პიროვნება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნება — უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებების რთული ერთობლიობა, რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა დროს გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევის თავისებურებებზე.

პიროვნების აბსტრაქტული ნახატი — პაულ კლეე

ტერმინის მიმოხილვა[რედაქტირება]

ფსიქოლოგმა გორდონ ოლპორტმა (Allport, 1937), არსებული ლიტერატურული მასალის ანალიზის საფუძველზე ცნება „პიროვნების“ ორმოცდაათამდე განმარტება გამოყო, რომელიც კატეგორიებში დააჯგუფა. ძირითადად გამოიყო ორი მიდგომა:

  • ბიოსოციალური — ამ კატეგორიაში გაერთიანებული თეორიების მიხედვით პიროვნების მეცნიერული განმარტება დიდად არ განსხვავდება ამ ცნების ყოველდღიური, არამეცნიერული გაგებისგან. ისინი პიროვნებას განიხილავენ, როგორც სოციალურ სასტიმულო ღირებულებას და სწორედ გარშემომყოფთა რეაქცია განსაზღვრავს ინდივიდის პიროვნებას. ოლპორტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ პიროვნება შედგება მხოლოდ სხვათა რეაქციებისგან და უპირატესობას ბიოფიზიკურ მიდგომას ანიჭებს.
  • ბიოფიზიკური — ამ კატეგორიაში გაერთიანებული თეორიების თანახმად, პიროვნება სუბიექტის მახასიათებებისა და ნიშნების ერთობლიობას წარმოადგენს და არა სოციალურ რეაქციებს. ბიოფიზიკური თეორიების მიხედვით, პიროვნება შეიძლბა დავაკავშიროთ ინდივიდისათვის დამახასიათებელ თვისებებთან, რომლებიც ექვემდებარება ობიექტურ აღწერასა და გაზომვას.

განსაზღვრებების მეორე მნიშვნელოვანი ტიპი (რომელსაც განსაზღვრება-ომნიბუსსაც უწოდებენ) ტერმინ „პიროვნებას“ იყენებს იმ ყველაფრის აღსანიშნავად, რაც ინდივიდს ეხება და თეორეტიკოსი ინდივიდის აღწერისას ჩამოთვლის მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან გაგებებს, რომლებიც ქმნიან პიროვნებას. სხვა განსაზღვრებებში კი ხაზი ესმება პიროვნების მაინტეგრირებელ ან ორგანიზაციულ ფუნქციას. იგულისხმება, რომ პიროვნება წარმოადგენს განსხვავებული დისკრეტული რეაქციების სტრუქტურას ან ორგანიზაციას. აგრეთვე, როგორც ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს პიროვნების აქტივობის შედეგს. აქტივობა კი ინდივიდის შიგნით არსებული ძალით წარიმართება. პიროვნება არის ის, რაც აწესრიგებს, ათანხმებს და წარმართავს ინდივიდუალური ქცევის სხვადასხვა სახეს.

სხვა განსაზღვრებები პიროვნებას ქცევის ინდივიდუალურ თუ უნიკალურ ასპექტთან აიგივებენ. ამ შემთხვევაში, პიროვნების ცნება იხმარება როგორც იმ მახასიათებლის აღსანიშნად, რომელიც ინდივიდს დანარჩენი ადამიანებისაგან განასხვავებს.

საბოლოოდ, არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომლის თანახმად პიროვნება ინდივიდის არსს წარმოადგენს. ამ განსაზღვრებებში ხაზი ესმება იმას, რომ პიროვნება არის ის, რასაც ადამიანი სინამდვილეში წარმოადგენს, ანუ პიროვნება მოიცავს იმას, რაც ადამიანის ყველაზე ტიპიური და ღრმა მახასიათებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • C.S.Hall, G.Lindsey. Theories of Personality
  • ფ. ზიმბარდო, რ. გერიგი. ფსიქოლოგია დაცხოვრება