რომაელთა მიმართ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა მოციქული პავლე

რომაელთა მიმართ ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. იგი პავლეს პირველი ეპისტოლეა და დაწერილია ქ.შ–დან 60 წლის ახლოს, კორინთოში მისი მესამედ ჩასვლის დროს. რომაელთა მიმართ ეპისტოლე შედგება 16 თავისაგან. ამ ეპისტოლით პავლე მოციქულმა მიმართა რომაელ ხალხს იმ განზრახვით, რომ რომი გადაექციათ ქრისტიანული მისიის ისეთ ცენტრად დასავლეთში, როგორიც ანტიოქია იყო აღმოსავლეთში.

რომში ჩასვლამდე პავლეს სურდა დაერწმუნებინა რომაელები, რომ ადგილობრივი ძმები მისი თანამოაზრეები არიან ხსნის ერთი და იმავე გზის აღიარებაში ყველა ადამიანისათვის, როგორც იუდეველთა, ასევე წარმართთათვის, რაც გახმოვანებულია ამ ეპისტოლის პირველი თავის მე-16 მუხლში: ქრისტეს სახარება არის ღვთის ძალა ყოველი მორწმუნის გადასარჩენად – პირველად იუდეველისა, შემდეგ კი წარმართისა. ეს ძირითადი აზრი გადმოცემულია ეპისტოლის სამ ნაწილში.

პირველ ნაწილში (თთ.1-8) გადმოცემულია იესო ქრისტეს აზრი, რომ რაც შეუძლებელია კაცისათვის, ის შესაძლებელია ღმერთისათვის (ლ. 18,26-27). რაკი ორივენი – იუდეველები და წარმართები აღმოჩნდნენ სჯულის დამრღვევნი, ღმერთი მათ აძლევს შანსს, განთავისუფლდნენ ცოდვებისაგან და ქრისტეს სამსხვერპლო თვითშეწირვის გზით მორწმუნე კვლავ დაუბრუნდება ღმერთთან ერთობას, რომელიც იყო, მაგრამ დაირღვა ცოდვით. მოქცევის შემდეგ მადლისა და ცოდვის ურთიერთთან ბრძოლაში სულის გამარჯვება ხორცზე უზრუნველყოფილია, თუკი ქრისტიანს ემახსოვრება, რომ იესო ეწამა ადამიანის ცოდვების გამოსყიდვის მიზნით (რომ. 6,2-3), ხოლო ადამიანი უნდა გახდეს შვილი ღვთისა, ახალი კაცი, რომელსაც წარმართავს ღვთის სული (რომ. 8,14-17).

ეპისტოლის მეორე ნაწილი (თთ. 9-10) უპასუხებს კითხვას: სამუდამოდ უარყო ღმერთმა თავისი რჩეული ისრაელის ერი – აღთქმის ერი, თუ არა? რაზედაც ეპისტოლე პასუხობს, რომ ეს იმ დრომდე მოხდება, ვიდრე ღვთის სასუფეველში არ შევა მთელი მოქცეული წარმართობა, და მხოლოდ მაშინ გადარჩება ისრაელი, როგორც ხალხი. ყველანი ურჩობაში მოამწყვდია ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს (რომ. 11,32). ასეთია ღვთის შეუცნობელ გზათა მიზანი.

ეპისტოლის მესამე ნაწილში (თთ. 12-16) პავლე მოციქული მორწმუნეებს ცხოვრების ისეთ წესს აკისრებს, რომელიც შეესაბამება მათი ღვთის შვილობის მაღალ წოდებას. მოუწოდებს მათ, რომ იყვნენ რწმენაში ძლიერნი, მაგრამ მოკრძალებულნი თავის ჯერ კიდევ სუსტ თანამოძმეთა მიმართ, მიბაძონ ქრისტეს მაგალითს სიმდაბლესა და თავგანწირვაში. ბოლოს მოციქული ესალმება რომში მყოფ თავის მეგობრებს და თანამოღვაწეებს და აფრთხილებს ყველას, მოერიდონ განხეთქილებისა და ცდუნების შემომტანთ.

პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლის მნიშვნელობა ქრისტეს მსოფლიო ეკლესიისათვის განუზომელია: იგი შეიცავს ქრისტიანულ მოძღვრებას რწმენის შესახებ – გადარჩენის ერთადერთ და სრულყოფილ გზაზე. „რწმენა ხომ არის ღვთის წყალობა, რომელიც შესაძლებელს ხდის ცოდვილი კაცის გარდაქმნას ახალ არსებად, რომელიც მასში აღადგენს ცოდვისაგან წარხოცილ ხატს და მსგავსებას ღმერთთან. მორწმუნე იქცევა სულიწმიდის სავანედ და იღვწის, რათა ყველას მისცეს სიკეთე, ყველას ემსახუროს, ყოველივე დაითმინოს ღვთის სიყვარულისათვის“ (მარტინ ლუთერი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]