ალანიის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალანიის ეროვნული პარკი

ალანიის ეროვნული პარკი (რუს. Национальный парк «Ала́ния») — ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე მდებარე ეროვნული პარკი. მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ირაფსკის რაიონის მესამედ ნაწილს. ეროვნული პარკი ორი მიზნით შეიქმნა: ერთი მხრივ მაღალი ბიომრავალფეროვნებისა და დიდი რაოდენობით დაუცველი სახეობების (როგორიცაა დასავლეთ კავკასიური თხა-ანტილოპა, ) დასაცავად, მეორე მხრივ კი მაღალი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და რეკრეაციული ტურიზმის განვითარებისთვის. პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ძველი ცივილიზაციის არქეოლოგიური ნაშთები მდებარეობს, მათ შორის ბრინჯაო ხანის ყუბანელებისა (ძვ.წ. 1200-300) და ალანების (ძვ.წ. 100 - ა.წ. 1234). პარკის სახელი წარმოდგება ალანებიდან.[1] პარკის ტერიტორიაზე მკვეთრადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. კლიმატური ზონები სამხრეთით ალპური მყინვარებიდან ჩრდილოეთით სტეპებამდე იცვლება.[2]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალანიის ეროვნული პარკის სიმაღლებრივი ზონები

პარკის ტერიტორია კავკასიონის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. პარკის სამხრეთი საზღარი საქართველოს რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა. დასავლეთით მას ყაბარდო ბაყარეთის ნაკრძალს ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთით ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრძალი.

ეროვნული პარკის სიმაღლებრივი სარტყელი მდინარე ურუხის ხეობიდან 4646 მეტრამდე ვრცელდება. პარკის მაღალი ადგილების დიდი ნაწილი მყინვარებითა და კლდეებითაა დაფარული. თანამედროვე მყინვარული ზონა 80 კმ² ტერიტორიას მოიცავს.[3] საშუალო სიმაღლეები, ანუ პარკის 20% ტყეებითაა დაფარული. ყველაზე დაბალ ზონასა და ჩრდილოეთის დაბლობებზე ბალახის საფარი და დანაწევრებული ტყეებია.

პარკის ტერიტორიაზე 70-ზე მეტი მდინარე მიედინება, რომელთა უმრავლესობაც მყინვარებიდან ჩამონადენი წყლით იკვებება. პარკში არსებული რამდენიმე მცირე ტბაც მყინვარებითა და თოვლით იკვებება. 45 ტბას საერთო ჯამში მხოლოდ 11 ჰექტარი ფართობი უკავია, მაშინ როდესაც 5 ალპური ჭაობი 103 ჰეტარ ტერიტორიას მოიცავს.[1] ზემო ველებში მინერალური წყაროები, ჩანჩქერები და ღია ტყეებია.[2]

პარკის მთავარი მდინარე ურუხია, რომელიც უმეტესწილად ბურჭულას მყინვარით იკვებება. ბურჭულას მყინვარი 1.3 კმ-ის სიგრძისაა და 2.5 კმ ფართობზეა გადაჭიმული.[4] უკანასკნელი კვლევების თანახმად, ცენტრალურ კავკასიონში ტემპერატურა ყოველწლიურად 0.5 C-ით მატულობს, რის გამოც მყინვარები ყოველწლიურად 8 მეტრით მცირდებიან ზომაში.[5]

კლიმატი და ეკორეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მყინვარი ბურჭულა და მდინარე ურუხი

რეგიონის კლიმატი ძირითადად ნოტიო კონტინენტურია (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია). რეგიონი გრძელი, თოვლიანი ზამთრითა და მოკლე, ცივი ზაფხულით ხასიათდება. ინავრის საშუალო ტემპერატურაა −5 °C (23 °F), ხოლო ივლისის საშუალო ტემპერატურა +24 °C (75 °F)/ ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მთებში 1000 მმ-ია, ხოლო დაბლობებში 400-700 მმ.[2]

ალანია კავკასიის შერეული ტყეების ეკორეგიონს მიეკუთვნება. ბუნების დაცვის მსოფლიო ფედერაციის აღწერით, იგი „დედამიწაზე ბიოლოგიურად ერთ-ერთი უმდიდრესი და კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონია“.[6][7] ეს ტერიტორია ბიოლოგიურ გზაჯვარედინს: პარკის ტერიტორიაზე ევროპის, აზიის, შუა აღმმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის არაერთი სახეობა ბინადრობს.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიფანძარი

ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მაღლა ალპურ და სუბალპური ზონებია. საშუალო სიმაღლის სარტყელი ფიჭვის, როდოდენდრონის, ყვითელი არყის, ღვიისა და ველური ვარდის ტყეებითაა დაფარული. ყველაზე დაბალ ზონაში ბალახი და მდინარის მცენარეულობა ხარობს. პარკის ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი სახეობის მცენარეა აღმოჩნილი, რომელთაგანაც 200 კავკასიის ენდემია.[2]პარკის ტერიტორიაზე ხარობს სატანას სოკო (Rubroboletus satanas).

ჰარესკოგუშჩელიას მდინარის ველზე მაღლა, 2400 მეტრის სიმაღლეზე „ჩიფანძარის ჭაობი“ მდებარეობს. ჭაობიანი ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარი, ხოლო სირღმე 3 მეტრია. მიიჩნევენ, რომ ჭაობი 5 000 წლისაა.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთკავკასიური ჯიხვი

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძუძუმწოვრები კავკასიონის ჩრდიილოეთი ფერდობის ტყიან სივრცეებში ბინადრობენ. ალანიის ეროვნულ პაკში 34 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის: მგლები, ჯაკალები, არჩვები და საფრთხის ქვეშ მყოფი დასავლეთკავკასიური ჯიხვი ბინადრობს. Birdlife International-ის კლასიფიკაციით თითქმის მთელი ეროვნული პარკი „ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი სივრცეა“, რაც კიდევ უფრო შესამჩნევია პარკის ტერიტორიაზე ბინადარი ბატკანძერისა და კავკასიური როჭოს პოპულაციებით.[8] სულ პარკის ტერიტორიაზე 116 სახეობის ფრინველია დაფიქსირებული.

ალანიის ეროვნული პარკის წყლებში ერთადერთი სახეობის თევზი, ნაკადულის კალმახი ბინადრობს. ალანიის ეროვნულ პარკში დაფიაქსირებულია ქვეწარმავლების ხუთი სახეობა, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია ველის გველგესლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ გალიათის ნარჩენები

ალანიის ეროვნული პარკის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ნაყოფიერი ნიადაგის გამო, აქ სავაჭრო მარშრუტები გადიოდა. ძვ.წ. 1100-400 წლებში აქ განვითარდა ყუბანის კულტურა, რომელსა სკვითებმა მოუღეს ბოლო. ყუბანელები გამორჩეული მეტალურგები იყვნენ და მთიანი ადგილების ყველა უპირატესობას იყენებდნენ. აქვე იყო განვითარებული ტერასოვანი სოფლის მეურნეობა.[9]

პირველი ათასწლეულის დასაწყისში ამ ადგილებში ალანები დასახლდნენ. ალანები მეომარი, მომთაბარე ტომები იყვნენ. საბოლოოდ ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლდნენ და ძლიერი სამეფოც შექმნეს. XIV საუკუნეში მონღოლებთან დამარცხების შემდეგ ალანებმა მთებისკენ დაიხიეს და დიდი ხნის მანძილზე იზოლირებულნი იყვნენ.

ბოლო ორასი წლის მანძილზე პარკის ირაფსკის რაიონის მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. დ. აცული ტერიტორია 1958 წელს შეიქმნა, მაგრამ ეროვნული პარკის სტატუსი მხოლოდ 1998 წელს მიიღო. დღეისთვის პარკს სატყეო მეურნეობისა და დაცვის დეპარტამენტი იცავს.[2]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტურ-დიგორა, მდინარე ურუხის ზედა ხეობის სოფელი

რეკრეაციულ ზონებში ყველა სახის ვიზიტორთათვის საშვების აღება ქალაქ ჩიკოლაშია შესაძლებელი. დაცულ ზონებში სამოგზაუროდ საზღვრის გადასაკვეთად ნებართვის აღება სასაზღვრო ოფისებშია შესაძლებელი. ეროვნულ პარკში ერთიდან 30-მდე დღიანი ტურების მოწყობაა შესაძლებელი.

ვიზიტორთა უმრავლესობა ტრანსპორტირებისთვის ვლადიკავკაზამდე მატარებელს ან თვითმფრინავს იყენებს, ხოლო შემდეგ ქალაქ ჩიკოლამდე ტაქსის ან ავტობუსს. ძინაგასა და როსტელმაშში ჰოსტელებია განთავსებული, პარკის ტერიტორიაზე კი სასტუმრო მდებარეობს.[2] პარკში მდებარეობს ალპინისტთათვის განკუთვნილი ბანაკი „Coma Art“. ალპინისტური მარშრუტები რუსული კლასიფიკაციით მარტივიდან დაწყებული 6B სირთულემდე კატეგორიებს მოიცავს. ორი უმაღლესი მწვერვალია უილპატა (4649 მ.) და ლაბოდა (4313.3 მ.).[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Alania. Protected Areas Russia.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Protected Areas of the Russian Federation, Alania National Park. Ministry of Natural Resources and Ecology of the Russian Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2019-10-25.
  3. Alaniya National Park. Portal of Culture of the North Caucusus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-10. ციტირების თარიღი: 2019-12-07.
  4. Satellite Image Atlas of Glaciers of the World - Asia. US Geological Survey Professional Paper 1386-F. US Geological Survey.
  5. Shahgedanova, M.; Hagg, W.; Hassell, D.; Stokes, C. R.; Popovnin, V. (2009) Threats to Global Water Security, NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security. NATO Science for Peace and Security, გვ. 131–143. DOI:10.1007/978-90-481-2344-5_15. ISBN 978-90-481-2343-8. 
  6. Caucasus Ecoregion. World Wildlife Federation.
  7. Map of Ecoregions 2017 en. Resolve, using WWF data. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  8. IBA Description Page for Alaniya National Park. Birdlife International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-10. ციტირების თარიღი: 2019-12-07.
  9. Dmitri Korobov (Dec 2, 2015). „The origins of terraced field agriculture in the Caucasus: New discoveries in the Kislovodsk basin“. Antiquity. 87 (338): 1086–1103. doi:10.1017/S0003598X00049887.
  10. Official Park Website - Alania. MNRR of the Russian Federation.