აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია — განსაკუთრებული წესით მიღებული იურიდიული ძალის მქონე კანონი. კონსტიტუცია არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს[1]. ამჟამად არსებული კონსტიტუცია წარმოადგენს აფხაზეთის ასსრ-ის 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციის შეცვლილ და რედაქტირებულ ვარიანტს.

აფხაზეთის კონსტიტუციის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 11 ივნისიდან აფხაზეთი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ავტონომიური ერთეული, რაც 1919 წლის 20 მარტს ოფიციალურად დაადასტურა აფხაზეთში პირველად ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეულმა ხელისუფლების უმაღლესმა კანონიერმა ორგანომ – აფხაზეთის სახალხო საბჭომ. ამავე ორგანომ 1920 წლის 16 ოქტომბერს დაამტკიცა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტი და ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელ კრებას გადაუგზავნა დასამტკიცებლად.

1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულმა საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ კონსტიტუციურად განამტკიცა აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი ერთიანი ქართული სახელმწიფოს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში[2].

1921 წლის თებერვალ–მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა სამხედრო გზით დაიპყრო, განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია. აფხაზეთის სტატუსი 1921 წლის 31 მარტიდან განისაზღვრა, როგორც აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკა. 1921 წლის 16 დეკემბერს საქართველომ და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ხელშეკრულების მეოთხე პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა, რომ აფხაზეთი გახდა კავშირის არა სრულუფლებიანი წევრი, არამედ საქართველოს შემადგენელი ნაწილი. მასში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში, აფხაზეთი შედის საქართველოს მეშვეობით, რომელიც აძლევს მას თავისი ადგილების ერთ მესამედს[3].“

იოსებ სტალინი 1921 წლის 1 სექტემბერს სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს აცნობებდა, რომ

ვიკიციტატა
„აფხაზეთი არის დამოუკიდებელი საქართველოს ავტონომიური ნაწილი, ამის გამო დამოუკიდებელი წარმომადგენლობები რუსეთში არ ჰყავს და არც უნდა ჰყავდეს. ამიტომ კრედიტის მიღება რსფსრ-დან მას არ შეუძლია[4].“

1921 წლის 14 ნოემბერს აფხაზეთის ხელმძღვანელმა ეფრემ ეშბამ დასვა საკითხი მაშინ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში აფაზეთის უშუალოდ შესვლის შესახებ. ამის პასუხად კავბიურომ ორ დღეში, 16 ნოემბერს დაადგინა: „წინადადება მიეცეს ამხანაგ ეშბას, წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის საწყისებზე რსფსრ-ში შესვლის შესახებ“. ამრიგად, კავბიუროს სახელით სერგო ორჯონიკიძე აფხაზებს სთავაზობდა რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიური ოლქის სტატუსით შესვლას, ან საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსით, ანუ უფლებრივად უფრო მაღალი სტატუსით საქართველოს ფედერაციაში გაერთიანებას.

1921 წლის 16 დეკემბერს საქართველოსა და აფხაზეთს შორის, „ღრმა საერთო ეროვნული კავშირებიდან გამომდინარე“, გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო, პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირის დამყარების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე „ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში აფხაზეთის შესვლას საქართველოს მეშვეობით“ და არა უშუალოდ. აქედან კარგად ჩანს, რომ 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებით ორი თანასწორუფლებიანი რესპუბლიკის გაერთიანება კი არ მოხდა, არამედ ერთი რესპუბლიკა (აფხაზეთი) შევიდა მეორის (საქართველოს) შემადგენლობაში[4].

აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ 1922 წლის 17 თებერვალს მოიწონა აღნიშნული ხელშეკრულება და იგი დაადასტურა სრულიად საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე მიღებულმა კონსტიტუციამ. 1924 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციითაც აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ (1925 წლის 26 მარტი – 1 აპრილი) თვითნებურად დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, აფხაზეთი ცხადდებოდა სუვერენულ რესპუბლიკად; მასში დეკლარირებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციიდან და საბჭოთა კავშირიდან თავისუფლად გასვლის უფლება; სახელმწიფო ენად კი რუსული დგინდებოდა. 1925 წლის კონსტიტუცია არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, არც ძალაში შესულა იგი.

გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების I ყრილობამ 1922 წლის 28 თებერვალს დაამტკიცა რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის I თავის I პუნქტში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას – ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე.“

ამიერკავკასიის ფედერაციის ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ, რომელმაც მისცა თანხმობა აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადებაზე, აფხაზეთის საბჭოების II ყრილობაზე 1923 წელს 21 დეკემბერს განაცხადა: „აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა და თანასწორუფლებიანია ჩვენს კავშირში“. საბჭოთა იმპერიის ძირითადი კანონის – სსრ კავშირის პირველი კონსტიტუციის (1924-1936 წწ.) მიხედვით, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა.

აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე 1925 წლის 1 აპრილს ყოველგვარი განხილვის გარეშე აფხაზურმა მხარემ მიიღო კონსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა სსრ კავშირის, ამიერკავკასიის ფედერაციისა და საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციებთან. მისი II თავის V პუნქტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ინარჩუნებდა როგორც ამიერკავკასიის ფედერაციიდან, ისე საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლებას.

მხოლოდ 1931 წლის 11 თებერვალს, სსრ კავშირის მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ აფხაზეთის სსრ-ს სახელი გადაარქვა და აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (აფხაზეთის ასსრ) უწოდა. როგორც 1931 წლამდე, ისე სახელის გადარქმევის შემდეგაც აფხაზეთი იყო და დარჩა საქართველოს შემადგენლობაში.

1935 წლის 7 იანვარს აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა აფხაზეთის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ავტონომიური რესპუბლიკის ყველა კომისარიატი საქართველოს შესაბამის კომისარიატებს ექვემდებარებოდა (მუხლი 42)[5].

აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობამ გადაწყვიტა, დაესრულებინა წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტი და შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებთან. კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც განხილულ იქნა აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობის მიერ, არ გამოქვეყნებულა.

1931 წლის 14 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მოისმინა საქართველოს ცენტრამული აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკის) მდივნის სილიბისტრო თოდრიას მოხსენება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან დაადასტურა აფხაზეთის საბჭოების გადაწყვეტილება: აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება კი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებას გუდაუთის რაიონში სეპარატისტთა გამოსვლები მოჰყვა.

აფხაზეთის ახალმა კონსტიტუციამ ფორმალურ-იურიდიულად დაადასტურა რეგიონის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურირების ავტონომიური მოდელი საქართველოს შემადგენლობაში და უმაღლესი იურიდიული აქტის ძალმოსილება მიანიჭა ამ საკითხში ადრე მიღებულ ყველა დოკუმენტს, მათ შორის სრულიად საქართველოს საბჭოების VI ყრილობის 1931 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებას და აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის მიერ 1931 წლის 6 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას 1921 წლის 16 დეკემბრის სამოკავშირეო ხელშეკრულების ტრანსფორმაციისა და აფხაზეთის „სახელშეკრულებო სსრ-ს“ ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ[6].

აფხაზეთში 1937 წლის 2 აგვისტოს საბჭოების საგანგებო VIII ყრილობის მიერ აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის მიღება მოხდა[7]. კონსტიტუციამ დაადგინა აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში „საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის საფუძველზე და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად“[8].

1977 წლის 7 ოქტომბერს მიიღეს საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია, რის შემდეგაც დაიწყო მუშაობა მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების ახალი კონსტიტუციების პროექტებზე. სეპარატისტებმა ახალი წერილი–საჩივარი დაწერეს, რომელიც 1977 წლის 10 დეკემბერს გაიგზავნა კრემლში. ისინი დისკრიმინაციად მიიჩნევდნენ იმას, რომ ავტონომიურ რესპუბლიკებს, განსხვავებით მოკავშირე რესპუბლიკებისგან, არ ჰქონდათ უფლება გამოსულიყვნენ მოკავშირე რესპუბლიკიდან. ისინი მოითხოვდნენ ამ უფლების გავრცელებას ავტონომიურ რესპუბლიკებზეც.

აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთი დამოუკიდებლად წყვეტს მის გამგებლობაში შემავალ საკითხებს. აფხაზეთი თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს კომპლექსურ ეკონომიკურ და სოციალურ განვიტარებას, ხელს უწყობს ამ ტერიტორიაზე საქართველოს უფლებამოსილებების აღსრულებას, ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებას. აფხაზეთი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს მის ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურული ერთებულების საქმიანობას.

1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთის სსრ მოსახლე ყველა ეროვნებისათვის უზრუნველყოფილი იყო მშობლიური ენის თავისუფალი განვითარებისა და გამოყენების უფლება როგორც თავის ეროვნულ-კულტურულ, ისე საერთო-სახელმწიფო დაწესებულებებში, აფხაზეთის სსრ სახელმწიფო დაწესებულებათა ენად კი აღიარებული იყო რუსული ენა. აფხაზეთის 1994 წლის კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის სახელმწიფო ენად გამოცხადდა აფხაზური, ხოლო რუსული ენა აფხაზურის თანაბრად აღიარეს სახელმწიფო და სხვა დაწესებულებების ენად. მიუხედავად ყოველივე ამისა, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში კვლავ აისახა საქართველოს სსრ 1978 წლის კონსტიტუციის პრინციპი, რომელიც დარჩა ამ კონსტიტუციის მოქმედების დასრულებამდე და აფხაზეთში, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენად გამოცხადდა აფხაზური ენა[9].

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ეყრდნობა და თვლის, რომ აფხაზეთის ტერიტორიასა და მის ხალხს სრულიად საქართველოს ტერიტორიისა და ხალხის განუყოფელ ნაწილად. აფხაზეთის ასსრ ძირითადი კანონის 93-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუცია მოიყვანა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და უწოდა მას „აფხაზეთის კონსტიტუცია“[10].

ხელისუფლების ორგანიზაცია კონსტიტუციის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის, თავი I-ის, მუხლი.3 ნორმატიული აქტის მოქმედების სფეროს შესახებ, მე-2 ქვეპუნქტის საშუალებით ნათელი ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებისა და კონსტიტუციის ადგილი ქართულ სამართლებრივ სისტემაში:

ვიკიციტატა
„ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება) მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად[11].“

აფხაზეთის კონსტიტუციის მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებად განსაზღვრულია აფხაზეთის კონსტიტუციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა, აფხაზეთის კანონის მიღება, აფხაზეთის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცება, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა და განთავისუფლება, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და წარდგინებით მთავრობის შემადგენლობის დამტიკიცება.

მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის აფხაზეთის მინისტრებისაგან. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. აფხაზეთის მთავრობა პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის-საქართველოს პრეზიდენტსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე. სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საერთო სასამართლოების მიერ. აფხაზეთის პროკურატურა საქართველოს პროკურატურის შემადგენელი ნაწილია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. დღესდღეობით, უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი კანონმდებლობით არ რეგულირდება. დღეს მოქმედი საბჭო 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად აირჩა. არსებული კონფლიქტის გამო, საბჭოს ხელახალი არჩევნები არ ჩატარებულა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, არსებულ საბჭოს უფლებამოსილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე გაუგრძელდა. შესაბამისად, აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, სწორედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა უფლებამოსილი ცვლილებები შეიტანოს აფხაზეთის კონსტიტუციაში.

ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ფუნქციას, აფხაზეთის კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის მთავრობა ასრულებს. 2013 წლის 20 აგვისტომდე აფხაზეთის კონსტიტუციის 112¹ მუხლის თანახმად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავდა. 2013 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ მიიღო კონსტიტუციური კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ.“ ცვლილებების შედეგად, აფხაზეთის კონსტიტუციის 112¹ მუხლს 3-5 პუნქტები დაემატა, რომლის მიხედვითაც, შემოვიდა სრულიად ახალი, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიეცა უფლებამოსილება პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წარდგინებით, დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი. ცვლილებებმა არ გააუქმა არსებული წესი[12].

შესწორებები კონსტიტუციაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2000 წლის 8 დეკემბრის დადგენილების მიხედვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შევიდა რიგი ცვლილებებისა.

1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციიდან ამოიღეს პირველი თავის (ზოგადი დებულებები) მუხლი 6, მეექვსე თავის (აფხაზეთი, როგორც საქართველოს შემადგენილი ნაწილი) მუხლი 69, მეთერთმეტე თავის (აფხაზეთის უმაღლესი საბჭო) მუხლი 94, მუხლი 100, მეთორემეტე თავიდან (აფხაზეთის მინისტრთა საბჭო) მუხლი 115; სრულად ამოიღეს თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეხუთე, თავი მერვე, თავი მეცხრე, თავი მეათე, თავი მეცამეტე და თავი მეთოთხმეტე[10].

2004 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული შესწორებების შედეგად, ცვლილებები ძირითადად ეხებოდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. დამატებები და რედაქტირება განხორციელდა თავი მეთერთმეტეს 93-ე, 97-ე, 99-ე, 100-ე, 103-ე მუხლებში, 105-ე მუხლი კი ამოიღეს. ამასთანავე ცვლილებები შევიდა აფხაზეთის მთავრობის შესახებ მეთორმეტე თავში, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა შემდეგი მუხლები 111-ე, 112-ე რომელსაც დაემარა 112¹ მუხლი, აგრეთვე ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 113-ე მუხლი, რომელსაც ასევე დაემატა 113¹ მუხლი. 114-ე ამოიღეს, 116-ე, 117-ე, 118-ე, 151-ე მუხლები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და დაემატა ასევე 154¹ მუხლი. მოცემულ ცვლილებებს 2004 წლის 25 ნოემბერს ხელი მოაწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ[13].

2006 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ცვლილება შეიტანეს 2006 წლის 31 იანვარს, ძირითადი ცვლილება შევიდა 112-ე მუხლში. აღნიშნულ ცვლილებას ხელი მოაწერა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გ. ჩიქოვანმა[14].

2006 წელს მეორეჯერ მოხდა ცვლილებების შეტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში 28 მარტს, რაც ძალაში შევიდა 3 აპრილიდან. ცვლილება ძირითადად ეხებოდა ახალი რედაქციით 95-ე და 103-ე მუხლების ჩამოყალიბებას[15].

2006 წლის 11 მაისს ცვლილება შევიდა 112-ე მუხლში[16].

2013 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 5 აგვისტოს ცვლილებები შევიდა 112¹ მუხლში და აგრეთვე მას დაემატა 3-5 პუნქტები, რომლებიც მოიცავდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსულებების შეწყვეტის შემთხვევაში განსახორციელებენ ღორნისძიებებს და უშუალოდ თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცედურებს. ამის ცვლილებას ხელი მოაწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ და ის ამოქმედდა 2013 წლის 5 სექტემბერს[17].

2019 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 3 მაისს მიღებული ცვლილება კვლავ ეხებოდა 112-ე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას, რომელიც გულისხმობდა აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დაკონკრეტებას:

ვიკიციტატა
„აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრებისაგან.“

ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობების შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2019 წლის 3 ივნისს[18].

უკანასკნელი მერვე ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში გახორციელდა 2019 წლის 21 ნოემბერს. კონსტიტუციის ამ რედაქციას ხელი მოაწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ[19].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დემეტრაშვილი ა., კობახიძე ი., კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010, გვ. 39
  2. ყოლბაია ვ., აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში. საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები. 1989–1999 წწ. ნაწილი I, 1989–1995 წწ., თბ., 2000.
  3. პაპასქირი ზ., ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი II, 1917–1993, თბ., 2007, გვ., 96
  4. 4.0 4.1 სტალინის ფენომენი და საქართველო (მეექვსე ნაწილი)
  5. Основной Закон (Конституция) Автономной Социалистической Советской Республики Абхазии , 7 Января 1935 г.
  6. Gleason G. The evolution of Soviet Federalism. Baulder, 1992, გვ. 111
  7. Бгажба О., Лакоба С. История Абхазии, Сухуми, 2006, გვ. 413
  8. Очерки истории Абхазской АССР, ч. II (род. ред. Г. А. Дзидзария), Сухуми, 1964, გვ 115
  9. აფხაზეთის მოკლე ისტორია
  10. 10.0 10.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, 2000 წლის 8 დეკემბერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
  11. საქართველოს ორგანული კანონი ნორმატიული აქტების შესახებ
  12. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გადის საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან, რაც იურიდიულად მისცემს საშუალებას მას, რომ პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დააკომპლექტოს აფხაზეთის მთავრობა
  13. აფხაზეთის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
  14. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, 31.01.2006
  15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, 28.03.2006
  16. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, 11.05.2006
  17. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, 5.08.2013
  18. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, 3.05.2019
  19. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, 21.11.2019