ალაშანის უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალაშანის უდაბნო
Bilutu Peak.JPG
მდებარეობა აზია
ტიპი ქვიშიანი
ქვეყნები ჩინეთის დროშა ჩინეთი
ფართობი 170 ათ. კმ²

ალაშანის უდაბნო — ქვიშიანი უდაბნო ცენტრალურ აზიაში, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწლში. გაწოლილია აღმოსავლეთით — ხელანშანის ქედსა და მდინარე ხუანხეს, დასავლეთით — მდინარე ჟოშუის, სამხრეთით — ნანინანიის მთისწინეთსა და ჩრდილოეთით — გობის ტექტონიკურ დეპრესიას შორის. ფართობი დაახლოებით 170 ათ. კმ². სიმაღლე 820 მ-იდან (ჩრდილო-დასავლეთით) 1660 მ-მდე (სამხრეთით). ალაშანი სტრუქტურული ფენობრივი ვაკეა და წარმოდგენილია რამდენიმე მაგიდა ჭიუხიანი ქედით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლეა 150-200 მ (ბაიან-ულა, ხარა-ულა და სხვა) და წვრილგორაკებით, რომლებიც აგებულია ძველი გნაისებით, გრანულიტებით, ამფიბოლიტებით, კვარციტებითა და სხვა.

დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი დახშული დეპრესიები არაღრმად განლაგებული გამტკნარებული ან მარილიანი გრუნტის წყლებით, ზოგჯერ დამშრალი მარილიანი ტბებით, რომელთა შორის გამოსაყოფია ხარა-ნური და ჯალათაი-დავსი. მოძრავი ქვიშების დიდი მასივები განლაგებულია სამხრეთ-დასავლეთით — ბადინ-ჯარანის, სამხრეთით — ხოლალისის, სამხრეთ-აღმოსავლეთით — თენგერისა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ულანპუხოს სახით. ბადინ-ჯარანის მასივი წარმოდგენილია მეტად მძლავრი ქვიშის სერებით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლეა 300-400 მ.

მდინარეთა ქსელი საკმაოდ მდიდარია პერიოდული ნაკადებით, რომელთა კალაპოტი წყლით ივსება მხოლოდ ზაფხულში, მუსონური წვიმების პერიოდში ან თავსხმა ნალექების დროს. ყველაზე დიდი მდინარეებია ჟოშუი და შუიხე. არის მრავალრიცხოვანი, თუმცა ძირითადად, მცირე ფართობის ტბები. აღსანიშნავია სოგო-ნურისა და შარა-ბურდუს ტბები.

ძირითადი ლანდშაფტებია: გობი — წვრილგორაკები და მაგიდა ქედები, რომლებიც გაფანტულია ქვიშაკენჭიან ვაკეზე პრიმიტიული ღორღის ნიადაგებითა და გაუხშოებული ბუჩქნარი მცენარეულობით (ორყურა, ცხენისმუხლა და სხვა), სტეპური მცენარეულობის ელემენტებით; ბარხანული ქვიშების მასივები მეტად ღარიბი მცენარეულობით (უძრახელა, კრიალოსანა, ავშანი და სხვა); ცაიდამი — დადაბლება ახლომდებარე გრუნტული გამტკნარებული წყლებითა და მდიდარი ბალახოვანი მცენარეულობით (ლაქაში, ლერწამი, ლელქაში, ჩინური ვაციწვერა, ბრძამი, ძირტკბილა და სხვა); მლაშობები ჰალოფილური ფლორით (Kalidium, Nitraria, მლაშობურა); შავი საქსაულისგან შემდგარი საქსაულები ქვედა იარუსში წარმოდგენილი Nitraria-ით.

ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა შორისაა: საიგა, უდაბნოს კურდღელი, თრია, მექვიშია, მიწის კურდღლი და ქვეწარმავლები (კუები, ხვლიკები, გველები); იშვიათად გვხვდება კიანგი. მოსახლეობა უმეტესწილად მომთაბარეა. ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა. მუდმივი დასახლებული პუნქტები განლაგებულია დიდ ცაიდამებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Обручев В. Алашань (пустыня в Азии), Восточная Монголия, ч. 1—2, М., 1947;
  • Синицын В. М., Центральная Азия, М., 1959;
  • Петров М. П., Пустыни Центральной Азии, т. 1, М., 1966.
  • Чи­ча­гов В. П. Эво­лю­ция рав­ни­но­об­ра­зо­ва­ния Юго-Вос­то­ка Азии. М., 2000.
  • Chi­nese sedi­men­tary ba­sins. Amst., 1989.