ვისენტე იანიეს პინსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვისენტე იანიეს პინსონი (ესპ. Vicente Yáñez Pinzón, დ. დაახლოებით 1460, პალოს-დე-ლა-ფრონტერა, ესპანეთი — გ. 1523 წლის შემდეგ) — ესპანელი მეზღვაური-მკვლევარი და კონკისტადორი, თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიების აღმომჩენი. თავის ძმებთან, მარტინ ალონსო პინსონსა, რომელიც „პინტის“ კაპიტანი იყო, და ფრანცისკო პინსონთან ერთად იგი ქრისტეფორე კოლუმბს ახლდა ახალ სამყაროში პირველი მოგზაურობის დროს, 1492 წელს, როგორც ხომალდ „ნინიას“ კაპიტანი.

1499 წელს გაცურა სამხრეთ ამერიკის ნაპირებისკენ; მისი ხომალდი ქარიშხალში მოხვდა და 1500 წლის 26 იანვარს თანამედროვე ბრაზილიის შტატ პერნამბუკუს ნაპირებთან აღმოჩნდა. ვისენტე იანიეს პინსონმა (ზოგიერთი ცნობით, იგი დიეგო დე ლეპეს ბიძაშვილია) სამხრეთ ამერიკის ნაპირებს, კუნძულ მარაჟოს (პორტ. Marajó) მიაღწია 1500 წლის იანვარში. პინსონი პირველი იყო ევროპელთაგან, ვინც ამაზონის სათავე გამოიკვლია, თუმცა, ტორდესილასის ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებელი არ იყო მის მიერ აღმოჩენილი ყველა მიწის ესპანეთის იმპერიისთვის შეერთება.

პინსონისა და დიეგო დე ლეპეს მოგზაურობა ბრაზილიაში არ არის აღწერილი ბრაზილიის ოფიციალური ისტორიის მრავალ ნაშრომში, რადგან 1494 წლის ტორდესილასის ხელშეკრულებით მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ბრაზილიის აღმოსავლეთი ზღვისპირეთი უკვე პორტუგალიას ეკუთვნოდა.

1505 წელს პინსონი დაინიშნა ქალაქ პუერტო-რიკოს (ამჟამინდელი სან-ხუანი) გუბერნატორად, რაც ამ კუნძულის ესპანური კოლონიზაციის პროცესის დაწყების პირველი ნაბიჯი გახდა. 1508 წელს მონაწილეობდა ხუან დიას დე სოლისის მოგზაურობაში სამხრეთ ამერიკისკენ. 1523 წლის შემდეგ სანდო ცნობები მისი სიცოცხლის შესახებ არ არსებობს; ზოგჯერ მისი სიკვდილის თარიღად 1514 წელს ასახელებენ. ძმები პინსონების პატივსაცემად სახელი ეწოდა გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძულ პინსონს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gil, Juan (Sept-Dec 1987), "Sobre la Vida Familiar de Vicente Yáñez Pinzón", Revista de Indias XLVII (181): 645:754
  • Izquierdo Labrado, Julio (1987) Palos de la Frontera en el Antiguo Régimen (1380—1830) Huelva: Instituto de Cooperación Iberoamericana y Ayuntamiento de Palos de la Frontera
  • Izquierdo Labrado, Julio (2004) Palermos ilustres Huelva: Ayuntamiento de Palos de la Frontera ISBN 84-606-3612-7
  • Manzano y Manzano, Juan (1988), Los Pinzones y el Descubrimiento de América 3 vol., Madrid: Ediciones de Cultura Hispanica, ISBN 978-84-7232-442-8
  • Ortega, Fray Ángel (1925) La Rábida. Historia documental y crítica 4 vols. Sevilla.