ოლდოს ჰაქსლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი, 1970 წელს
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 1894
დაბ. ადგილი გოდლმინგი, სარის საგრაფო
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი, 1963
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ინგლისელი

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (დ. 26 ივლისი, 1894, გოდლმინგი, სარის საგრაფო — გ. 22 ნოემბერი, 1963, ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) — ინგლისელი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში, სწავლობდა იტონისა და ბელიოლის კოლეჯებში, დაამთაავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1921); ბევრს მოგზაურობდა. 1923-1930 წლებში ცხოვრობდა იტალიაში, 1937 დასახლდა ლოს-ანჯელესში.

შემოქმედება[რედაქტირება]

თავდაპირველად იყო ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი. 1918-1923 გამოაქვეყნა ლექსების კრებული. 20-იან წლებში იდეური პოზიციით ახლოს იდგა „დაკარგული თაობის“ მწერლებთან. ეკუთვნის მრავალი რომანი, ისტორიული ბიოგრაფია, მოთხრობა, ესე, მოგზაურობის ჩანაწერი, ფილოსოფიური ტრაქტატი და სხვა; სახელი გაუთქვა 20-30-იან წლებში შექმნილმა რომანებმა „ყვითელი ქრომი“ (1921), „მასხრული ფერხული“ (1923), „ის უნაყოფო ფოთლები“ (1925), „კონტრაპუნქტი“ (1923), „ბრმა გაზაში“ (1936), „საოცარი ახალი სამყარო“ (1932), რომლებშიც გამოვლენილია ჰაქსლის სატირიკოსის, კომედიოგრაფის, დაკვირვებული რეალისტის ოსტატობა.

ამ პერიოდში ჰაქსლის შემოქმედება, ტრადიციის ჟანრული ფორმის მიუხედავად, მაინც ნოვატორულად აღიქმებოდა და დიდ დავასაც იწვევდა; აზრთა სხვადასხვაობის საბაბი იყო ჰაქსლის პერსონაჟთა სქემატურობა, სიუჟეტის ქაოსურობა, ჟანრთა აღრევა (ჩართული ესეისტური ეპიზოდები და სხვ.); ნაწარმოების გმირი, პერსონაჟი უმეტესწილად არის იდეა და არახორცშეახმული ადამიანი; ამ მხატვრული ხერხებით მწერალი საკმაო განზოგადებას აღწერს და მთელი სისავსით გამოხატავს ომის შემდგომი ინტელიგენციის სულიერ და ზნეობრივ განწყობილებას, ეპოქის პრობლემებს. ეს რომანები მიჩნეულია ე. წ. ინტელექტუალურ რომანად, იდეების რომანად, რომელიც სათავეს იღებს ანტიკურ ლიტერატურაში, კერძოდ, მენიპეს სატირასა და სოკრატესეულ დიალოგებში. თვით ინგლისურ ლიტერატურაში ჰაქსლის წინამორბედად ითვლება ტ. ლ. იკოკი.

წლების განმავლობაში მხატვრული აზროვნების, მსოფლმხედველობის, ესთეტიკის მრწამსის თვალსაზრისით ჰაქსლს თითქოს ღრმა ევოლუცია არ განუცდია, მაგრამ მომდევრო პერიოდში ცხოვრების აზრისა და პოზიტიური ფასეულობის ძიების გზაზე შესუსტდა სატირული ელემენტი, მომძლავრდა მისტიციზმი, ნატურალიზმის ელემენტები, ფილოსოფიური დეკლარაცია. ამ ეტაპზე ჰაქსლიმ შექმნა რომანები - „მრავალი ზაფხულის შემდეგ კვდება გედი“ (1939), „დრო უნდა გაჩერდეს“ (1945), „გენიოსი და ქალღმერთი“ (1955), „კუნძული“ (1962), აგრეთვე მრავალი ესეი, ფილოსოფიური ტრაქტატი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • რჩეულიშვილი მ., ქსე, ტ. 11, გვ. 609, თბ., 1987

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: