სინდი კირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინდი კირო
სინდი კირო
ოფიციალური პორტრეტი 2021
ახალი ზელანდიის გენერალ გუბერნატორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა21 ოქტომბერი, 2021
მონარქი  ელისაბედ II
ჩარლზ III
პრემიერ-მინისტრი  ჯასინდა არდერნი
წინამორბედიპეტსი რედი
ელენ უინკლმანი

დაბადებული1958
უანგარეი, ნორთლენდის რეგიონი, ახალი ზელანდია
მოქალაქეობაახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მეუღლეკრის კუჩელი
რიჩარდ დევისი
შვილები4
განათლებამესის უნივერსიტეტი
European University Institute
ოკლენდის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიხელოვნების ბაკალავრი (1987)
ფილოსოფიის დოქტორი (2001)
ჯილდოებიღირსების ორდენის დიდი თანამგზავრი (ახალი ზელანდია)
 დედოფლის ღირსების ორდენი
იერუსალიმის წმინდა იოანეს ორდენი (დიდი ბრიტანეთი)
ხელმოწერა

ალსიენ სინტია "სინდი" კირო (ინგლ.  Alcyion Cynthia «Cindy» Kiro;დ. 1958, უანგარეი, ნორთლენდი, ახალი ზელანდია) — ახალზელანდიელი სახელმწიფო  და საზოგადო მოღვაწე, ახალი ზელანდიის გენერალური გუბერნატორი 2021 წლის 21 ოქტომბრიდან.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალსიენ სინტია კირო დაიბადა 1958 წელს ახალ ზელანდიაში ნორთლენდის რეგიონის ქალაქ უანგარეიში. იგი ორ ბერძნულ სახელს ატარებს, რაც სავარაუდოდ უკავშირდებოდა მაორის ბატალიონის მონაწილეობას საბერძნეთში მეორე მსოფლიო ომის საომარ მოქმედებებში. ყოველდღიურობაში უპირატესობას სახელ სინდის ანიჭებს. გოგონა ღარიბ ოჯახს ეკუთვნოდა.  მამა — ნორმან სიმპსონი, წარმოშობით ჩრდილოეთ ინგლისის ლანკაშირის ქვანახშირის მომპოვებელი რეგიონის სოფლიდან იყო.  იგი მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, შემდეგ, გადავიდა ავსტრალიაში, შემდეგ კი ახალ ზელანდიაში, სადაც მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად. დედა —  ნგავაიუნუ კირო, დაიბადა პალმის ფოთლებით დაფარულ ქოხში, კაიკოჰეში, ახალი ზელანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში, მაორის ეროვნული მოძრაობის აქტივისტების ოჯახში. მშობლები ერთმანეთს ოკლენდში შეხვდნენ. გოგონა ექვსშვილიან ოჯახში უფროსი იყო. იგი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდ, რომლებიც ინგლისურად ესაუბრებოდნენ. ოჯახი არაერთხელ გადავიდა საცხოვრებლად უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად, საბოლოოდ დასახლდა დასავლეთ ოკლენდში. სინდიმ დაამთავრა რუტერფორდის საშუალო სკოლა, სადაც ჯუნ მარიუს კლასში სწავლობდა  მაორის ენაზე. სკოლის წლებში ის ასევე დაკავებული იყო ჰაკას შესწავლითTe Rōpu Manutaki ჯგუფში პიტ შარპლსის ხელმძღვანელობით.   17 წლის ასაკში, იგი პირველად შეხვდა დედოფალ ელისაბედ II-სა და პრინც ფილიპს ახალ ზელანდიაში ჩასვლისთანავე ჰაკას შემსრულებლის ამპლუაში. შემდგომში მესის უნივერსიტეტში გაიარა სოციალური მუშაკის მოსამზადებელი კურსები. ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა სწავლის მიმართ, ყოველთვის სურდა უფრო წარმატებული ყოფილიყო, ვიდრე მისი თანატოლები. შედეგად, ოჯახიდან მხოლოდ მან მიიღო უმაღლესი განათლება.1987 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებაში ოკლენდის უნივერსიტეტიდან. იმავე წელს იტალიის ევროპულ ინსტიტუტში გაიარა კურსები ეპიდემიოლოგიაში.1992 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ოკლენდის უნივერსიტიდან. 1995-2000 წლებში იყო ფაკულტეტის წევრი და შემდეგ უფროსი ლექტორი მასის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობისა და სოციალური პოლიტიკის სკოლაში. 2001 წელს მესის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო  დისერტაცია თემაზე "მაორის ჯანმრთელობის პოლიტიკა და პრაქტიკა"[3][4][5]

მუშაობა განათლების და ჯანდაცვის სისტემებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინდი კირო 1999-2002 წლებში მუშაობდა მაორის ჯანდაცვის გენერალურ მენეჯერად და ოკლენდის ჯანდაცვის საბჭოს ფინანსთა და დასაქმების გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2000-2001 წლებში იკავებდა ჯანმრთელობის საფინანსო ორგანოს დირექტორის თანამდებობას  ველინგტონში. 2002-2003 წლებში გახლდათ მესის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და  ვიორას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის დირექტორი.[6]

2003-2009 წლებში მუშაობდა ახალი ზელანდიის ბავშვთა კომისრად, გახდა პირველი ქალი და პირველი მაორი ამ თანამდებობაზე. თავისი მოღვაწეობის პერიოდში ყურადღება გაამახვილა ისეთ სოციალურ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა მიმართ  ძალადობა. 2006 წელს, კრის და კრუს კაჰუების მკვლელობის შემდეგ, მხარი დაუჭირა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მრავალპარტიული ჯგუფის შექმნის იდეას, რათა შეცვლილიყო კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა ამ სფეროში. მან აღნიშნა, რომ ბავშვობაში მასზე ძალადობა არ ყოფილა, მაშინ როცა ახალზელანდიელების უმეტესობას მშობლები ბავშვობაში სცემენ, თუმცა ბავშვების აღზრდის უფრო ეფექტური გზები არსებობს. აღნიშნავს, რომ ახალი ზელანდია განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ადგილზეა ძალადობის გამო ჩვილთა სიკვდილიანობის თვალსაზრისით, კირომ მოითხოვა 1961 წლის დანაშაულის შესახებ კანონის 59-ე მუხლის გაუქმება, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ „გონივრული ძალა“ შვილის დასასჯელად.[7]

ვირტუალური აუდიენცია ინგლისის დედოფალთან. 19 ოქტომბერი, 2021 წ.

იმის გამო, რომ ახალი ზელანდიის საზოგადოებაში ფიზიკური დასჯა ნორმალურ პრაქტიკად იყო მიჩნეული, სინდი კირო საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდა  ოჯახურ საქმეებში სახელმწიფოს ჩარევის გამო, თუმცა მის მიერ ორგანიზებულმა საოჯახო საქმეების სამსახურმა მხოლოდ ერთ წელიწადში დაახლოებით 400 საჩივარი მიიღო. დანაშაულის აქტში ცვლილება საბოლოოდ მიიღეს და ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალა, თუმცა, კიროს თქმით, ბავშვების მიმართ ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობას კვლავ „დუმილის კედლი" ჰქონდა შემოვლებული.

სინდიმ განაგრძო კარიერა საგანმანათლებლო სფეროში,  სპეციალიზებული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვასა და მასთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებზე.  2009-2012 წლებში მსახურობდა ასოცირებულ პროფესორად და მესის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელად, ხოლო 2012-2014 წლებში იყო პროფესორი და ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტის "თე კურა მაორის" საგანმანათლებლო სკოლის ხელმძღვანელი. 2014 წელს ის დაბრუნდა ოკლენდის უნივერსიტეტში, სადაც დაიკავა პროფესორის თანამდებობა Te Puna Wananga-ს მაორისა და მკვიდრი მოსახლეობის განათლების სკოლაში. დაინიშნა განათლებისა და სოციალური მუშაობის ფაკულტეტის ასოცირებული დეკანის პოსტზე. 2017-2018 წლებში გახლდათ "ტე ტაი ტოკერაუს" კამპუსის დირექტორი და 2018-2021 წლებში მაორების წარმომადგენელი  უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი. პირველი ქალი მაორი ხსენებულ თანამდებობაზე. 2020-2021 წლებში იგი მსახურობდა ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, გახდა პირველი მაორი და მეორე ქალი, ვინც ამ თანამდებობას იკავებდა ამავე დროს იყო  განათლებისა და სოციალური საკითხების ფაკულტეტის პროფესორი.[8]

უნივერსიტეტში მუშაობისას იგი აქტიურად ჩაერთო მაორის ენის გამოყენების პოპულარიზაციაში, მონაწილეობდა ამ საკითხზე ადგილობრივ iwi-სთან ურთიერთგაგების აქტის მომზადებასა და ხელმოწერაში და ასევე დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი გეგმების ჩამოყალიბებაში. იგი ასევე მუშაობდა სხვადასხვა საბჭოებისა და ორგანიზაციების თავმჯდომარედ და წევრად, რომელთა მუშაობა მიზნად ისახავდა განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მაორებისთვის.[9]

ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ-გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვის ცერემონია 2021

2021 წლის 24 მაისს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა  სინდი კირო  ახალი ზელანდიის გენერალური გუბერნატორის პოსტზე წარადგინა, ხოლო დედოფალმა დაამტკიცა. 28 სექტემბერს, მოქმედი გუბერნატორი გენერალი პეტსი რედი თანამდებობიდან გადადგა და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მთავარი მოსამართლე ჰელენ ვინკლმენი. 21 ოქტომბერს კირომ გენერალური გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა ახალი ზელანდიის პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც მნიშვნელოვნად მოკრძალებული იყო კორონავირუსის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო. ის გახდა 22-ე გენერალური გუბერნატორი, მაორი ხალხის პირველი წარმომადგენელი, პირველი ქალი მაორიდან და ასევე მეოთხე ქალი ამ პოსტზე ახალ ზელანდიაში.[10][11][12]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქმარი — კრის კუჩელი, არქიტექტორი, ერთად ცხოვრობდნენ 30 წელი. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა — კაჰუ და დილანი. მან აღნიშნა, რომ დედობა დიდი სტრესია. მის ცხოვრებაშიც ყოფილა შემთხვევა, როდესაც შვილებს დაარტყა, როცა ისინი პატარები იყვნენ ამის გამო საკუთარ თავს საყვედურობდა. მეორე ქმარი გახლავთ რიჩარდ დევისი, ზოგადი პრაქტიკოსი, ორი შვილის მამა, რომელსაც ცოლად გაჰყვა განქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს. უყვარს ბუნებაში ლაშქრობა. შინაური ცხოველებიდან ჰყავს ორი მოპსი. თავისუფლად ფლობს ინგლისურ და მაორულ ენებს.[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Dame Cindy Kiro Net Worth 2023, Age, Husband, Children, Family, Parents, Salary". 2 January 2023.
  2. "Dame Cindy Kiro: New Zealand's first Māori woman to be governor-general, on her 'very poor' upbringing and life of service". The New Zealand Herald. 24 May 2021. Retrieved 24 May 2021.
  3. "Maori graduates' achieve success". Stuff. 29 April 2010. Retrieved 24 May 2021.
  4. Romanos, Joseph (6 May 2009). "The Wellingtonian interview: Cindy Kiro". Stuff. Retrieved 7 June 2014.
  5. Kiro, Cynthia A. (2001) Kimihia hauora Māori = Māori health policy and practice. (PhD thesis). Massey University
  6. "The Right Honourable"". Department of the Prime Minister and Cabinet. 1 April 2011. Retrieved 21 October 2021.
  7. "The Queen invests Dame Cindy Kiro with the traditional Insignia of the Governor-General in video call". Stuff. 19 October 2021. Retrieved 21 October 2021.
  8. "Professor Cynthia Kiro appointed as Ahorangi Chief Executive". Royal Society Te Apārangi. Retrieved 9 October 2020.
  9. "Protocols". New Zealand Parliament. 2015. pp. 5, 9. Archived from the original on 12 June 2018. Retrieved 8 June 2018.
  10. Small, Zane (24 May 2021). "Prime Minister Jacinda Ardern announces Dame Cindy Kiro as next Governor-General". Newshub.
  11. "New governor-general Dame Cindy Kiro gives her first royal assent". New Zealand Parliament. 2 November 2021. Retrieved 6 September 2022.
  12. "Public Health Champion 2012 – Cindy Kiro". Public Health Association of New Zealand. Archived[მკვდარი ბმული] from the original on 14 July 2014. Retrieved 7 June 2014.
  13. Tailor, Leena (7 June 2021). "Dame Cindy Kiro: 'I know what it's like to go hungry'". New Zealand Woman's Weekly. Retrieved 22 October 2021.