მრავალძალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მრავალძალი
Mravaldzali st.George catheral.JPG

მრავალძალი მდებარეობა საქართველო

Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°30′46″ ჩ. გ. 43°20′18″ ა. გ. / 42.51278° ჩ. გ. 43.33833° ა. გ. / 42.51278; 43.33833
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
დეტალები

მრავალძალიXI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.

ვიკიციტატა
„ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უწმიდესსა და სათაყვანებელ ადგილზე. აუცილებელია, ყველა ქართველი ამოვიდეს, მუხლი მოიდრიკოს!“
(მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სიტყვები მრავალძალში ყოფნისას, 1999 წლის 4 ოქტომბერი)

ისტორია

რაჭაში, სოფელ მრავალძალთან, უძველესი დროიდან იყო მონასტერი. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი „ნაეკლესიევს“ უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული.

მრავალძალის ეკლესიის აგება სავარაუდოდ ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა.

თავდაპირველად წმინდა გიორგის ეკლესია რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის (10.75 X 6.75) ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. იგი სახელგანთქმული იყო სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდალური წარწერებით, შიგნიდან მთლიანად მხატვრობით დაფარული კედლებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით.[1]

შუა საუკუნეებში მთელ დასავლეთ საქართველოში მის რელიგიურ „ავტორიტეტს“ ძნელად თუ შეედრებოდა სხვა რომელიმე საკულტო დაწესებულება. რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ სორის საკმაოდ ძველი „ჯვარცმის მონასტერი“ (XIII საუკუნე) მის სახელობაზე ყოფილა აგებული.

XIX საუკუნეში რუსმა ეგზარქოსმა მრავალძლის მონასტერი გააუქმა და სამრევლო ეკლესიად გადააკეთა. იმავე საუკუნის მიწურულს, 1894 წელს, დეკანოზ მიხეილ სხირტლაძის ხელმძღვანელობით, ტაძარი განახლდა და გადიდდა. ახალი ეკლესია შედარებით დიდი ზომის (18.75 X 13.10 მ) ჯვრისსახა ნაგებობა იყო, რომელსაც ათწახნაგა გუმბათი ედგა. ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა.

1991 წლის 29 აპრილის რაჭის მიწისძვრამ XIX საუკუნის შენობა ჩამოაქცია, ასევე დააზიანა მისი ძველი ნაწილიც. 2007 წელს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ წამოწყებული აღდგენითი სამუშაოები 2009 წლის შემოდგომაზე დასრულდა. იგი ადრინდელ სახეს დაუბრუნდა.

ეტიმოლოგია

ხარისა და ძროხის გამოსახულებები

ტაძარი თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა, ხოლო რატომ ეწოდა მას „მრავალძალი“, გადმოგვცემს 1894 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული სტატია:

ვიკიციტატა

ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარის მეფობის შემდეგ, როდესაც ოსმალეთის ჯარმა საქართველოზე გაილაშქრა, სოფელ მრავალძალთან მისვლა და მისი ამუსვრა გადაწყვიტეს.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, როდესაც ოსმალეთის ჯარი მიუახლოვდა სოფელს ორი ვერსის მანძილზე, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა არემარეს და ჯარი ვეღარაფერს ხედავდა. ოსმალებს აერიათ გზა-კვალი, დაიწყეს უგზო-უკვლოდ ხეტიალი, და მიუახლოვდნენ უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში ერთი ალაგას ჭაობიანი ტბა არის. კლდესაც იმიტომ ეძახიან ჭოლევის კლდეს. ეს კლდე სარტყელივით აქვს შემორტყმული სოფელს და სიმაღლით ორმოც-სამოცი საჟენი იქნება. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარისკაცი გადაცვივდა და რადგანაც თვალით ვეღარას ხედავდნენ, ბევრი გადაჰყვნენ ერთიერთმანეთს. ბოლოს შენიშნეს, რომ ჯარისკაცნი მიდიან და სადღაც სცვივან; ერთბაშად შედგნენ და დაუწყეს გზას ფთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. სწორედ ღვთის განგებააო იფიქრეს: აქ სწორედ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო.

ამ ფიქრის შემდეგ ოსმალოს ჯარმა, დაიწყო ლოცვა:

ვიკიციტატა
„დაგვიხსენ, ამ განსაცდელისაგან, ვევედრებით შენს დიდებას, დავსდებთ აღთქმას, და სადამდინაც შენი ზარის ხმა მიაღწევს, იქ ჩიტსაც არ ავაფრენთო.“

ამ ლოცვის შემდეგ ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძლის არემარესაც მოეფინა ჩვეულებრივი, დღის სინათლე. ჯარისკაცებმა გადაიხედეს და როდესაც დაინახეს ცოტა მოშორებით საყდარი, დაბრუნდნენ კლდიდან და მივიდნენ ეკლესიასთან. ერთი დღე და ღამე ამ ეკლესიის გალავანში დაჰყვეს ჯარისკაცებმა და შესთხოვეს: „წმინდა გიორგი ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს დაგვიხსენი და ეგრეთი სასწაულთ მოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვანე ის ძროხა და ხარი, რომელიც იმყოფება ჩვენის ზღვის პირზედ და უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო.“

ამავე ლეგენდის თანახმად, ამ ადგილის მახლობლად უზარმაზარი ხარი და ძროხა ბინადრობდა, რომელთა მოკვლა არავის შეეძლო. გადმოცემით, უფლის ძალით ხარი და ძროხა ეკლესიასთან გაჩნდნენ. ხარი და ძროხა ადვილად დანებდა ჯარს დასაკლავად. ოსმალებმაც დაკლეს ცხოველები, ხოლო სასწაულის აღსანიშნად ძროხისა და ხარის მარჯვენა რქები ვერცხლით შეაჭედვინეს და მრავალძლის ეკლესიას შესწირეს. ეს რქები დღესაც ამ ეკლესიაში ინახება ძველის ვერცხლით შეჭედილი.

ამდენი სასწაულის მნახველმა, ოსმალეთის ჯარმა უწოდეს ამ ეკლესიას: „მრავალძალი“, ანუ მრავალძლიერი. ეკლესიის წყალობით სოფელსაც ეს სახელი ეწოდება. ზემოხსენებულ ყანწებს ხმარობენ ეკლესიაში დღეობისას, აგრეთვე ქორწილისას. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არიან. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის წითელი. თითო ყანწში ჩადის თითქმის თითო თუნგი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც იმ ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს, თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლისო.“

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნეში ტაძრის გადიდებისას, დასავლეთ კედელზე, ტაძრის კარიბჭის თავზე გამოუსახავთ ხარისა და ძროხის თავები, რომელთა ნახვა დღესაც შეიძლება.

ზემოთხსენებული ყანწები აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც მრავალძლის ეკლესია 1920 წელს მოინახულა. ტაძარში დაცული ნივთების აღწერისას მას მოხსენიებული აქვს წყვილი ყანწი, ვერცხლით შემკული. მარი ბროსეს ცნობით ამ ყანწებს აწერია მეფე ალექსანდრე.

ტაძარში დაცული ნივთები

მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესიაში მრავალი ისტორიული ნივთი ინახებოდა. სამწუხაროდ 1934 წლის გაზაფხულზე ეკლესია გაძარცულა. გიორგი ბოჭორიძის ცნობით ყაჩაღებს მთელი ვერცხლეული წაუღიათ. გადარჩენილა ჯალალ-ედ-დინის მუზარადი, გაძარცვული შაჰ-აბასის ხმალი და ქარახსები (ყანწები).

ჯალალ-ედ-დინის მუზარადი

ჯალალ ედ დინის მუზარადი

ჯალალ-ედ-დინის მუზარადის შესახებ ცნობას გვაწვდის „ამირეჯიბთა გვაროვნობითი სიგელი.“ ამ სიგელიდან ირკვევა, რომ ხვარაზმის სულთანი, ჯალალ-ედ-დინი, იმერეთის საზღვარზე სასტიკად დაუმარცხებია ამერეთიდან გადახვეწილ რუსუდან მეფეს და მის ჯარებს. დასახელებულ ამირეჯიბთა სიგელში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„შევსწირეთ ოდეს წარგჳჩინა თჳთ და ამისად რუსუდან მეფემან ლაშქარსა სპარსისა და გაგუჱმარჯვჳა; მინდორს შევიბენით და ამოვსწყჳდეთ. მოვართჳთ დროშა და თაჯი თჳთვან სულთნისა და გჳყო წყალობა და გჳბოძა ჯილდოდ, რაც ვიაჯეთ.“

საყურადღებოა, რომ ეს თაჯი, ე. ი. რკინის საომარი ქუდი, ნიშნად მტერზე გამარჯვებისა მაშინვე შეუწირავთ მთელ იმერეთში სახელგანთქმული მრავალძალის მონასტრისათვის. ამის შესახებ იმავე სიგელში ნათქვამია: „...და დროშაცა შევსწირეთ მეხოიშნესა (ე. ი. ულუმბოს მონასტრის ღვთისმშობლის ხატისათვის) ჩუჱნსა, და თაჯი მრავალძალსა“.

იმავე ბრძოლაში მტრისთვის წართმეული შაჰის მთავარი დროშა „ულუმბოს მონასტრის ღვთისმშობლის ხატისთვის“ შეუწირავთ, რომელიც შემდგომში მრავალძლის მონასტერში გადაუტანიათ.

შაჰ-აბასის ხმალი

შაჰ აბასის ხმალი

შაჰ-აბასის ხმლის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი თავის კაპიტალურ ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:

ვიკიციტატა
„ამავ ბარის წყალს ზევით არის მთაში მრავალძალის ეკლესია წმინდა გიორგისა და ჯვარი დიდი ოქროსი, სასწაულთმოქმედი. ამას შესწირა შააბაზ I ხრმალი ოქროთ მოოჭვილი, აწცა ძეს მუნ, არა თუ სარწმუნოებით, არამედ სცნან რამეთუ ხმალი მისი ჰკიდავს მუნ.“

ვახუშტის ამ ცნობაში განცვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესიისათვის საკუთარი ხმალი შეუწირავს ქართველთა მტერს, შაჰ-აბას I-ს. თუმცა ამაზე მეტყველებს სხვა წყაროებიც. ეხება რა შაჰისეული ხმლის ისტორიას, პლატონ იოსელიანი წერს:

ვიკიციტატა
„შაჰ აბასმა შენიშნა, რომ ლუარსაბ მეფის ბედის შესახებ მოლაპარაკების დროს (რაც ქ. გორში მიმდინარეობდა) იმერეთის ელჩები აფიცებდნენ გიორგი სააკაძეს წმ. გიორგის სახელით და მისი სასწაულთმოქმედი ხატით იმერეთის დაბა მრავალძალში, რომელიც იმერლების უდიდესი სათაყვანებელი სალოცავი იყო. შეიტყო რა ეს, შაჰმა გადასცა იმერეთის დიდებულებს მათ მიერ თაყვანისმცემელ ტაძარს, და სთხოვა ეს საჩუქარი ტაძრის კედელზე დაეკიდათ.“

აღნიშნული ხმალი, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, მოინახულა და აღწერა გიორგი ბოჭორიძემ: „სპარსული ხმალი ტარმოტეხილი; ტარი შეჭედილია ოქროთი და შემკული 1 დიდი, 31 საშუალო და 14 წვრილი თვლით.“

ბარელიეფები

წმინდა მეომრები

წმინდა მეომრები

აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ღიობს ორსავ მხარეს წმინდა მეომართა ფრონტალურად მდგომი რელიეფური გამოსახულებებია - მარჯვნივ წმ. გიორგია, რომლის ფეხქვეშ მეფე დიოკლეტიანეს ფიგურაა განრთხმული; მარცხნივ კი - წმ. თევდორე, რომელიც გველეშაპს განგმირავს. ორივეს ზეაღმართულ ცალ ხელში ჯვრით დაგვირგვინებული შუბი უპყრია. ორივე შარავანდმოსილია, ერთნაირი ტიპის, ოვალური მოყვანილობის მოგრძო სახეებითა და სწორი, მხრებამდე ჩამოშლილი თმებით. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ წმ. თევდორეს გრძელი, ორად გაყოფილი წვერი ამშვენებს, წმ. გიორგი კი ტრადიციულად უწვერულია.

ჯვარცმა

ჯვარცმა
წმინდა გიორგის ბარელიეფი
წმინდა გიორგის ბარელიეფის მიხედვით დახატული ხატი, 2009 წ.

წმინდა მეომრების თავზე გამოსახულია ”ჯვარცმის” კომპოზიცია” — მაცხოვრის დიდი ზომის ფიგურა, რომლის ორსავ მხარეს, ჯვრის განივი მკლავების ქვემოთ, ღმრთისმშობლისა და იოანე ღმრთისმეტყველის ფიგურებია. მათ თავს ადგას ორი მფრინავი ანგელოზი. თავად ჯვარი უჩვეულოდ, ზედა მკლავიდან არის განედლებული, რაც კუთხეებიდან გამომავალი ორი ფოთოლიათაა გამოხატული.

ასევე უჩვეულოა ჯვარცმული მაცხოვრის შიშვლად გამოსახვა, ნაცვლად გრძელი კოლობიუმით ან თეძოებზე მოხვეული ქსოვილით მისი წარმოდგენისა. ეს უდავოდ ამ ეპოქის პლასტიკურ ხელოვნებაში არსებული ახალი სტილური მიმართულების — ადამიანის სხეულის გადმოცემისადმი ინტერესის — გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს. აღსანიშნავია ემოციურობის გამომხატველი დეტალები, როგორიცაა მაცხოვრის ოდნავ გვერდზე დახრილი თავი, იოანე ღმრთისმეტყველის ლოყაზე მიდებული ხელი, ფიგურათა ფართოდ გახელილი თვალების შეშფოთებული მზერა და სხვა.

ამავე ფილაზე, ჯვარცმის კომპოზიციის ქვემოთ, რელიეფური ვიწრო ზოლით ცალკე გამოყოფილ არეზე გამოკვეთილია ადამის დიდი ზომის თავი, რომელიც აქვე გამოსახულ ჯვარცმული მაცხოვრის სახეს იმეორებს. ოღონდ ქრისტესაგან განსხვავებით მას მკაცრი, გაყინული გამომეტყველება აქვს. ადამის თავის ორსავ მხარეს პალმის მსგავსი ორი დიდი ფოთოლია მისკენ გადმოხრილი. როგორც ჩანს, აქ წარმოდგენილია განახლებული, ახალი ადამის ხატი (და არა ადამის თავის ქალა გოლგოთის მთის ძირში, რაც ხშირად გვხვდება ჯვარცმის კომპოზიციებში).

ფრესკები

თავდაპირველი ტაძრის ფრესკების შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება. ცნობილია, რომ კონქში მოჩანდა ვედრების სცენა: ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი მარცხენა მუხლზე გაშლილი სახარებით, მის მარჯვნივ ღვისმშობელის, მარცხნივ კი იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებებით. დანარჩენი მხატვრობიდან ცნობილია, რომ ყოფილა დიოკლეტიანეს მიერ წმინდა გიორგის წამების ამსახველი ფრესკები. სამწუხაროდ დღეისათვის არც ერთი ფრესკა არ გადარჩენილა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, 1994
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში, თბილისი, 1963
  • ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წიგნი მესამე, თბილისი, 1967
  • სხირტლაძე ზ., მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია, ძეგლის მეგობარი.-1982.-N60.-გვ.40-49.
  • სხირტლაძე ს., წერილები , გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977.
  • სხირტლაძე ს., რაჭის მატერიალური კულტურის უძველესი ძეგლი , საბჭოთა ხელოვნება.-1960.-N4.-გვ.55-59.
  • დვალი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 164, თბ., 1984
  • დვალი მ., მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია, გაზეთი „რაეო“, 2001 წ. ივნისი
  • ნ. ლაღიძე, ლ. წილოსანი, ე.გედევანიშვილი, ნ. ვაჩეიშვილი, თ. ხუნდაძე, ი. ხუსკივაძე რაჭა, მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები, გვ. 21-22, თბ., 2008
  • იამბე ციხის ნაშალო..., თბ., 2007
  • დვალი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 164, თბ., 1984

სქოლიო

  1. ვიკიწყაროში არის სტატია, რომელიც ეხმაურება მრავალძლის ეკლესიის აღდგენას მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს: გაზეთ "ივერიის" 192 ნომერი, 1895წ; „უცნაური შემთხვევის“ კორესპონდენტის საცნობლად, ბლაღოჩინი მღვდელი მიხეილ სხირტლაძე
Flag-map of Georgia.svg საქართველოს პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს შესახებ.