ომარ ფაიგ ნემანზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომარ ფაიგ ნემანზადე
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1872
აწყური, ახალციხის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 ოქტომბერი, 1937 (64 წლის)
განათლება დარუსაფაკა, სტამბოლი
საქმიანობა მასწავლებელი, ჟურნალისტი და მწერალი

ომარ ფაიგ ნემანზადე (აზერ. Ömər Faiq Nemanzadə, თურქ. Ömer Faik Numanzade; დ. 1872 წლის 24 დეკემბერი, აწყური, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია - გ. 1937 წლის 10 ოქტომბერი, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, გამომცემლობა "გაირეთ"-ისა და სატირული ჟურნალის "მოლა ნასრადინ"-ის დამფუძნებელი და საზოგადო მოღვაწე.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომარ ფაიგ ნემანზადე დაიბადა 1872 წელს, ახალციხის მაზრაში, სოფელ აწყურში.[2] მისი წარმომავლობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. რადგანაც სამცხე-ჯავახეთში 1944 წლამდე მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა,[3] შესაბამისად კამათის საგანია მისი ეთნიკური კუთვნილებაც. ერთი ნაწილისთვის იგი ყიფიანთა გვარის წარმომადგენელი მუსლიმი ქართველია, ხოლო მეორე ნაწილი მას ეთნიკურად თურქად მიიჩნევს. ისტორიკოს შოთა ლომსაძის თანახმად ყიფიანების გვარი მესხეთში XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან სახლდება. მათგან ყველაზე ცნობილი, მამისთვალ ყიფიანი, როგორც საგარეო საქმეთა გამგე და ფაშას კანცლერი ახალციხის საფაშოში გავლენიან პიროვნებად ითვლებოდა.[4] მისი და მარიამ მაჭავარიანის უმცროსი ვაჟის, გულო აღას შვილი, რომელიც "მაკტაბინდას" სახელით იყო ცნობილი, მოგვიანებით აწყურის მოლა გახდა. სწორედ მისი და ოშორელი ქალის, გვარად ხიკოშვილის შვილი იყო ომარ ყიფიანი.[5] [6]

როდესაც ომარი 10 წლის იყო, ოჯახმა მისი გორის გიმნაზიაში გაგზავნა გადაწყვიტა, სადაც სწავლობდნენ კავკასიის გამოჩენილი ადამიანები, მათ შორის ილია ჭავჭავაძე და იოსებ სტალინი. თუმცა დედამისი მორწმუნე მუსულმანი იყო და ომარის ქრისტიანულ სკოლაში გაგზავნის იდეას მხარი არ დაუჭირა. სწორედ ამიტომ გაგზავნეს სტამბოლში, ფატიჰ მედრესეში.[7]

ომარი რელიგიურ განათლებას სკეპტიკურად ეპყრობოდა და ორი წლის შემდეგ გადავიდა საერო დარ-უშ-შაფაქის სემინარიაში, სადაც ასწავლიდნენ მეცნიერებებსა და უცხო ენებს. ამ სკოლაში სწავლის ბოლო წელს ფაიგმა მუშაობა დაიწყო გალატას ფოსტაში. ევროპაში გამოცემული ყველა ჟურნალი და გაზეთი მის ხელში გადიოდა. მუშაობისას ეცნობოდა ევროპულ ლიბერალურ იდეებს, რამაც დიდი გავლენა იქონია მის ჩამოყალიბებაში. მალევე ნემანზადე დაუკავშირდა საიდუმლო წრეებს, სტამბოლის „რევოლუციურ ელემენტებს“, რომლებიც სულთნის ტახტიდან ჩამოგდებაზე ფიქრობდნენ. ლიბერალიზმის იდეებით შთაგონებულმა ახალგაზრდა ნემანზადემ მათ გაზეთები და უახლესი ინფორმაციები მიაწოდა. ყოველ შემთხვევაში, ერთ მშვენიერ დღეს პოლიციამ დაარბია ეს წრეები. ომარ ფაიგ ნემანზადე დაპატიმრებას ძლივს გადაურჩა და დროულად ჩააღწია ბათუმამდე.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი სახით მნიშვნელოვანი დასაყრდენი გაუჩნდა პანთურქიზმს კავკასიაში, განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმი ლიდერებისთვის წამყვანი იდეოლოგიური პლატფორმა გახდა. ეს განსაკუთრებით აისახა ამ რეგიონში მუსლიმთა აჯანყებისას 1919 წელს, როდესაც პირველი რესპუბლიკის პერიოდში გააქტიურებული სეპარატისტულ მოძრაობა მიზნად ისახავდა მესხეთის საქართველოსგან ჩამოშორებას და ე.წ. ყარსის რესპუბლიკაში გაერთიანებას.[8]

აქტიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნემანზადე (მარჯვნიდან მეორე) მე-19 საუკუნის სხვა აზერბაიჯანელ მწერლებთან ერთად (ჯალილ მამედყულუზადე, სულთან მაჯიდ განიზადე და სხვ.)

კავკასიაში დაბრუნებულმა ომარ ფაიგმა მოქმედება თავისი იდეალების მიხედვით დაიწყო. იგი ფიქრობდა, რომ განმანათლებლობა იყო ერთადერთი გზა სიტუაციის გამოსასწორებლად.

საჭიროა ხანგრძლივი სოციალური, რევოლუციური და მეცნიერული მომზადება, რათა განადგურდეს ძველი ტრადიციებიდან მომდინარე პრინციპები და მივყვეთ ახალ გზას. ძნელია რაიმე წარმატებისა და ასეთი ცვლილებების მიღწევა კულტურისა და განათლების სფეროში  მომზადების გარეშე ... ერის განვითარების დონე მასწავლებელთა განვითარების დონით შეიძლება გამოიკვეთოს. მასწავლებელთა საკითხი ერის სიცოცხლისა და სიკვდილის საქმეა.

ომარი საგანმანათლებლო საქმიანობას შეუდგა. მან დააარსა სკოლები შემახიში, შაქიში, განჯასა და ტფილისში. „დღევანდელ უმთავრეს ამოცანად მივიჩნევთ მშობლიურ ენაზე სკოლების გახსნას“, - წერდა ის თანამებრძოლების - აზერბაიჯანელი დემოკრატების ერთ-ერთ განცხადებაში, რომლებსაც შეუერთდა 1892 წელს. ომარი მუდმივად მოგზაურობდა ბაქოში. ნემანზადე გამოჩენილი პიროვნება გახდა სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი პუბლიკაციების წყალობითაც, კერძოდ, ყირიმელი თათრების, რუსეთში გამომავალ ერთადერთ თურქულენოვან გაზეთში, ,,თერჯუმანში" (,,მთარგმნელი") გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ბაქოს პირველ მუსლიმ ქალთა სკოლას. სტატიაში მან სკოლას ,,გაუგებარი სასწაული" უწოდა. სტატია სტამბოლის ჟურნალ ,,სერვეტი ფუნუნის" არქივში იყო შენახული. სტატიას ფართო გამოხმაურება მოჰყვა მუსლიმანურ სამყაროშიც. რამდენიმე ადამიანი ეთანხმებოდა ომარ ფაიგის აზრს და თვლიდა რომ მუსლიმ გოგონებსაც სჭირდებოდათ განათლება. 1906 წელს ნემანზადემ გადაწყვიტა გამოექვეყნებინა საკუთარი პუბლიკაცია. მას ჰქონდა განსხვავებული იდეა: გამოექვეყნებინა კარიკატურების გროტესკული ჟურნალი მკვეთრი სატირებით, რაც წერა-კითხვის არმცოდნე ადამიანებისთვის ადვილი გასაგები იქნებოდა. ჟურნალს მოიგონა შესაბამისი სახელი - ,,მოლა ნასრადინი", თურქულ სამყაროში ცნობილი და საყვარელი მოაზროვნისა და მზაკვრის პატივსაცემად, რომელიც აწუხებდა ხარბებს და მხარს უჭერდა ღარიბებსა და პატიოსნებს.

ომარმა თავად ვერ შეძლო ჟურნალის დარეგისტრირება, რადგან ,,პრობლემური" ადამიანი იყო. მთავარ რედაქტორად ჯალილ მამედყულუზადე დანიშნა.[9] თბილისში მცხოვრები ორი გერმანელი: შმერლინგი და როტერი, რომლებმაც სრულიად ახალი სტილი შექმნეს ჟურნალისთვის, მისი ილუსტრატორები გახდნენ. მათი ილუსტრაციები ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული და მსგავსი იყო, რის გამოც თითოეული ნახატი ხელმოწერას აღარ საჭიროებდა. კარიკატურებისთვის ომარ ფაიგმა და მამედგულუზადემ შეადგინეს სიუჟეტები. ილუსტრაციებში კარგად ჩანს იმდროინდელ კავკასიაში არსებული პრობლემები: გაუნათლებლობა, ქალების ჩაკეტილი მდგომარეობა, კლერკების ქედმაღლობა და პოლიციელების უხეშობა. დროთა განმავლობაში სხვა პოეტებმა და პროზაიკოსებმაც დაიწყეს ფელეტონების წერა ჟურნალ ,,მოლა ნასრადდინში". ჟურნალის  პირველმა ნომერმა ფურორი მოახდინა. ასეთ წარმატებას არავინ მოელოდა. მალე ყოველკვირეული ჟურნალი 5000 ეგზემპლარად გამოიცა და მთელ თურქულენოვან სამყაროში გავრცელდა. სარკაზმულების მიუხედავად, ჟურნალი არ აუკრძალავთ, თუმცა იყო ცენზურა: არქივებში ჩანს გადახაზული ცარიელი გვერდები. ომარ ფაიგმა თავად დააფინანსა ჟურნალი, მაგრამ, როგორც გამომცემელი ის საკმარის თანხას ვერ გამოიმუშავებდა. ასევე იყო პრობლემები საარსებო სახსრებთან დაკავშირებით. მაგრამ 1906 წლიდან 1909 წლამდე ჟურნალი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოდიოდა. 1912 წელს ჟურნალი განახლდა მაგრამ ისევ გაუქმდა. მოგვიანებით 1917 წელს კვლავ აღდგა, თუმცა რევოლუციის დაწყებამ ჟურნალს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

რთული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ბოლშევიკებმა ცარიზმის მოწინააღმდეგეებს ,,ინდულგენციები" დაურიგეს. ომარ ფაიგს ახალციხეში დიდი სახლი ბაღითაც კი აჩუქეს. 1920 წელს, როდესაც აზერბაიჯანის რესპუბლიკა გაუქმდა და იქ საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, ხელისუფლებამ გამოიჩინა ინიციატივა, რომ ყველა შესაძლო საშუალებით გაეგრძელებინა პოპულარული ჟურნალის „მოლა ნასრადინის“ გამოცემა. ომარს დაჰპირდნენ, რომ ამისთვის ყველა კარგ პირობას შექმნიდნენ, მაგრამ ომარ ფაიგმა უარი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე. ამ დროიდან ეწეოდა სხვა საქმიანობას, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის ერთან. რევოლუციის შემდეგ მალევე დატოვა ბაქო და დაბრუნდა საქართველოში.[10] ის შევიდა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტში, სადაც სხვა წევრებთან ერთად შედიოდნენ ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი და ბუდუ მდივანი[11]. თურქულენოვან მოსახლეობაში იგი პატივისცემით სარგებლობდა.

1937 წლის რეპრესიების დროს ომარ ნემანზადე დააპატიმრეს და დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Ömər Faiq Nemanzadə“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-31. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  2. „Ахалцихские турки: история, этнография, фольклор“ (PDF). IRS magazine.
  3. İsmail Aydıngün, Ayşegül Aydıngün; Editör: Murat Yılmaz. Ahıska Türkleri: Ulusötesi bir Topluluk- Ulusötesi Aileler. Ankara: Hoca Ahmet Yesevi Uluslararası Türk-Kazak Üniversitesi, 2014
  4. ლომსაძე, შოთა. მესხები. ახალციხური ქრონიკები, II, გვ. 154-175
  5. ანდღულაძე, რეზო. გულო აღას შურისძიება. გაზეთი "ლიტერატურული მესხეთი", 2015, მარტი, გვ. 9
  6. ლომსაძე, შოთა. მესხები. ახალციხური ქრონიკები, II, გვ. 174
  7. „Ömer Faig Nemanzâde“.
  8. ლომსაძე, შოთა. მესხები. ახალციხური ქრონიკები, II, გვ. 173
  9. „Jalil Mammadguluzadeh and Molla Nasreddin - Political satire comes East -“. Visions of Azerbaijan.
  10. „1905-1906-cı il Tiflis hadisələri Ömər Faiq Nemanzadənin gözü ilə“.
  11. https://civil.ge/ka/archives/399687