სხალთის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხალთის ეპარქია
სხალთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ფართობი : 1750 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა : 55 131 კაცი
ეპარქიალური ცენტრი : დაბა ხულო, სოფელი ხიჭაური
დაარსდა : 2006 წლის 21 დეკემბერი
საკათედრო ტაძარი : სხალთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
მეორე საკათედრო ტაძარი : ხულოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : სხალთის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
მმართ. ეპისკოპოსი : სპირიდონი (აბულაძე)
მმართ. დასაწყისი : 2006 წლის 24 დეკემბერი

სხალთის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, 2006 წლის 21 დეკემბერს გამართული წმიდა სინოდის განჩინებით ბათუმისა და სხალთის ეპარქია გაიყო და შეიქმნა სხალთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით სხალთის ეპარქიის პირველ მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა დეკანოზი გრიგოლი (გოჩა აბულაძე), რომელსაც ბერად აღკვეცისას ეწოდა სახელი სპირიდონი და იკურთხა ეპისკოპოსად. ეპარქია მოიცავს ზემო (მაღალმთიან) აჭარას, რომელშიც შედის ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები. კათედრა სხალთაში და ხულოში, რეზიდენცია ხულოში და ხიჭაურში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხალთის ეპარქია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთიან მხარეს — ზემო აჭარას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები ქედა, შუახევი და ხულო თავიანთი მიმდებარე ტერიტორიებით. სხალთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, დასავლეთიდან _ ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთიდან — შემოქმედის ეპარქიები, სამხრეთის მხრიდან ეპარქიის საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს და გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს. სხალთის ეპარქიის მომცევლი ტერიტორია აჭარისწყლის ხეობას მოიცავს ჭოროხის შესართავამდე და ისტორიულ წყაროებში „აჭარის ქვეყნის“, ხანაც „აჭარის ხევის“ სახელით არის მოხსენიებული. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები და წმიდა საეკლესიო ტრადიცია საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებას აჭარის გავლით შემოსულ წმიდა ანდრია პირველწოდებულს და მის თანმხლებ მოციქულებს უკავშირებს, რომელთაც პირველი ეკლესიაც, ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, აქვე აუშენებიათ, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი იყო დასვენებული. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, IV საუკუნეში, თანამედროვე სხალთის ეპარქიის ტერიტორია ერთიანდება მეზობელი შავშეთის მხარეში არსებულ თუხარელის სამწყსოში, რომლის ეკლესია მირდატ III ბაქარის ძემ (364-379 წწ.) ააშენა თუხარისის ციხეში (ვახუშტი). V საუკუნის 60-იანი წლებიდან, ამ მხარეზე ვახტანგ გორგასლის მიერ კლარჯეთში დაარსებული და გაძლიერებული ახიზის ეპარქიის იურისდიქცია ვრცელდებოდა. დროთა განმავლობაში აჭარის ხეობაზე მეზობელ სამღვდელმთავროთა უფლებრივი მონაცვლეობა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან იყო ნაკარნახევი. XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს და იგი ახალციხის (ჩილდირის) ვილაიეთს მიუერთეს. თურქთაგან შევიწროებული აქაური მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა მხარეს შეეხიზნა, დარჩენილების დიდმა ნაწილმა კი ისლამი მიიღო, მაგრამ ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება შეძლეს.

XX-XXI საუკუნეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში მოწვეული საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით დაარსდა ბათუმის საეპისკოპოსო, რომელსაც ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ეწოდა. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ეპარქია აჭარის და გურიის რეგიონების ტერიტორიას აერთიანებდა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია 1995 წლის 5 აპრილამდე არსებობდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1995 წლის 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ერთი ეპარქია გაიყო ორ — შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის ეპარქიებად. 1996 წლის ნოემბრიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი (ამჟამად მიტროპ.) დიმიტრი (შიოლაშვილი). 2006 წლის 21 დეკემბერს სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმისა და სხალთის ეპარქია გაიყო და შეიქმნა სხალთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია. 2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი გრიგოლი (გოჩა აბულაძე) ახლადშექმნილი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. 2006 წლის 22 დეკემბერს, სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს. 2006 23 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ სპირიდონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.

2006 წლის 24 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტი სპირიდონი ეპისკოპოსად იკურთხა.

ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოფ. ყინჩაური - სხალთის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი და საკათედრო ტაძარი
  • ხულო - ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარი (წმ. სვიმონ კანანელის და წმ. მატათას სახელობის ეკვდერებით)
  • ხულოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკვდერით)
  • სოფ. ხიჭაური - ივერიის ყოვდაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია
  • შუახევი (გამგეობის წინ) - სულთმოფენობის სახელობის მშენებარე ეკლესია
  • სოფ. გამონათლევი - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  • სოფ. ზვარეში - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  • სოფ. ქედაში - წმინდა ნიკოლოზის საზელობის ეკლესია
  • ქედა ფერისცვალების სახელობის მშენებარე ეკლესია
  • ქედა - წმიდა ევდემოზ დიასამიძის სახელობის მშენებარე ეკლესია
  • სოფ.ზესოფელი წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესია
  • მღვდელმთავრის რეზიდენციაში წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სამლოცველო

წმიდანები ეპარქიიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას. წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან. როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში, სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა, როგორც სასულიერო პირი და თავისი თხზულებების უმეტესი ნაწილიც იქ შექმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით 2002 წლის 17 ოქტომბერს აბუსერისძე ტბელი წმინდანად შეირაცხა და ხსენების დღედ - 17 აგვისტო (ძვ. სტილით) დადგინდა.
  • წმინდა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმინდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან. წმინდა თეოდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) - ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული, 2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდანად შეირაცხა და ხსენების დღედ - 17 თებერვალი (ძვ. სტ.) დადგინდა.
  • XVI საუკუნიდან აჭარა თურქთა მუდმივი აგრესიის ობიექტი გახდა. ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომი ოსმალეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავით დასავლეთ საქართველოს ოსმალეთს ერგო. სამცხე, აჭარა, ჭანეთი თურქებმა საქართველოს მოსწყვიტეს, ოსმალეთის პროვინციად გამოაცხადეს და ოსმალური მმართველობა დაამყარეს. ოსმალობას აჭარაში უამრავი ადამიანი ემსხვერპლა სარწმუნოების გამო. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, სულთმოფენობას, იხსენიებს აჭარაში ოსმალტაგან წამებულ მამებსა და დედებს. (XVII-XVIII).

ზემო აჭარის ტერიტორია ეპარქიათა კუთვნილებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში მოწვეული საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით აღდგა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ეპარქია შექმნისთანავე სამხრეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას აერთიანებდა, მათ შორის ზემო აჭარასაც. სხვადასხვა დროს ბათუმ-შემოდქმედის ეპარქი გაერთიანებული იყო ჭყონდიდის ეპარქიასთან. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია 1995 წლის აპრილამდე არსებობდა, რომელსაც მართავდნენ:

  • მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი) 1920-1922 წწ.
  • ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1923-1924 წწ.
  • ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1924-1926 წწ.
  • მიტროპოლიტი იოანე (მარგიშვილი) 1926-1928 წწ.
  • ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია)1928-1930 წწ.
  • ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე) 1953 წ.
  • მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე)1953-1960 წწ.
  • ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) 1963-1967 წწ.
  • მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) 1974-1978 წწ.
  • მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1978-1986 წწ.
  • მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე)1986-1992 წწ.
  • ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) 1992-1993 წწ.
  • ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი) 1993-1996 წწ.

1995 წლის 5 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ტერიტორიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბათუმი-სხალთისა და შემოქმედის ეპარქიები. ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მწყემსთავრად იკურთხა:

  • მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) 1996-2006 წწ.

2006 წლის 21 დეკემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით ბათუმისა და სხალთის ეპარქია გაიყო და შეიქმნა ბათუმ-ქობულეთისა და სხალთის ეპარქიები. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით სხალთის ეპარქიის პირველ მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა და იკურთხა:

საეკლესიო კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგარა - შუა საუკუნეების ძეგლი "ნასაყდრალი" ვერნები - XII-XIII საუკუნეების ეკლესია; ზედა თხილვანა - ხიხანის ციხე; XIII საუკუნის ეკლესიის ნანგრევები; ვანაძეები - X–XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები; საციხური - XI საუკუნის ეკლესიის ნანგრევები; ხიხაძირი - XIII საუკუნის ეკლესია თიკინაური; კალოთა - XI-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები;

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში). თბილისი, 2013.
  • მწიგნობრობა ქართული : მრავალტომეული (თანაავტორი) // სასულიერო მწერლობა; ჰიმნოგრაფია, ტ. 5. - თბილისი, ციცინათელა, 2009. - 560გვ.. - ISBN: 978-99940-919-8-0
  • ქართული მწერლობა : 40 ტომად (თანაავტორი) // ტ. 3. - თბილისი, ნაკადული, 1988. - 493გვ.. - ISBN: 978-99928-47-26-8
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]