მაკეობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკეობა — დედალი ცხოველის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როდესაც მის ორგანიზმში (საშვილოსნოში) ნაყოფი ვითარდება. ნამდვილი მაკეობა მხოლოდ ძუძუმწოვრებს ახასიათებს, თუმცა ზოგჯერ სხვა ცხოველების (თევზები, ქვეწარმავლები და სხვები) კვერცხსავალში კვერცხის განვითარების შემთხვევასაც მაკეობას უწოდებენ.

მაკეობა იმპლანტაციით იწყება. ჩანასახს უვითარდება საჩანასახე გარსი, რომელიც უკავშირდება საშვილოსნოს კედელს და მასთან ერთად წარმოქმნის პლაცენტას, რაც უზრუნველყოფს კავშირს ნაყოფსა და დედის ორგანიზმს შორის. მაკეობის დროს დედის ორგანიზმში ხდება უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური ცვლილებები, განპირობებული უმთავრესად ენდოკრინული სისტემის (ყვითელი სხეულის, აგრეთვე საკვერცხის ფოლიკულების ჰორმონების, გვიანი მაკეობის დროს კი პლაცენტის ჰორმონების) მოქმედებით. გარეგნულად ეს ცვლილებები გამოიხატება მძუნაობის შეწყვეტით, ცხოველის გასუქებით მაკეობის დასწყისში, შემდეგ კი (ნაყოფის ინტენსიური ზრდისა და საკვებისადმი მისი მოთხოვნილების ძლიერი გაზრდის გამო) შესამჩნევი გახდომით. არსებობენ მრავალნაყოფიანი და ერთნაყოფიანი ფორმები; მაგ. მტაცებლებს საშვილოსნოში ერთდროულად უვითარდება 2-20 ნაყოფი, მღრღნელებს 2-10 (და მეტი), ჩლიქოსნებს 1-5, ხელფრთიანებს 1-2, ხორთუმიანებს 1, მაიმუნებს 1, ვეშაპებს 1. ზოგჯერ ერთნაყოფიან ფორმებსაც უჩნდება 2 და მეტი ნაყოფი (ტყუპები). განსხვავებული და სპეციფიკურის მაკეობის ხანგრძლივობაც: 2-3 კვირიდან 1-1,5 წლამდე, იშვიათად კი (სპილო) — უფრო მეტიც. როგორც წესი, მრავალნაყოფიანი ფორმების მაკეობა უფრო ხანმოკლეა; ზოგჯერ მაკეობის ხანგრძლივობა განსხვავდება სეზონისა (ზაფხულისა უფროხანმოკლეა) და ნაყოფის სქესის მიხედვითაც (მდედრობითისა უფრო ხანმოკლეა). ზოგჯერ ჩანასახის განვითარება ადრეულ სტადიებზე ყოვნდება (დიაპაუზა), რის გამოც მაკეობა ხანგრძლივდება (კვერნა, მაჩვი და მისთანები). ნაყოფის რაოდენობა, მაკეობის ხანგრძლივობას და შობისას მათი მომწიფებულობის დონეს განსაზღვრავს უმთავრესად ის პირობები, რომელშიაც მათ შობის შემდეგ უხდებათ არსებობა: როგორც წესი, მრავალნაყოფიანობა და ხანმოკლე მაკეობა ახასიათებს ცხოველებს, რომლებიც უსუსურ ნაშიერებს მტრისაგან დამალულად სოროში ან ბუნაგში ზრდიან (მაგ., მტაცებლების, მღრღნელების უმრავლესობა და სხვა); ერთნაყოფიანობა და ხანგრძლივი მაკეობა — ისეთ ცხოველებს, რომელთა ნაშიერებმა დაბადებისთანავე უნდა სდიონ დედებს (მაგ., გაშლილი უტყეო ადგილების ბინადარი ჩლიქოსნები) და სხვა.

მაკეობის ხანგრძლივობა[რედაქტირება]

მაკეობის ხანგრძლივობა
ცხოველის სახეობა დღე-ღამე
თაგვი 20-მდე
ბოცვერი 29-33
კურდღელი, მელა, ყარსაღი 51-მდე
კატა 56-67
ძაღლი 58–66
მგელი 62-64
ფოცხვერი 72-მდე
თახვი 105-107
ლომი 103-110
შინაური ღორი და ტახი 124-137
ცხვარი და თხა 145-157
ვეფხვი 154-მდე
მურა დათვი 210-მდე
კეთილშობილი ირემი 229-239
კვერნა 240-270
სიასამური 270-მდე
ძროხა 270-300
კამეჩი 315-მდე
ცხენი 320-355
მაჩვი 357-მდე
ვირი 348-377
აქლემი 397-მდე
ჟირაფი 446-მდე
სპილო 660-მდე

ლიტერატურა[რედაქტირება]