ერატიკული ლოდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერატიკული ლოდები
ერატიკული ლოდი
ერატიკული ლოდი

ერატიკული ლოდები ან გადაადგილებული (მოხეტიალე) ლოდები (ლათ. erraticus — მოხეტიალე, მოქანავე) — უმეტესწილად, მასიურ-კრისტალური, ამოფრქვეული ან ძლიერ მეტამორფიზებული ქანების საერთო სახელწოდება, რომელიც პეტროგრაფიული შედგენილობით განსხვავდება ქვეფენილი სუბსტრატისაგან. ეს ერატიკული მასალა გადაადგილებულია მყინვარის ან მოტივტივე ყინულის მიერ, რომელიც მნიშვნელოვან მანძილზე მოწყდა მყინვარს დედაქანის მკვიდრი გამოსასვლელიდან. ასეთი მასალა, როგორც წესი, კარგად და ზომიერადაა მომრგვალებული.[1] ამ უზარამაზარი, მომრგვალებული და მოგლუვებული გიგანტური ზომის ლოდების მასა ზოგჯერ რამდენიმე ტონას აღწევს. მათ სიახლოვეს ნიადაგი რბილი და ფხვიერია; ირგვლივ კი ძირითადი ქანების გამოსავლები არ არსებობს. ასეთი ლოდები უფრო ხშირად ღრმა, ეროზიული ხეობების ფერდობებზეა გაშიშვლებული.[2]

წარმოადგენს ძველი მყინვარის მიერ შორს გადატანილ და დატოვებულ ნგრეულ მასალას, რომელიც თავისი ლითოლოგიური შედგენილობით განსხვავდება თანამედროვე ადგილსამყოფელის ამგებელი ქანებისაგან. მათი გავრცელება საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ ძველი მყინვარების მოძრაობის გზებს, რაც მყინვარის გადაადგილების მიმართულების თანხვედრია.[3]

ჩრდილოეთი ამერიკისა და ევროპის ძველი გამყინვარების არეებში აღმოჩენილია 100-დან 1000 მ³-მდე მოცულობის ერატიკული ლოდები. მათი გადაადგილების მანძილი 20–200 კმ ფარგლებშია. შედარებით ხშირად გვხვდება 1–2 მ განივის მქონე ერატიკული ლოდები, მათი გადაადგილების მანძილი ხშირად აჭარბებს 500–1000 კმ-ს. ერატიკული ლოდების დატარების ტრაექტორიის გამორკვევას (გაფანტვის კონუსი) აქვს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. იგი გვაძლევს ძველი გამყინვარების ცენტრების რეკონსტრუქციის საშუალებას, ამასთანავე გვეხმარება სასარგებლო წიაღისეულების ძიების საქმეში.[4]

ერატიკული ლოდები მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული. აღსანიშნავია კანადაში მდებარე ერატიკული ლოდი სახელწოდებით ბიგ-როკი, რომელიც 16 500 ტონას იწონის.[5] ერატიკული ლოდების პირველი აღწერა მყინვარული გადაზიდვის თვალსაზრისით, მოგვცა შვეიცარიელ-ამერიკელმა ბუნებისმეტყველმა ლუი აგასისმა 1840 წელს.[6]

საქართველოში ბევრგან არის დიდი ზომის ლოდები, რომლებიც გადაუადგილებია ძველ მყინვარებსა და ღვარცოფებს.[7] მათი ადგილსამყოფელი ცნობილია კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ბზიფისა და არაგვის ხეობებში. საკმაოდ ბევრია ჩხალთის, საკენის, ენგურის, ცხენისწყლის, რიონის, აბუდელაურისა და სხვა მდინარეთა ხეობების სათავეებში. ზოგიერთი მათგანი მსოფლიოში ცნობილ უდიდეს გადაადგილებულ ლოდთა რიცხვს მიეკუთვნება და ჩართულია ტურისტულ მარშრუტებში.[8]

საქართველოში გავრცელებული ერატიკული ლოდებიდან აღსანიშნავია გლოლის ლოდები, ნენსკრის ლოდები, ზემო ერმანის ლოდი, ლაჰილჭალის ლოდი, მგლისსარბიელის ლოდი, როშკის ლოდები, საკენის ლოდი, ფერხულის ქვა, ჩეგოლის ლოდები, წებელდის ლოდები, ნოწარულის ლოდები, დეიძახის ლოდი და სხვა. მოქანავე ლოდებიდან აღსანიშნავია ყვირის მთაზე მდებარე ქუაქანცალია.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Валун | Все о геологии - неофициальный сервер Геологического факультета МГУ
  2. მ. გონგაძე, კ. წიქარიშვილი, საქართველოს ბუნებრივი საოცრებები. წიგნი IX. თბ.: 2008, გვ. 90-93.
  3. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  4. Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.
  5. Okotoks Erratic – 'Big Rock' | Alberta.ca
  6. Erratic | Encyclopedia Britannica
  7. 7.0 7.1 „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.
  8. კ. ხარაძე. ბუნების ძეგლები. წიგნში „ჩვენი ღირსებანი“. თბ., 2012, გვ. 114-168.