ნინოწმინდა (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინოწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ნინოწმინდა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი ნინოწმინდა
კოორდინატები 41°44′00″ ჩ. გ. 45°17′45″ ა. გ. / 41.73333° ჩ. გ. 45.29583° ა. გ. / 41.73333; 45.29583
ცენტრის სიმაღლე 800
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1904[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ნინოწმინდა (სოფელი) — საქართველო
ნინოწმინდა (სოფელი)
ნინოწმინდა (სოფელი) — კახეთის მხარე
ნინოწმინდა (სოფელი)

ნინოწმინდასოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 800 მეტრი, საგარეჯოდან 2 კმ, თბილისიდან 45 კმ.

1900 წლისთვის მოსახლეობა შეადგენდა ორას კომლს. მოქმედებდა სამრევლო სასწავლებელი, სადაც 40 მოსწავლე სწავლობდა.[2] სოფელში შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინოწმინდა კახეთის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ნათელყოფს, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისისათვის ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას განვითარებული ჰქონია მეურნეობის მრავალი დარგი, მათ შორის მევენახეობა. ანტიკურ ეპოქაში ნინოწმინდიდან სოფელ მანავამდე ტერიტორია დაქსელილი იყო სარწყავი სისტემით, რომელშიც ნინოწმინდის რუც იყო ჩართული. ამ სარწყავ სისტემას თავისი მნიშვნელობა შუა საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ნინოწმინდა საქართველოს ერთ-ერთ მნიშნველოვან საეკლესიო ცენტრად იქცა.

ნინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრის მნიშვნელობა დიდი იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. XVII საუკუნეში, ჭერმის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, ეპარქიის მნიშვნელოვანი ნაწილი ნინოწმინდელის, კერძოდ კი, საბა ტუსისშვილის სამწყსოს მიუერთეს. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, ნინოწმინდელი ეპისკოპოსის „ხელქვეშე“ იყვნენ გარეჯის უდაბნოშიც. ნინოწმინდელს არქიმანდრიტიც ეწოდებოდა, რადგან გარეჯის უდაბნოთაგან ზოგი საარქიმანდრიტო, ხოლო ზოგი საწინამძღვროა. სოფელში, ნინოწმინდელის გარდა, საკუთარ ყმა-მამულს ფლობდა საქართველოს კათალიკოსიც.

გიორგი XI-ეს, რომელიც ქართლში ტახტის დაბრუნებისათვის იბრძოდა, იმავ დროს კახეთში არჩილის გამეფება სურდა. 1691 წელს, ბარძიმ მსაჯულთუხუცესის მეთაურობით, მან კახეთში ჯარი გაგზავნა. ბარძიმთან ერთად იყვნენ გივი ამილახორი და თამაზ სპასპეტი. ბარძიმი ჯარით ნინოწმინდაში დაბანაკდა. მას ნინოწმინდელი მასპინძლობდა. ქართველებს კახეთიდან რევაზ ჩოლოყაშვილი შეუერთდა თავისი მომხარეებით. ნინოწმინდაში ქიზიყის მოურავი დუშიაც მისულა. ბარძიმის თავშეუკავებელი ბუნებისა და სიმთვრალის გამო, ქიზიყის მოურავსა და ბარძიმს შორის შეტაკება მომხდარა. ბარძიმი დაჭრილა. ქართლის ჯარი კახეთიდან უშედეგოდ გაბრუნებულა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნინოწმინდასთან დუშია მოურავის მიერ ქართლელთა დამარცხებით დიდად გაუხარია კახეთის მმართველს აბასყული-ხანს, რომელიც შაჰის დავალებით ცდილობდა ხელი შეეშალა ქართლის ტახტზე გიორგი XI-ის დაბრუნებისათვის.

XVII-XVIII საუკუნეებში ნინოწმინდაში, როგორც ქართლიდან, ისე იმერეთიდან, მოსახლეობის ჩამოსახლების ინტენსიური პროცესები მიმდინარეობდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1904 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 2048 990 1058
2014[1] 1904 924 980

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ჟურნალი „მოგზაური“N6-7 გვ. 529-532 1901 წ.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II