ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცაგერის საკათედრო ტაძარი
არქიმანდრიტი სტეფანე

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიასაქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო დასავლეთ საქართველოში, მოიცავს დასავლეთ საქართველოს ისტორიულ კუთხეებს - ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. მის შემადგენლობაში შედის მთიანი საქართველოს ორი პატარა ქალაქი: ლენტეხი და ცაგერი და მათი მუნიციპალიტეტები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპარქიის მღვდელმთავართაგან ცაგერელი ეპისკოპოსი პირველად ტაოში, იშხნის ჯვარზე არსებულ წარწერაში იხსენიება. XI საუკუნეში ცაგერელი ანტონი იშხნელი მღვდელმთავარი გამხდარა. ცაგერელთაგან ასევე ცნობილია XVII საუკუნის I ნახევრის მოღვაწენი სერაპიონ აბაშიძე და ნიკოლოზ კუჭაიძე. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცაგერის საეპისკოპოსო კათედრაზე უმეტესად ჩიქვანთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ დადგენილნი, ზოგჯერ ისინი ცაგერლობას ჭყონდიდელობასაც უთავსებდნენ.

ცაგერის საკათედრო ტაძარი საუკუნეთა მანძილზე ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საეპარქიო ცენტრი იყო. სვანეთის მეორე, ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცაიშელს ექვემდებარებოდა. XIV საუკუნეში კი ცაგერელი ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედიოდა ქვემო სვანეთისა და ბალსზემო (შემდგომი ხანის თავისუფალი) სვანეთიც. XVII საუკუნისათვის კი საცაგარელოდ ითვლებოდა ლეჩხუმი და მხოლოდ ქვემო სვანეთი.

ტრადიციულად, ცაგერელი ეპისკოპოსი, დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსთა მსგავსად, იმერეთის (ანუ აფხაზეთის) კათოლიკოსს ემორჩილებოდა. ცაგერელი მღვდელმთავარი იმერეთის საეკლესიო კრებების აქტიური მონაწილე იყო.

XIX საუკუნის 20-იან წლებამდე ცაგერელი მღვდელმთავრის ტაძარი სამიტროპოლიტო კათედრა გამხდარა. რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს შეერთების და იქაურ ეპარქიათა გაუქმების შემდეგ სამიტროპოლიტო კათედრა საარქიმანდრიტო მონასტრად გადააქციეს.

ეპარქიის აღორძინება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაიწყო. 1917 წლის სექტემბრის საეკლესიო კრებაზე განაახლებულ 13 ეპარქიას შორის, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიაც სახელდება. სამღვდელმთავრო სამწყსო ზემო და ქვემო სვანეთს აერთიანებდა. XX საუკუნის 20-იან წლებში დაწყებული რეპრესიების გამო, ეპარქიის აღდგენის მიუხედავად ცაგერისა და სვანეთის ეპარქიას 70 წლის განმავლობაში საკუთარი მღვდელმთავარი თითქმის არ ჰყოლია. სამწყსოს მართვა შეთავსებით ქუთათელ-გაენათელ მწყემსმთავარს ევალებოდა. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ცაგერისა და ქვემო სვანეთისა და მესტიისა და ზემო სვანეთის.

ცაგერისა და ქვემო სვანეთის ახლადდაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა ახალციხის ეპარქიის ჭულევის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სტეფანე კალაიჯიშვილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]