მესეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესეტა
კოორდინატები: 40°30′ ჩ. გ. 3°30′ დ. გ. / 40.500° ჩ. გ. 3.500° დ. გ. / 40.500; -3.500
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
პორტუგალიის დროშა პორტუგალია
უმაღლესი წერტილი ალმანსორი
სიმაღლე 2592 
მესეტა — ესპანეთი
მესეტა

მესეტა, იბერიის მესეტა (ესპ. Meseta) — მთიანეთი ესპანეთსა და პორტუგალიაში. მოიცავს პირენეს ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს. ტექტონიკურად შეესაბამება ძველ მასივს, რომლის საფუძველი შეიქმნა ჰერცინული დანაოჭების შედეგად. ნაოჭა საფუძველი მესეტის დასავლეთ ნაწილში ზედაპირზე გამოდის, აღმოსავლეთით კი დაფარულია მეზო-კაინოზოური ზღვიური და კონტინენტური ნალექებით.

მესეტის ზედაპირი დახრილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. დამახასიათებელია პლატოების, ნაოჭა-ლოდა ქედებისა და მთისშიგა ქვაბულების მონაცვლეობა. მესეტის შუა ნაწილი უჭირავს ცენტრალური კორდილიერის მთებს (მწვერვალი ალმანსორი, 2592 მ) და სუბგანედურ შედარებით დაბალ ნაოჭა-ლოდა ქედებს, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფს ახალი კასტილიისა და ძველი კასტილიის ზეგნებს. მთავარი მდინარეებია: დუერო, ტახო, გვადიანა.

მესეტაში წიაღისეულიდან მოიპოვება ვერცხლისწყალი, არის ტყვიის, სპილენძის, კობალტის, რკინის, ოქროს, კალის, ვოლფრამის მადნები. ჰავა ძირითადად სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიური, გალისიაში — ზომიერი, ზღვიური. ივლისის საშუალო ტემპერატურა 20-28°C, იანვრის დაახლოებით — 5°C. ნალექები 400-500 მმ და 1000-1500 მმ წელიწადში.

ნიადაგები — ტყის მურა და ყავისფერი. დასავლეთით გავრცელებულია მაკვისის ტიპის ბუჩქოვანი რაყები, აღმოსავლეთით და სამხრეთით — გარიგა და ტომილარია; მთაში ფართოფოთოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]