მთიულეთის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მთიულეთის აჯანყება 1804)

მთიულეთის აჯანყება 1804 — ანტიკოლონიური და ანტიბატონყმური აჯანყება.მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) მნიშვნელობისა, შევიწროვებულ საქართველოს გლეხობას კოლონიური პოლიტიკის სიმძიმე დააწვა. ჯარების შენახვა და მათი სამსახური სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ამას ემატებოდა მოხელეთა თვითნებობა და უსამართლობა.

1804 წლის დასაწყისში ერევანზე სალაშქროდ ჩრდილოეთ კავკასიიდან („ლინიიდან“) ჯარის გადმოსვლისას გზისპირის მოსახლეობა მთიულეთში სახლებიდან გამორეკეს და აუტანელ სიცივეში სტეფანწმინდიდან ანანურამდე გზის გაწმენდა-შეკეთება დაავალეს. ცარიზმის მოხელეები უხეშად ექცეოდნენ მოსახლეობას, უწიოკებდნენ ოჯახებს, გაწეული სამუშაოებისათვის გასამრჯელოს არ უხდიდნენ. 1804 წლის მაისში, როდესაც პავლე ციციანოვი ერევანზე სალაშქროდ გაემგზავრა, მთიულეთში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებული მთიულები პირველად თავს დაესხნენ კაიშაურის საგუშაგოს და 17 კაცისგან შემდგარი რაზმი გაწყვიტეს. ამის შემდეგ აჯანყებულთა ნაწილი ანანურსა და დუშეთს შემოერტყა, ნაწილი კი ხევისაკენ გაეშურა, რათა ხელთ ეგდო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი - სტეფანწმინდა. გაბრიელ ყაზბეგის გავლენით ხევის ზოგი სოფელი აჯანყებულებს არ მიემხრო. აჯანყებულებმა მოციქულები დაგზავნეს ქართლის მთიანეთში და ხალხს აჯანყებისაკენ მოუწოდეს. მთიულებს მიემხრნენ გუდამაყრის, ქართლის, ხანდოს, ფშავ-ხევსურეთისა და თრუსოს მცხოვრებნი. აჯანყებულებმა მოციქულები გაუგზავნეს იმერეთში მყოფ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს და აჯანყებაში მონაწილეობა სთხოვეს. აჯანყებულთა თავკაცები იყვნენ ბურდული, ნაზღაიძე, ჩქარეული, ბენიანიძე, ბედოიძე.

აჯანყებულთა წინააღმდეგ გამოვიდნენ ქსნის ერისთავები, რომელთაც რუსეთის ხელმწიფემ ცოტა ხნის წინ დაუბრუნა ერეკლე II-ის მიერ ჩამორთმეული ყმა-მამულები. ივნისში იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები იმერეთიდან ქართლში გადავიდნენ და აჯანყებულ მთიანეთში გაჭრა სცადეს. ისინი გაუქმებული სამეფო ხელისუფლების აღდგენას ცდილობდნენ. ბატონიშვილებმა ვერ მოახერხეს მთიულეთში გაჭრა და კვლავ იმერეთში გაბრუნდნენ. 24 ივნისს მათ ულევის ეწერში თავს დაესხა რუსთა რაზმი, რომელსაც თავადი გიორგი ამირეჯიბი მეგზურობდა. შეიპყრეს იულონ ბატონიშვილი, ხოლო ფარნაოზ და ლევან ბატონიშვილები ბამბაკს გადავიდნენ. 3 აგვისტოს ლომისასთან მთავრობის ჯარებსა და აჯანყებულებს შორის მოხდა ძლიერი შეტაკება, რომელიც აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მთავრობისა და ქსნის ერისთავის ჯარებმა პოზიციები დატოვეს. აჯანყებულებმა ლომისა აიღეს. ამის შემდეგ აჯანყება ქსნის ხეობასაც მოედო. აქ გლეხები დაერივნენ თავიანთ მებატონეებს და მათი კარმიდამო აიკლეს. 20 აგვისტოს აჯანყებულებმა დუშეთში დაწვეს ყაზარმა. სექტემბერში, მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, მთიულეთში ჩავიდა ფარნაოზ ბატონიშვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა კახელ თავადთა საგრძნობმა ნაწილმა. სექტემბერში ციციანოვი ერევნის წარუმატებული ლაშქრობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. რუსეთიდან გენერალ ნესვეტაევის ხელმძღვანელობით დამატებითი ჯარები გამოგზავნეს (3000 მეომარი და 30 ქვემეხი). ოქტომბრის დასაწყისში მთავრობის ჯარებმა აჯანყებულებს ყოველი მხრიდან შეუტიეს. ბრძოლას თვითონ გენერალი ციციანოვი ხელმძღვანელობდა.19 ოქტომბერს კავკასიის მთავარმმართებლისა და გენრალ ნესვეტაევის ჯარები ანანურში შეერთდნენ. მთიულეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ციციანოვი ჯარით ლიახვის ხეობაში შევიდა აჯანყებულ ოსთა დასამორჩილებლად. მთავრობის ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ მთიულეთის აჯანყების მონაწილეებს: დააპატიმრეს 300-ზე მეტი კაცი, შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს ფარნაოზ ბატონიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 673.
  • „საქართვეელოს ისტორია, IV ტომი, XIX-XX საუკუნეები“, ალ. ბენდიანიშვილი, ალ.დაუშვილი, მაყვალა ნათმელაძე, თბილისი 2012, პალიტრა L, გვ.15-16.