ყველისციხე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყველისციხე, ყუელისციხე, ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყის წყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

წყაროებში პირველად მოხსენიებულია 914 წელს აბუ ლ-კასიმის ლაშქრობასთან დაკავშირებით, როდესაც მტერმა აიღო ყველისციხე და აწამა ციხისთავი, წარჩინებული გობრონი. ეს ამბავი აღწერა სტეფანე მტბევარმა ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“. ციხესიმაგრე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზასაყარზე მდებარეობდა და აკონტროლებდა ერთი მხრივ სამცხე-შავშეთის დამაკავშირებელ გზას, მეორე მხრივ - აჭარასა და არტაანში (ერუშეთში) გარდამავალს. IX-X სს-ში ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა სამთავროების ჩამოყალიბების შემდეგ, ყველისციხე საერისთავოს ცენტრი და სამცხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე გახდა. X ს. I ნახევარში იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავის სამფლობელო იყო, XI საუკუნეში — ლიპარიტ IV ბაღვაშისა. 1059 წ. მეფე ბაგრატ IV-მ ყველისციხე ჩამოართვა ბაღვაშებს და კვლავ საერისთავოს ცენტრად აქცია. XI ს. 60-იან წლებში ყველის ერისთავი იყო მურვან ჯაყელი. 1065 წელს სელჩუკთა ლაშქარი ალფ-არსლანის სარდლობით ყველისციხის გავლით გადავიდა შავშეთში. 1080 წელს ყველისციხესთან სელჩუკებმა დაამარცხეს მეფე გიორგი II. უფრო გვიანაც ყველისციხე არაერთხელ ყოფილა ბრძოლის ასპარეზი. XVI ს. ბოლოს ყველისციხე სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალებმა დაიპყრეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დ. მუსხელიშვილი, „ყველისციხე“. ქსე, ტ.X.-თბ.,1986.-გვ.639