ბადაანის ნასახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადაანის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბადაანის განაპირას, კონცხისებურ მაღალ ტერასაზე. განეკუთვნება ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულს. ძეგლი 1977–1985 წლებში გათხარა იაე ინსტიტუტის აკც-ის ივრის ხეობის კომპლექსურმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ.მირცხულავა.

ნამოსახლარი დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან ორი ღრმა თხრილით ყოფილა გამაგრებული. დასახლების ზრდის შედეგად თავდაცვით თხრილებს ფუნქცია დაუკარგავთ და რამდენიმე შენობა შევსებულ თხრილზეა ნაშენი. გამოვლენილი და შესწავლილია 6 ოდნავ წაგრძელებული ოთხკუთხა შენობის ნაშთი. შენობათა ფართობია 12–15 კვადრატული მეტრი. შენობები ხის კარკასზე წნულით არის ნაგები. შელესილია სქელი ბათქაშით. შენობებში ორ-ორი მრგვალი კერა აღმოჩნდა. სამ შენობაში ორივე კერა თიხისა, მეორე კი — ქვებით შედგენილი. იატაკი თიხატკეპნილი და გადალესილი ყოფილა. შენობები ძლიერი ხანძრით ჩანს განადგურებული. ნამოსახლარის შესწავლული ფართობი დაახლოებით 900 კვადრატული მეტრია, მაგრამ დაზვერვითი თხრილებით ჩანს, რომ სოფელს თითქმის ხუთჯერ მეტი ფართობი ეკავა. ნამოსახლარზე 7 ორმოა გათხრილი. ორმოები უმეტესწილად დიდი ზომისაა, მსხლისებრი მოყვანილობის, პირმოყრილი, ფართო, ბრტყელძირიანი. პირის დიამეტრია 1–1,5 მეტრი, ძირისა — 2–2,5 მეტრი, სიღრმე — 1–1,5 მეტრი. ორი მათგანის თავზე ქვაყრილი იყო გმართული. ორმოები შევსებულია ნაცარ–ნახშირიანი ფენით და კერამიკით. დადასტურდა 5–6 სანტიმეტრის სისქის თიხალესილი შრეები (25–30 სანტიმეტრის დაშორებით). ერთ-ერთი ორმოს ძირში აღმოჩნდა გატეხილი სასმისის ნახევარი, მისი მეორე ნახევარი კი ზემოთ, მეხუთე ფენაში იდო. როგორც ჩანს, რაღაც სარიტუალო წესის შესრულებისას ორმოც ივსებოდა. ორმოებში კერამიკის გარდა აღმოჩნდა კაჟისა და ობსიდიანის ისრისპირები, ნამგლის ჩასართები, ბრინჯაოს ყუამილიანი და ყუადაქანებული ორი ცული, ბრინჯაოს სატეხი, მინიატურული ურმის თიხის მოდელი. ნამოსახლარზე იყო თანადროული ორი კენოტაფური სამარხი, რომელსაც ძლიერი ცეცხლის კვალი ეტყობოდა. ერთში 15 ჭურჭელი იდო, მეორეში — 28. კულტურული ფენის პალეოეთნობოტანიკური კვლევის შედეგად დადგინდა კულტურული მრავალმწკრივა კილიანი ქერი. რბილი ხორბლის ნაშთები აღმოჩენილია აგრეთვე შენობის ბათქაშში. სავარაუდოა, რომ ორმოში ხორბალი და ქერი გაულეწავი იყო (თავთავების სახით). მცენარეებიდან აღმოჩნდა ცაცხვი, იდანი, ტირიფი, კაკალი, მუხა, რცხილა. მრავალრიცხოვანია ფაუნისტური მასალა. შინაურ ცხოველებთაგან ჩანს მსხვილფეხა საქონელი: ღორი, ცხვარი, თხა, ძაღლი; გარეულ ცხოველებთაგან — ღორი, ირემი, დათვი, გამოქვაბულის ლომი. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსური ექსპედიციის ბაზაში, დაბა სიონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]