პოლიციური სახელმწიფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუკა შედგენილია Freedom House-ის მიერ 2009 გაკეთებული კვლევის მიხედვით.

██ თავისუფალი (89)

██ ნაწილობრივ თავისუფალი(62)

██ არა თავისუფალი(42)

პოლიციური სახელმწიფოსახელმწიფოს წყობის ფორმა, როდესაც მმართველი ხელისუფლება თავისი აღმასრულებელ-ადმინისტრაციული ორგანოების მეშვეობით საზოგადოებაზე საყოველთაო კონტროლს ახორციელებს.

ცნების წარმოშობის ისტორია[რედაქტირება]

ეთიმოლოგიურად ცნება პოლიცია მომდინარეობს ძველბერძნული სიტყვისგან πόλις (pólis). თავდაპირველად იგი ევროპაში გამოიყენებოდა ზოგადად საჯარო მმართველობის მნიშვნელობით. ასე მაგალითად, შუასაუკუნეებში „კეთილი პოლისი“ კარგ მმართველობას ნიშნავდა.

სიტყვის მნიშვნელობამ აბსოლუტისტური სახელმწიფო მოდელების შექმნამდე გასტანა, რომლებშიც ხელისუფალი საკუთარ თავს როგორც „სახელმწიფოს უმაღლეს მსახურს“ ხედავდა. აბსოლუტური ძალაუფლების საფასურად იგი თავის თავზე ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნვას იღებდა, ხოლო საამისო პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა „კეთილი პოლისი“, რომლის ორგანოებს ქვეშევრდომთა საყოველთაო კეთილდღეობის განმტკიცების ვალდებულება ეკისრებოდა.

საზოგადოებრივ განვითარებასა და სახეცვლილებასთან ერთად, განსაკუთრებით ვენის კონგრესის შემდეგ პოლიციური სახელმწიფოს ფორმა სულ უფრო რეპრესიული ხდებოდა და მზარდ ლიბერალურ და დემოკრატიულ მოძრაობებს უპირისპირდებოდა.

პოლიციური სახელმწიფო არასასურველ პირთა და სხვანაირად მოაზროვნეთა საწინააღმდეგოდ საომარი იარაღი გახდა. ოპოზიცია სახელმწიფოს, და ამით ქვეშევრდომთა ინტერესების მტრად გამოცხადდა.

ასე ცნება „პოლიციური სახელმწიფო“ დაუპირისპირდა დემოკრატიულ „სამართლებრივ სახელმწიფოს“, რომელშიც პოლიციური ძალაუფლება დემოკრატიული კანონიერების დაცვის ფუნქციას ატარებს.

ამას მოჰყვა სიტყვა „პოლიციის“ სულ უფრო გაძევება და მისი სხვა ტერმინებით შეცვლა. ასე ჯანმრთელობის დაცვის პოლიცია, სამშენებლო პოლიცია, უცხოელ მოქალაქეთა მეთვალყურე პოლიცია — დემოკრატიულ სახელმწიფოებში შესაბამისად გადაირქვა ჯანდაცვის, სამშენებლო და უცხოელთა სამინისტროებად ან დეპარტამენტებად.

დასავლეთში თანამედროვე ცნება „სოციალური სახელმწიფო“ იქცა ისეთ მმართველობით ფორმად, რომელმაც ხელისუფლებას მის ძირითად ამოცანად მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვის ასპექტები დაუყენა.

პოლიციური სახელმწიფოს მაგალითები[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი 1922 წელს მისი დაარსებიდან და 1991 წელს მის დაშლამდე იყო ექსტრემალურად რეპრესიული პოლიციური სახელმწიფო. მოქალაქის პირადი და საზოგადო ცხოვრების ფაქტიურად ყველა ასპექტზე წარმოებდა მეთვალყურეობა და კონტროლი. ეკონომიკური, კულტურული, სიტყვის, მოგზაურობის, განათლების და სხვა თავისუფლებები ქაღალდზე არსებობდა და არა რეალობაში. ყოველი მნიშვნელოვანი ქმედებისთვის სახელმწიფო დაწესებულებისგან წერილობითი თანხმობა იყო საჭირო. მოქალაქეებს ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („სუკი“). პოლიტიკურ ოპოზიციონრებს სახელმწიფო რეპრესიები ელოდა: წამება, დახვრეტა, „გულაგში“ დეპორტაცია, ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩამწყდევა და სხვა. ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით სტალინისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდებში სუფევდა. გორბაჩოვმა ქვეყანაში გარკვეულ წილად შეზღუდული, მაგრამ მაინც საგრძნობი კულტურული და პირადული თავისუფლებები დაუშვა.

ნაციონალ-სოციალიზმი[რედაქტირება]

1933 წელს გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტებმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ქვეყანაში ტერორული რეჟიმი დაამყარეს. სისტემატურად სხვადასხვა კანონების შემოღებით ჰიტლერმა ყველა პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩამოიშორა.

ნაციონალ-სოციალიზმის პირველ მსხვერპლად იქცნენ კომუნისტები და სოციალ-დემოკრატები, რომელთა პარტიები აიკრძალა და რომელთა წევრებიც მასობრივად დაპატიმრებულნი იყვნენ. კანონები, რომლებიც ვითომდა „ხალხისა და სახელმწიფოს უშიშროებისთვის“ იქნენ შემოღებულნი, სინამდვილეში მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავდნენ და აქარწყლებდნენ. ასე მაგალითად, ძლიერ შეიზღუდა პრესისა და სიტყვის თავისუფლება. მოქალაქეთა საცხოვრებლების გაჩხრეკვები და კერძო საკუთრების კონფისცირება დაიშვა და ფართოდ ხორციელდებოდა.

ნაცისტების შემდეგი ნაბიჯი იყო საყოველთაო მეთვალყურეობის ძალაში შემოღება. თვალყური ედევნებოდა მთელ ოჯახებსა და კერძო პირებს, რათა მათი ყოველი ქმედება და ისეთი აზრის გამოთქმა, რომელიც ჰიტლერიზმის იდეოლოგიას არ შეესაბამებოდა, სახელმწიფო საიდუმლო პოლიციამდე (გესტაპო) მისულიყო. ამის მიმართებაში შექმნილი იყო სპეცსასამართლოები, რომლებიც პოლიტიკურ დანაშაულებს განიხილავდნენ და რომლებსაც დრაკონული სასჯელები გამოჰქონდათ.

ნაცისტური ხელისუფლების ტოტალური კონტროლის სისტემა იმით უფრო მტიკცდებოდა, რომ მოქალაქეებში ერთმანეთს შორის ეჭვმიტანილობა, ცილისწამება და პოლიციაში დასმენა რეგულარული და საყოველთაო საქმე გახდა. ადამიანს ეშინოდა, რომ მას მეზობლები ან ახლობლები მმართველი პარტიისადმი არალოიალურობაში ცილისწამებლურად დააბეზღებდნენ, ამიტომ იგი თავად მათ თვალყურს ადევნებდა და ასმენდა. ასეთი ურთიერთობები ნათესავებს შორისაც სუფევდა და ბავშვებიც კი საშიშნი იყვნენ. გესტაპოსგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო მისადმი აბსოლუტური ლოიალურობა და მასთან თანამშრომლობა.

ამის გარდა ათასობით ჯაშუში „ნებაყოფლობით“ მუშაობდა გესტაპოსთვის, თითქმის ყველა ოჯახმრავალ სახლში რომელიმე პენსიონერი ან ბავშვი თვალყურს ადევნებდა მაცხოვრებლებს. ნიურნბერგის ნაციონალ-სოციალიზმის მუზეუმში ინახება ათასობით ხელნაკეთი მარკა, რომელსაც მეზობლები და ნებაყოფლობითი ჯაშუშები მაცხოვრებელთა პირად წერილებს აკრავდნენ: „გნახეთ ებრაელის მაღაზიაში, გვიფრთხილდით!“ ან „ებრაელისგან კვერცხებს ნუ ყიდულობთ, გითვალთვალებთ!“ და ა.შ.

არალეგალურ ქმედებაში შემჩნეული პირები ძალიან ჩქარა ქრებოდნენ. ისინი ჯერ ე.წ. „მფარველობით პატიმრობაში“ ამოყოფდნენ თავს, სადაც მათ წამება ელოდა, საბოლოოდ კი რეგულარულად საკონცენტრაციო ბანაკებში იგზავნებოდნენ. დაპატიმრება ძირითადად ღამე წარმოებდა.

გდრ[რედაქტირება]

ბერლინის კედლის დაცემამდე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა პოლიციური სახელმწიფოს კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდა. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (ფართოდ ცნობილი როგორც „შტაზი“) აკონტროლებდა აღმოსავლეთ გერმანიის ყველა საზოგადოებრივ სფეროს. რეგულარულად მომუშავე თანამშრომლების გარდა მასზე არაოფიციალურად და „ნებაყოფლობით“ დაახლოებით 100.000 მოქალაქე მუშაობდა. „შტაზის“ ზოგიერთი განყოფილების ჩამონათვალიდან ჩანს, თუ რომელ სფეროებში ახდენდა სახელწიფო თავის პოლიციურ მეთვალყურეობას:

  • ტელეკომუნიკაციის მეთვალყურეობის განყოფილება (რომელშიც მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენა ხდებოდა)
  • რადიოს უშიშროების უზრუნველყოფის განყოფილება (ცენზურა)
  • ინფორმაციის უშიშროების უზრუნველყოფის განყოფილება (ცენზურა)
  • სპორტული გაერთიანება „დინამოს“ ცენტრალური ბიურო
  • კულტურის, ეკლესიისა და იატაკქვეშეთის განყოფილება
  • კერძო პირთა უშიშროების უზრუნველყოფის განყოფილება
  • სახელმწიფოს ლტოლვილთა და ემიგრაციის განყოფილება (რომელიც გდრ-იდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაქცევის მსურველთა და ორ გერმანულ სახელწიფოზე გახლეჩილ ოჯახთა წევრების ერთმანეთში ურთიერთობას მეთვალყურეობდა).

ჩრდილოეთი კორეა[რედაქტირება]

ჩრდილოეთი კორეა არის კორეის კომუნისტური მუშათა პარტიის მიერ მართული ექსტრემალურად მთრგუნავი პოლიციური სახელმწიფო. მასში ადამიანის უფლელები გლობალურად ილახება. ხელისუფლების კრიტიკა მძიმედ ისჯება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სახელმწიფო აბსოლუტურად აკონტროლებს, არასანქციონირებული შეკრებები აკრძალულია.

ჩრდილოკორეელებისთვის ქვეყნიდან გასვლა დაშვებული არაა. ადამიანის საცხოვრებელი ადგილი შესაბამისი დეპარტამენტების მიერ არის განსაზღვრული.არსებობს მრავალი საპყრობილე და სამუშაო ბანაკი, რომლებშიც სასჯელს ათასობით პოლიტიკური პატიმარი და მორწმუნე ადამიანი იხდის. ფეხმძიმე ქალებიც კი მძიმე სამუშაოებს ასრულებენ. პატიმრებზე დაშვებულია მოხელეთა თვითმართებული თრგუნვა. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სასჯელის მოსახდელ დაწესებულებებსა და ბანაკებში ადამიანებს აწამებენ, აშიმშილებენ და სიკვდილითაც სჯიან.

სიკვდილით დასჯა ჩრდილოეთ კორეაში ხშირად საჯაროდ ხდება. დასავლეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციების 2005 წლის მონაცემებით 200.000 ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, რომელთაგან ავადმყოფობებისა და ფიზიკური სასჯელებისგან წელიწადში 10-იდან 20%-მდე იღუპება.

არსებობს აგრეთვე ტყვეობას თავდაღწეული პირების მოწმობა, რომლის თანახმად ბანაკებსა და ციხეებში ადამიანებზე საწამლავ გაზებითა და ვირუსებით ექსპერიმენტალური კვლევები მიმდინარეობს.

რელიგიური აღმსარებლობა ჩრდილოეთ კორეაში დღემდე კანონით სასტიკად აკრძალულია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა[რედაქტირება]

ჩინეთს მართავს ავტორიტალური და ძლიერ რეპრესიული ჩინეთის კომუნისტური პარტია. კონსტიტუციის მიხედვით ყველა სხვა პარტია აკრძალულია. უზენაეს სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს ნაციონალური სახალხო კონგრესი ანუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტი. კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებების შესაბამისად იგი ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, სახელმწიფო საბჭოს (ჩინეთის ხელისუფლებრივ ორგანოს), სახალხო სასამართლოს, ცენტრალურ სამხედრო კომისიას და უზენაეს პროკურატურას. პრაქტიკულად ყველა ორგანო კომუნისტური პარტიის ფუნქციონრებისგან შედგება. პოლიტიკური ოპოზიცია მკაცრად ისჯება, პროფკავშირის შექმა აკრძალულია, პრესისა და სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. მილიონობით დისიდენტი გამომწყვდეულია საკონცენტრაციო ბანაკებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში.

მკაცრ ცენზურას ექვემდებარება ასევე ინტერნეტი. მასში მიმდინარე დისკუსიები ფორუმებზე და ჩეთებში კონტროლდება. ეჭვმიტანილი არასასურველი პირები ძალიან ჩქარა საზოგადოებისგან იზოლირებული ხდებიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]