შუა დუნაის დაბლობი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუა დუნაის ვაკის ლანდშაფტი

შუა დუნაის დაბლობი (ტისო-დუნაის დაბლობი, პანონის დაბლობი; ხორ. Panonska nizina, ჩეხ. Panonská pánev, უნგრ. Kárpát-medence, სლოვაკ. Panónska panva, გერმ. Pannonische Tiefebene, რუმ. Câmpia Panonică, უკრ. Тисо-Дунайська низовина, სერბ. Панонска низија, სლოვენ. Panonska nižina, ბოსნ. Panonska nizija) — ვაკე-დაბლობი მდინარე დუნაის აუზის შუაწელში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ვრცელდება უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ხორვატიის და ავსტრიის ფარგლებში; ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით იჭრება უკრაინაში. ფართობი დაახლოებით 200 ათ. კმ.

წარმოადგენს მთათაშორის ტექტონიკურ დადაბლებას, რომელსაც გარს აკრავს ალპები, კარპატები, დინარის მთები და აღმოსავლეთ სერბეთის მთები. აგებულია ნეოგენური კირქვებით, ქვიშაქვებითა და თიხებით, რომლებიც პლეისტოცენში ლიოსებით, ლიოსური თიხნარებით, ეოლური ქვიშებითა და ალუვიური ნალექებით დაიფარა. სიმაღლე 100-200 მ. ზედაპირი ბრტყელია (ალფელდი, დუნაის აღმოსავლეთით) ან ოდნავ ბორცვიანი (დუნანტული, დუნაის დასავლეთით), სადაც აღმართულია ცალკეული იზოლირებული საშუალო სიმაღლის მთები (სიმაღლე 757 მ-მდე). ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილია კიშალფელდი. შუა დუნაის ვაკეში შედის აგრეთვე ზაგრების აუზი და სავისა და დრავის ხეობები. შუა დუნაის ვაკეზე მდებარეობს ბალატონის ტბა. არის ბოქსიტების, ნავთობის, ბუნებრივი აირის, მურა ნახშირის საბადოები. ჰავა ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1, -2 °C, ივლისის 20-22 °C, ნალექები 500-600 მმ წელიწადში, მთაში 900 მმ-მდე. განვითარებულია შავმიწები და ალუვიური ნიადაგები.

ზედაპირის დიდი ნაწილი დახნულია. მნიშვნელოვანი ქალაქებია ბუდაპეშტი, ზაგრები, ბრატისლავა, ტიმიშოარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]