საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა — XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული დისიდენტური მოძრაობა, რომლის მიზანი იყო საქართველოს გასვლა საბჭოთა კავშირიდან და დამოუკიდებლობის მოპოვება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში საბჭოთა კავშირში გაჩნდა დისიდენტური მოძრაობები, მათ შორის დისიდენტური მოძრაობები გაჩნდა საქართველოს სსრ-შიც. 1974 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი „ჰელსინკის კავშირი“. ქართული დისიდენტური მოძრაობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო, რომ ის აქცენტს აკეთებდა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე, არამედ ცდილობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის პოპულარიზაციას. საქართველოში დისიდენტური ბრძოლის ძირითად სახედ იქცა არალეგალური ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება. ამ საქმის სათავეში იდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომლებიც 1970-იან წლებში გამოსცემდნენ ჟურნალ „საქართველოს მოამბესა“ და „ოქროს საწმისს“. 1977 წელს გამსახურდია და კოსტავა დისიდენტური საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ქართველი დისიდენტები აგრეთვე ცდილობდნენ დასავლეთის სახელმწიფოებისთვის მიეწვდინათ ხმა საბჭოთა რეჟიმის შესახებ. ასეთი საქმიანობის გამო დააპატიმრეს ვიქტორ რცხილაძე, ავთანდილ იმნაძე, ვალენტინა ფაილოძე.

1978 წელს გაიმართა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად. 1970-იან წლებში დისიდენტები ასევე აქტიურად აყენებდნენ გარემოს დაცვისა და ისტორიული ძეგლების დაცვის საკითხებს. დისიდენტები ეწინააღმდეგებოდნენ 1970-იან წლებში არსებულ იდეას მეტეხის ეკლესიის ახალგაზრდულ თეატრად გარდაქმნის შესახებ, გარდა ამისა, ზვიად გამსახურდია აქტიურად ითხოვდა დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს საბჭოთა სახედრო პოლიგონის გაუქმებას.

1980-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს დისიდენტებმა ღიად გააპროტესტეს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილის აღნიშვნა. 1984 წლის მაისში პოლიტბიურომ დაამტკიცა კავკასიის სამთო რკინიგზის პროექტი. რკინიგზას უსწრაფესი გზით უნდა დაეკავშირებინა მოსკოვი და თბილისი. მას უნდა გადაეკვეთა კავკასიონის ქედის 11 გვირაბით, 15 დერეფნითა და 85 ხიდით. რკინიგზის დანიშნულება იყო ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკის განვითარება და საჭიროების შემთხვევაში რეგიონში რუსული სამხედრო ძალების შესვლის გაიოლება. პროექტს აქტიურად დაუპირისპირდნენ ქართველი ინტელექტუალები, ისტორიულ და კულტურულ ძეგლთა და გარემოს დამცველები. მათი აზრით რკინიგზა გამოიწვევდა საქართველოს მთის სოფლების დეპოპულაციას, დააზიანებდა საქართველოს ბუნებას და დააბინძურებდა თბილისის წყალმომარაგებას. ექსვთვიანი კამპანიის საპროტესტო შემდეგ საქართველოს კომპარტია იძულებული გახდა უარი ეთქვა პროექტზე. კამპანიის წარმატების შემდეგ გარემოსდაცვითი ჯგუფები გაძლიერდნენ. მათ დაიწყეს სვანეთში ხუდონის ჰიდროელექტროსადგურისა და არაგვის ხეობაში გაზსადენის მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანიები. პროტესტებს სათავეში ედგა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ზურაბ ჟვანიას მეთაურობით.

1980-იანი წლების შუიდან გამოიკვეთა ორი ტიპის ნაციონალიზმი. ერთს მხარს უჭერდნენ საქართველოს სსრ-ის კომპარტიის მმართველი წრეები, ხოლო მეორე იყო ქუჩის პოპულისტური ნაციონალიზმი. ოპოზიციის მოთხოვნები შეეხებოდა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, თვითმმართველობას, კულტურულ უფლებებს და ისტორიულ ძეგლთა დაცვას. კომპარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ჯუმბერ პატიაშვილით სათავეში მხარს უჭერდა კანონებს, რომლებიც ზრდიდა მოქალაქეთა მიერ კანონპროექტების განხილვის უფლებებს, ასევე ეწინააღმდეგებოდა გორბაჩოვის მიერ ინიციირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავდა საქართველოს სსრ-ის სსრკ-დან გასვლის შესაძლებლობას. თუმცა კონსერვატიული მიდგომების გამო პატიაშვილმა ვერ შეძლო მოეხდინა სწრაფი ადაპტირება შეცვლილ გარემოსთან. საჯაროობის გამოცხადების შემდეგ აღმოცენდა ახალი არაფორმალურ ჯგუფები.

1988 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა უნივერსიტეტის პრეს-კლუბი. მხოლოდ 1988 წელს ჩატარდა 38 მიტნგი და დემონსტრაცია, რომელთაგან მმხოლოდ 4 იყო ოფიციალურად სანქცირებული. ამავე წლიდან გაჩნდა ნაციონალიზმის ისეთი გამოვლინებები, რაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისკენ იყო მიმართული. კომპარტია ცდილობდა ვითარების დაშოშმინებას. მარტიდან დაშვებულ იქნა დემონსტრაციები შეზღუდული ფორმით, სექტემბერში მიტინგებისთვის გამოყოფილ იქნა თბილისის იპოდრომის ტერიტორია. 1988 წლის ოქტომბერში ზურაბ ჭავჭავაძემ და მერაბ კოსტავამ დააფუძნეს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. ეს იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია კომპარტიის შემდეგ. ნოემბერში საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა გორბაჩოვის მიერ ინიციირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კომპარტიამ ვერ შეძლო აეცილებინა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ ეროვნულად განწყობილი მუხრან მაჭავარიანის არჩევა. კომპარტიამ სცადა პატრიოტული თემატიკის გამოყენება. 1988 წლის ნოემბერში მან გამოაქვეყნა სახელმწიფო და კულტურულ დაწესებულებათა „გაქართულების“ განრიგი. 1989 წლის იანვარში შეიქმნა სტალინური ტერორის დროს რეპრესირებულ პირთა რეაბილიტაციის კომისია. 1989 წლის თებერვალში გამოქვეყნდა ქართული ისტორიული ძეგლების დაცვის პროგრამა. პარტიული პრესა განიხილავდა მანამდე ტაბუდადებულ თემებს, როგორიც იყო 1921 წელს საბჭოთა ანექსია, 1924 წლის ეროვნული აჯანყება, 1960-იანი წლების კორუფციის და სხვა პრობლემები. კომპარტიის ამ ტაქტიკამ ხელი შეუწყო ოპოზიციის დაყოფას ცვლილებებით დაკმაყოფილებულ ზომიერ ინტელექტუალებად და რადიკალ დსიდენტებად. მიუხედავად ამისა, კომპარტიამ დაკარგა კონტროლი ზომიერ ჯგუფებზეც. კომპარტიის მიერ შექმნილი „რუსთაველის საზოგადოების“ თავმჯდომარედ პარტიის მორჩილი ირაკლი აბაშიძის ნაცვლად აირჩიეს საბჭოთა რეჟიმის დიდი ხნის კრიტიკოსი აკაკი ბაქრაძე, რომელიც ხალხს მოუწოდებდა დამოუკიდებლობისკენ, პლურალიზმისკენ, კერძო საკუთრების დამკვიდრებისა და პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებისკენ. 1989 წლის თებერვალში დისიდენტებმა გააპროტესტეს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 68 წლისთავი. პროტესტის ორგანიზატორები დააპატიმრეს. ამ და სხვა მიტინგების დაშლა უარყოფითად მოქმედებდა კომპარტიის რეპუტაციაზე. მარტში ჩატარებული სახალხო დეპუტატთა ყრილობის არცევნების გაყალბებამ საბოლოოდ მოახდინა კომპარტიის დისკრედიტაცია.

9 აპრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდამტეხი აღმოჩნდა 1989 წლის 9 აპრილი, რამაც ბოლო მოუღო კომპარტიის მიმართ არსებულ ისედაც სუსტ ნდობას და გააძლიერა მოწოდებები დამოუკიდებლობისკენ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე 4 აპრილს დაწყებული მშვიდობიანი მიტინგი და შიმშილობის აქცია 9 აპრილს დარბეულ იქნა სამხედრო ძალების გამოყენებით, დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მიტინგის სისხლიანმა დარბევამ გაწყვიტა ქართული ზომიერი ჯგუფების კავშირი გორბაჩოვის პერესტროიკასთან და ყველას შეახსენა, რომ სსრკ პოლიციური სახელმწიფო იყო. 9 აპრილის გამო არავინ მიცემულა პასუხისგებაში. ხელისუფლების უმოქმედობამ წარმოშვა დამოუკიდებლობის საყოველთაო მოთხოვნა. 9 აპრილის შემდეგ მოთხოვნები შეიცვალა პოლიტიკური დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევნების და წითელი არმიის გაყვანის მოთხოვნებით.

9 აპრილიდან 1990 წლის არჩევნებამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპრილის აქციების ლიდერების, გამსახურდიას, კოსტავას, ჭავჭავაძისა და გიორგი ჭანტურიას მეთაურობით ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტიები. დაიწყო მოლაპარაკებები კომპარტიასთან თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. 1989 წლის აპრილიდან 1990 წლის ოქტომბრამდე პერიოდს ახასიათებდა შემდეგი ნიშნები: საქართველოს კომპარტიის თანდათანობითი დაშლა და მისი გავლენის შესუსტება, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაძაბულობის და დაპირისპირების ზრდა და შიდაეთნიკური კონფლიქტების პირველი ნიშნების გაჩენა.

1989 წლის 14 აპრილს პატიაშვილის ნაცვლად დანიშნულმა გივი გუმბარიძემ სცადა საქართველოს კომპარტიის რეფორმირება, აგვისტოში პარტიამ დაიწყო ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა, ნოემბერში ცვლილებები შეიტანა საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში, რომლითაც საქართველოს სსრ-ს კანონმდებლობას უპირატესობა მიენიჭა სსრკ-ის კანონმდებლობის წინაშე, ხოლო მიწასა და ნედლეულს რესპუბლიკის ქონებად გამოცხადდა, რესპუბლიკის საზღვრებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე სრული კონტროლის უფლება მიეცა საქართველოს სსრ-ს, დაკანონდა კერძო საკუთრება და ბიზნესი, ლეგალიზებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციები. დაიწყო ქართული ორგანიზაციების გამოყოფა საკავშირო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ გაწყვიტა კავშირი ზემდგომ საკავშირო ორგანოსთან, 1990 წლის თებერვალში ცალკე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს პროფკაშირები გამოეყო საკავშირო პროფკავშირებს, 1990 წლის მარტში დაიშალა საქართველოს კომკავშირი.

1990 წლის მარტში დაგეგმილი იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები. იმავე თვეში გაიმართა საქართველოს დისიდენტური მოძრაობების კონფერენცია, სადაც დისიდენტური ორგანიზაციები მსჯელობდნენ, მიეღოთ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. არსებულ ორ: ზომიერ და რადიკალურ პოზიციას შორის გაიმარჯვა რადიკალურმა პოზიციამ, რომელიც არჩევნების ბოიკოტს მოითხოვდა. არჩევნები გადაიდო შემოდგომაზე. მოხდა განხეთქილება რადიკალურ ოპოზიციაში ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას მომხრეებს შორის, რასაც აპრილში სროლებიც მოჰყვა. გამსახურდიას ლიდერობით შეიქმნა ბლოკი მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო, რომელიც შემოდგომაზე დანიშნულ ოფიციალურ არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა. ჭანტურიას, ირაკლი წერეთლისა და სხვათა პარტიებმა, რომლებსაც „შეურიგებლებს“ ეძახდნენ, მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

1990 წლის მარტში ძალადაკარგულად გამოცხადდა 1921 წლის 21 მაისის სამოკავშირეო ხელშეკრულება რსფსრ-სთან, 1921 წლის თებერვლის მოვლენები ოფიციალურად შეფასდა დე-ფაქტო ანექსიად. პარტიაში ცვლილებების მიუხედავად ეროვნული მოძრაობის მთავარი ძალა ოპოზიციაში იყო. 1990 წლის გაზაფხულიდან დაიწყო საბჭოთა ძეგლების სახალხო დემონტაჟი. პირველად ჩამოაგდეს სერგო ორჯონიკიძის ძეგლი საბურთალოზე. 1990 წლის ივნისში უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა კანონები ალტერნატიული სამხედრო გაწვევის, ეკონომიკური სუვერენიტეტის და პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლების შესახებ, დამყარდა პირდაპირი სახელმწიფოებრივი კავშირები ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან, საქართველოს კომპარტიამ დაგმო ლიეტუვის ეკონომიკური ბლოკადა სსრკ-ის მიერ. გუმბარიძის მიერ პარტიის ნაციონალიზაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მან ვერ გაწყვიტა კავშირები საბჭოთა კომპარტიასთან და რჩებოდა საბჭოთა კავშირის ფარულ ერთგულად. 1990 წლის ივლისში ის აირჩიეს საბჭოთა კომპარტიის პოლიტბიუროს წევრად. 1990 წლის აგვისტოში ხალხლმა ჩამოაგდო ლენინის ძეგლი თბილისის მთავარ მოედანზე. ხელისუფლება ნელ-ნელა ჩამოიშალა. იმატა არმიიდან დეზერტირობამ და დანაშაულმა. გაჩნდა მოხალისე სამხედრო ორგანიზაციები მხედრიონი და „თეთრი გიორგი“. რადიკალური ოპოზიცია იკავებდა სახელმწიფო შენობებს, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობა დაიკავა „შეურიგებლების“ ოპოზიციურმა ჯგუფმა, 16 სექტემბერს ოპოზიციამ შტურმით აიღო სუკ-ის შტაბბინა.

1990 წლის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგი იყო 1990 წლის ოქტომბერში ჩატარებული უზენაესი საბჭოს არჩევნები, რომელიც იყო პირველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოს სსრ-ში. 1990 წლის ზაფხულის ბოლოსთვის არსებობდა სულ მცირე 130 პოლიტიკური ორგანიზაცია.

განახლების მცდელობის მიუხედავად, გუმბარიძის ხელმძღვანელობით საქართველოს კომპარტია დამარცხდა არჩევნებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012], ISBN 978-9941-0-5972-8.
  • კვესელავა ი.. „საქართველოს ისტორიის ქრონიკები 1970-1990“, ტ 1 —თბილისი, 2004
  • სონღულაშვილი ნ.. „დისიდენტური მოძრაობა საქართველოში“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N2 გვ. 11-17 — თბილისი, „უნივერსალი“ 2016 ISSN 1512-3154
  • „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეში“, წ II
  • სარალიძე ლ.. „საქართველოს ჰელსინკის კავშირის მოღვაწეობის ისტორიიდან“
  • თუშურაშვილი ო., ლუარსაბიშვილი ვ.. „ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორია“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]