ცილერტალის ალპები
ცილერტალის ალპები (გერმ. Zillertaler Alpen; იტალ. Alpi Aurine) — მთების ჯგუფი აღმოსავლეთ ალპებში, ავსტრიასა და იტალიაში. სიგრძე დაახლოებით 60 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 3510 მ (მთა ჰოხფეილერი). იგი აღმოსავლეთისაკენ განზიდულ, გრძელ, მაღალი ტაუერნის მასივში (3798 მ) გადადის. დასავლეთით ესაზღვრება შტუბაის ალპები, სამხრეთით დოლომიტები, ჩრდილოეთით ტუქსის ალპები, ხოლო აღმოსავლეთით ვენედიგერის მთები. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია გამყინვარებას. თუმცა უკანასკნელ პერიოდში გაბატონებული გლობალური დათბობის გამო ცილერტალის ალპებში მიმდინარეობს მყინვარების უკანდახევა. ქედიდან სათავეს ღებულობს მდინარე ინის შენაკადი ცილერი, რომელიც ჩამოუდის კურორტ მაირჰოფენს.
ზოგიერთი უღელტეხილის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ-მდე და მეტსაც აღწევს. ცილერტალის ალპები უმეტესად აგებულია გნაისებით და კრისტალური ფიქლებით. ზღვის დონიდან 2000-2200 მ-მდე გვხვდება ტყეები (წიფელი, ნაძვი, სოჭი), უფრო მაღლა — ბუჩქები, მდელოები, მუდმივი თოვლი და მყინვარებია. განვითარებულია ტურიზმი. აღსანიშნავია სამთო-სათხილამური კურორტები: მაირჰოფენი, ჰოხფიუგენი და სხვ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ცილერტალის ალპები“ ვიკისაწყობში.- ცილერტალის ალპები – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ცილერტალის ალპები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)