე ოთახიც. ქვედა ნაწილში არის დარბაზი (ფართობი დაახლოებით 60 კვადრატული მეტრია) და ერთი, თითქმის კვადრატული ოთახი. დარბაზის ჩრდილო კედელში ერთი სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთ კედელში — კარი და მცირე ზომის სარკმელი, რომლებიც კვადრატულ ოთახში გადის. ეს ოთახი სამხრეთ კედელში მოწყობილი ორი სარკმლით იყო განათებული. ოთახის აღმოსავლეთ კედლის კიდეებთან თითო მცირე ზომის ნიშია. სასახლის ქვედა ნაწილიც ორსართულიანი ყოფილა. ამჟამად მეორე სართულის კედლებიდან ნაწილიღაა შემორჩენილი. სასახლის მთავარი შესასვლელი მოწყობილია დარბაზის დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდეში. მოგვიანებით კედლის ამ ნაწილზე გარედან მიუშენებიათ გეგმით ნახევარწრიული კოშკი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შიგნით კოშკის კედლის მთელ სიგრძეზე ხუთ რიგად განლაგებულია მცირე ზომის კვადრატული ნიშები, რომლებსაც, როგორც ჩანს, სამკურალო საშუალებების შესანახად იყენებდნენ. კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილი უკავია შიდა ეზოს, რომელიც ორი (სამხრეთ და ჩრდილოეთ) მხრიდან გალავნის კედლებითაა შემოზღუდული. ეზოს აღმოსავლეთ კიდეში დგას გეგმით წრიული პატარა კოშკი. მისი შემორჩენილი ნაწილი ყრუა, მოკლებულია არქიტექტურულ და საბრძოლო ელემენტებს. სასახლის გარეთა კედელი, ისევე როგორც ეზოს შემომსაზღვრელი გალავანი, ნახევარწრიული კონტრფორსებითაა გამაგრებული. სასახლის ქვემოთ, სამხრეთ ფერდობზე, გალავნისა და სხვადასხვა ნაგებობის ნაშთებია.